შავბნელი ბიზნესის მამები – ვინ არიან ქართული ონლაინ კაზინოების მფლობელები

შავბნელი ბიზნესის მამები – ვინ არიან ქართული ონლაინ კაზინოების მფლობელები

access_time2019-09-24 19:00:22

აზარტული თამაშები საქართველოსთვის მოუგვარებელ პრობლემად იქცა. პრობლემა იმდენად საგანგაშოა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში პირდაპირ იყო მითითებული, რომ საქართველოში სათამაშო ინდუსტრიის ზრდა შემაშფოთებელია.


ქართული სათამაშო ბიზნესი იმდენადაა მიშვებული თავის ნებაზე, რომ იგი არაერთხელ მოხვედრილა საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღების არეალში. ამას მოწმობს ფულის გათეთრებასთან ბრძოლის ფინანსური მეთოდების შემუშავების ჯგუფის (FATF) და ევროსაბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (MONEYVAL) რეკომენდაციები, რომლებიც ინტერნეტ სათამაშო სივრცეში ფიზიკური პირის რეგისტრაციის პროცესის დახვეწას ითვალისწინებს.


ისედაც მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა მთლიანად ჩაიძირა აზარტულ თამაშებში. ქვეყნის მოქალაქეები სულ უფრო მეტ თანხებს აგებენ აზარტულ თამაშებში და 2018 წელს აზარტული თამაშების ბრუნვამ შესაძლოა 10 მილიარდ ლარსაც კი მიაღწიოს, სამწუხაროდ ზუსტი მონაცემები ჯერჯერობით არ გვაქვს.


თუმცა, არსებული ვითარების სიმძიმეს ის მონაცემებიც ცხადყობს რაც გვაქვს – ოფიციალური სტატისტიკით ირკვევა, რომ საქართველოში სათამაშო ბიზნესის ბრუნვა უფრო მაღალია, ვიდრე თუნდაც სუპერმარკეტებისა და სასურსათო მაღაზიების ერთად აღებული. მეტიც, აზარტულ თამაშებში საქართველოში უფრო მეტს ხარჯავენ, ვიდრე საწვავში ან რესტორნებსა და სხვა კვების ობიექტებში. მაგალითად, 2017 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 5,650 მლრდ ლარი შეადგინა, რაც საცალო ვაჭრობის არასპეციალიზებული მაღაზიების ბრუნვასთან შედარებით თითქმის 1,6 მლრდ ლარით მეტია.


სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2017 წელს საცალო ვაჭრობის არასპეციალიზებული მაღაზიების ბრუნვამ (სუპერმარკეტები, უბნის მაღაზიები და სხვ.) 4,094 მლრდ ლარი შეადგინა. თვალსაჩინოებისთვის, საწვავის ბაზრის ბრუნვის მოცულობა შარშან 2,343 მლრდ ლარი იყო, რესტორნებისა და სასტუმროების მთლიან ბრუნვას კი სათამაშო ბიზნესის ბრუნვა თითქმის 4,1 მლრდ ლარით აღემატება.


ციფრები ნამდვილად საგანგაშოა და ამას თუ დავუმატებთ იმასაც, რომ 5.6 მილიარდიანი შემოსავლის ფონზე ამ ბიზნესს მხოლოდ 332 მილიონი ლარი აქვს გადახდილი ბიუჯეტში მივხვდებით, რომ სათამაშო ბიზნესი ქვეყნის მთავარი პრობლემაა დღესდღეობით. თუმცა, ხელისუფლებაში დღემდე ვერავინ გამოჩნდა ისეთი, ვინც ამ პრობლემას მოაგვარებდა და რეალურად აამოქმედებდა რეგულაციებს აზარტული თამაშების წინააღმდეგ. იმ რეგულაციებს, რომლის აუცილებლობაზეც თავად ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან საუბარი მუდმივად მიმდინარეობს, რეგულაციებს, რომლის შესახებაც მომზადებული კანონპროექტი რამდენიმე წელია პარლამენტია გაჭედილი და ყველაზე მარტივი – რეკლამის შესახებ კანონიც კი ჩავარდა.


სათამაშო ბიზნესის რეგულაციებზე როდესაც ვსაუბრობთ, განსაკუთრებით აღსანიშნავია ონლაინ აზარტული თამაშები, რომელშიც დღესდღეობით დაახლოებით 700 000 ადამიანია ჩათრეული, მათ შორის არასრულწლოვნებიც. მათი რეკლამა ფაქტობრივად ყველგან გვხვდება და ადამიანები უკვე არამარტო თანხებს, არამედ ცხოვრებას აგებენ ონლაინ.


