კორონავირუსის პანდემიის გამო ჰოსტელების ქსელ „შავი პომიდორის“ თბილისის ფილიალი დაიხურა.
ჰოსტელის დამფუძნებლები მის გახსნას ამ ეტაპზე აღარ აპირებენ. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ „შავი პომიდორის“ თანადამფუძნებელმა, ელენე ზამთარაძემ განმარტა, ეს მისი მცირე ბიზნესისთვის დიდი ზარალია.
„ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, სამწუხაროდ, თბილისის ჰოსტელი დავხურეთ. ვფიქრობთ, რომ მას არც გავხსნით. ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღეთ, რომ ორი ობიექტის შენარჩუნება გაგვიჭირდებოდა. გარდა ამისა, ქუთაისს შიდა ტურიზმის უფრო მეტი პოტენციალი აქვს. ბოლო პერიოდის განმავლობაში თბილისში ვითარება ძალიან შეიცვალა. მოიმატა კონკურენციამ, შესაბამისად ფასი დავარდა. ამ ყველაფრის გამო მოგვიწია დახურვა. სხვა გზა უბრალოდ აღარ იყო. ეს ჩვენთვის საკმაოდ დიდი ზარალია“,- აღნიშნა ელენე ზამთარაძემ.
წყარო: ბიზნესპარტნიორი