შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი გაიხსნა. დენდროლოგიური პარკი, თავისი მასშტაბით, მცენარეთა უნიკალური და მრავალფეროვანი კოლექციით, ბიომრავალფეროვნების შემეცნებისთვის საუკეთესო გარემო პირობებითა და ორიგინალური განაშენიანებით, სრულიად გამორჩეულია არა მხოლოდ შავიზღვისპირეთში, არამედ მთელ რეგიონში.
60 ჰექტარზე გაშენებული ბაღი, ადგილობრივი და მსოფლიო ეგზოტიკური ფლორის ათასობით სახეობას აერთიანებს. შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში, 18 ჰექტარზე გაშენდა ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან გადმორგული 29 უნიკალური სახეობის 200-ზე მეტი გიგანტური ხე. 42 ჰექტარზე კი, მსოფლიოს ხუთივე კონტინენტიდან, წლების განმავლობაში შემოტანილი სხვადასხვა ეგზოტიკური სახეობის ათასობით ხე-მცენარეა წარმოდგენილი.
მცენარეთა უნიკალურ კოლექციასთან ერთად, პარკის ტერიტორიაზე მსოფლიოს ყველა კონტინენტის 58 სახეობის ფრინველი ბინადრობს, რომელთა უმეტესობა წითელ ნუსხაშია შეტანილი. დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე ასწლოვან მცენარეებთან ერთად გაშენებულია ბამბუკების კორომი. დამთვალიერებლისთვის დაუვიწყარი სანახაობაა ეგზოტიკური ფრინველებით დასახლებული ტბა.