გამომდინარე ყოველივე ზემოაღნიშნულიდან, “ბანკები და ფინანსებმა” მოიძია ინფორმაცია თუ ვინ ფლობს დღეს ქვეყანაში ონლაინ კაზინოებს. პირველ ეტაპზე ჩვენ გთავაზობთ მხოლოდ ონლაინ კაზინოების მფლობელების ჩამონათვალს, სადაც შეხვდებით არაერთ ცნობილ და გავლენიან ბიზნესმენს, პარლამენტის დეპუტატის ოჯახის წევრს და სხვა პირებს, თუმცა ბუნებრივია სრული სურათის დასანახად ესეც არ არის საკმარისი, ვინაიდან ამა თუ იმ კომპანიის საკონტროლო პაკეტს უმეტეს შემთხვევაში ოფშორულ ქვეყანაში რეგისტრირებული კომპანიები ფლობენ. შესაბამისად, გაღარიბებული მოსახლეობისგან ამოღებული თანხებიც ხშირ შემთხვევაში სწორედ ამ ოფშორულ ქვეყნებში და შესაბამისად რამდენიმე ადამიანის ჯიბეში ხვდება.


აჭარაბეთი

“აჭარაბეთი” ქართული ონლაინ კაზინოების ლიდერი კომპანიაა და იგი ბაზრის, დაახლოებით, 40%–ს ფლობს, გარდა ამისა მას აქვს საკუთარი წარმომადგენლობა სომხეთში, სადაც ბაზრის 10% უკავია. 2019 წელს “აჭარაბეთის” 52%–იანი წილი და შესაბამისად საკონტროლო პაკეტი ქართველმა ბიზნესმენმა თემურ უგულავამ ირლანდიურ კომპანიას Paddy Power Betfair–ს 115.4 მილიონ ევროდ მიჰყიდა. გარდა ამისა, ირლანდიური კომპანია დარჩენილ 49% სამი წლის განმავლობაში გამოისყიდის და შესაბამისად, მთლიანი გარიგების ღირებულებაც 225 მილიონი ევრო იქნება.


Adjarabet.com-ზე ტოტალიზატორს სისტემურ ელექტრონული ფორმით აწყობს შპს “კოსმოსი”, ხოლო ვებგვერდზე არსებულ სხვა თამაშობებს შპს “ავიატორ–ი”.



თუკი ბიზნეს რეესტრის მონაცემებით ორივე კომპანიის დირექტორი არჩილ კახაძეა. თუმცა, სანამ მათი მფლობელების გასარკვევად საკმაოდ რთული გზის გავლაა საჭირო. რეესტრის მიხედვით შპს “კოსმოსის” მფლობელია შპს “ატლასი”, თავის მხრივ შპს “ატლას–ს” კიდევ ორი შპს ფლობს – “სიტი ლოფტი” და “ატლას ჰოლდინგსი”, აი მათ მონაცემებს თუ ჩავხედავთ მერე უკვე შევძლებთ რეალური სურათის დანახვას.
შპს “სიტი ლოფტი–ს” 100%–იან წილს ფლობს თეიმურაზ უგულავა, ხოლო მისი დირექტორია ვალერი ჩეხერია. ხოლო, შპს “ატლას ჰოლდინგსის” მფლობელია ირლანდიური კომპანია TSE Holding Limited, რომელსაც ორი ირლანდიის მოქალაქე ჰყავს დირექტორად – დანიელ მარკ ტეილორი და ედვარდ მარტინ ტრეინორი.
იგივე რეალობაა შპს “ავიატორის” შემთხვევაშიც.


კრისტალბეთი


“კრისტალბეთი” 2019 წლიდან საქართველოს ეროვნული ლიგა და ეროვნული ლიგა 2–ის გენერალური სპონსორი გახდა, კონტრაქტი ორ წლიანია და ამ პერიოდის განმავლობაში “კრისტალბეთი” ეროვნული ლიგის გასაძლიერებლად 2 მილიონ ლარს გადაიხდის. აღსანიშნავია, რომ მსგავს ფაქტი მხოლოდ ინგლისის რანგით მეორე დივიზიონში ანუ “ჩემპიონშიპში” ფიქსირდება, სხვა არც ერთი ქვეყნის ეროვნულ ჩემპიონატს აზარტული კომპანია არ აფინანსებს.


როგორც ჩრყსტალბეტ.ცომ-ზე მითითებულია ონლაინ აზარტული თამაშების ჩატარების უფლებას ფლობს შპს “მარსი”, რომლის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეც ისრაელის მოქალაქე შაი საგევია. განსაკუთრებით საინტერესოა მათი მფლობელების ვინაობა – შპს “მარსში”– 10%–იან წილს ფლობს საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ისკო დასენის შვილი კნიაზ დასენი. 24%–ის მფლობელია ლევან ახვლედიანი, რომელიც გარკვეული პერიოდი მედიაში აზარტული თამაშების ასოციაციის პრეზიდენტის სახელითაც აკეთებდა კომენტარებს, თუმცა ბოლო პერიოდში იგი არსად აღარ გამოჩენილა. ასევე, 5%–იან წილებს ფლობენ კობა გიგლემიანი, ვანო გიგლემიანი, გიორგი ჩხეიძე, ხოლო საკონტროლო პაკეტი და შესაბამისად 51%–იანი წილი ეკუთვნის მალტაში რეგისტრირებულ კომპანია ბვინ ჰოლდინგს.


