2020 წლის დასაწყისიდან უძრავი ქონების ქირის ინდექსი აშშ დოლარში 18%-ით შემცირდა, მაშინ როცა ფასების ინდექსი აშშ დოლარში შედარებით სტაბილურია და წლის დასაწყისიდან მხოლოდ 6%-ით ნაკლებია. ინფორმაცია Galt & Taggart-ის 2020 წლის მე-3 კვარტლის უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვაშია აღნიშნული.
მიმოხილვის მიხედვით, ქირების შემცირება შესაძლოა ტურიზმის შეჩერებას და სტუდენტების მხრიდან შემცირებულ მოთხოვნას უკავშირდებოდეს, რაც უნივერსიტეტებში ონლაინ სწავლების შედეგია. თუმცა Galt & Taggart-ის მოლოდინით, ქირის უკუგება თანდათან გაიზრდება ტურისტების დაბრუნების და ეკონომიკის აღდგენის კვალდაკვალ. ამ ეტაპზე კი 2020 წლის მე-3 კვარტალში ქირის უკუგება 7.7%-მდე შემცირდა, მაშინ როცა წინა წლის შესაბამის პერიოდში იგივე მაჩვენებელი 8.9% იყო.
„ჩვენი მოლოდინით, 2020 წლის მე-4 კვარტალში უძრავი ქონების გაყიდვები ზომიერად გაიზრდება, სექტემბერში მაღალი ზრდის შემდეგ, რადგან Covid-19-ის მზარდმა შემთხვევებმა და ლარის გაუფასურებამ შესაძლოა, მყიდველების გადაწყვეტილებაზე იმოქმედოს.
2020 წლის მარტის შემდეგ Area.ge-ზე განმცხადებლების, დაახლოებით, 7%-მა (3.294 განცხადება) საფასო პოლიტიკა შეცვალა, რომელთაგან ძირითადად ბინის გამქირავებლები იყვნენ. 2020 წლის სექტემბერში Area.ge-ზე განთავსებული განცხადებების საშუალო კვ.მ. ქირა 6.8 აშშ დოლარამდე შემცირდა (2020 წლის თებერვალში - 10.6 აშშ დოლარი). 2020 წლის მარტსა და აპრილში შემცირების შემდეგ, 2020 წლის მაისიდან ბინის გაყიდვის და გაქირავების ახალი განცხადებები კვლავ იზრდება. სავარაუდოდ გამქირავებლებმა ფასების შემცირება ახალ რეალობასთან მორგების მიზნით დაიწყეს“, - ნათქვამია Galt & Taggart-ის მიმოხილვაში.