აღსანიშნავია, რომ ასევე არსებობს შპს “კრისტალბეთი”, რომლის დირექტორია ვალერიან გიორგაძე. მათი მფლობელების კი არიან კნიაზ დასენი 24.1%, ლევან ახვლედიანი 29%, ფლობს კობა გიგლემიანი 18.34%, ვანო გიგლემიანი 11.86%, კობა ურუშაძე 10.6%, გიორგი ჩხეიძე 6.1%.


ლიდერბეთი


საზოგადოებაში საკმაოდ დიდხანს მუსირებდა აზრი, რომ ონლაინ კაზინოებს “ლიდერბეთსა” და “კრისტალბეთს” რეალურად ერთი მფლობელი ჰყავდა. ამის არგუმენტად ის ფაქტიც მოჰყავდათ, რომ აღნიშნულ ვებგვერდებზე მოგებული თანხის გამოტანა შესაძლებელი იყო, როგორც “ლიდრებეთის”, ასევე “კრისტალბეთის” სალაროებიდან. თუმცა, ბოლო პერიოდში ეს რელობა შეიცვალა და, როგორც ჩანს, ეს ორი კაზინოც რეალურად გაემიჯნა ერთმანეთს.


როგორც Liderbet.com-ზეა მითითებული, ონლაინ აზარტული თამაშების ჩატარების უფლებას აღნიშნულ ვებგვერდზე ფლობს შპს “ლიდერ-ბეთ სლოტი”, მისი დირექტორი და ამავდროულად 100%–იანი წილის მფლობელია აკაკი შუბითიძე.


ევროპაბეთი


Europebet.com–ზე ონლაინ აზარტული თამაშების ჩატარების უფლებას ფლობს შპს “ჩემპიონები 111”. აღნიშნული კომპანია 2015 წლამდე ქართველების საკუთრება იყო და კომპანიაში ყველაზე მაღალ 32%–იან წილს სულიკო წულუკიძე ფლობდა, რომელიც ახლა სხვა ყოფილ მფლობელებთან ერთად `ბეთლაივის~ მეწილეა.


აღსანიშნავია, რომ 2015 წელს ქართველმა მფლობელებმა “ევროპაბეთი” შვედურ კომპანია “ბეთსონს” მიყიდეს, გარიგების ღირებულებად 100 მილიონი ევრო დასახელდა. დღემდე სწორედ აღნიშნული შვედური კომპანია Betsson Perch Investment–ია “ევროპაბეთის” მფლობელი, ხოლო “ჩემპიონები 111″–ში დირექტორების პოსტს მაია კოპინაძე და კრისტიან სალიბა იკავებენ.


ბეთლაივი


როგორც აღვნიშნეთ “ბეთლავი” ძირითადად იმ ადამიანების შექმნილია, რომლებიც შვედებისთვის მიყიდვამდე “ევროპაბეთის” მფლობელები იყვნენ, ისინი შპს “აიტი ვენჩარი–ს” მეწილეები არიან, რომელიც თავის მხრივ 40% ფლობს შპს “ბეთლაივში”.


თუმცა, მივყვეთ თანამიმდევრობით – შპს “ბეთლაივის” დირექტორია თეიმურაზ კოპალეიშვილი, კომპანიის 38% ფლობს სულიკო ვარსემაშვილი, 19% დავით ველიჯანაშვილი, 3% თამაზ ხარაოძე, ხოლო 40% ზემოთხსენებულ კომპანია შპს “აიტი ვენჩარის” ეკუთვნის.


თავისმხრივ, “აიტი ვენჩარის” დირექტორია ლაშა კვაჭაძე, კომპანიის მფლობელები კი არიან ‘ევროპაბეთის” ყოფილი მეწილეები სულიკო წულუკიძე 30%, ალექსანდრე წულიკიძე 20%, ალექსი მოდებაძე 20%, ალექსანდრე მელაძე 15% და ლაშა კვაჭაძე 15%.


კროკობეთი

Crocobet.com ონლაინ სივრცეში ბოლო წლების განმავლობაში გამოჩნდა, იგი ბაზრის ერთ–ერთი ყველაზე პატარა მოთამაშეა. მისი მფლობელია შპს “ფულ ჰაუსი”, როგორც საჯარო რეესტრის მონაცემებით ირკვევა კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა თემურ მიქელაძეა, ხოლო დირექტორი გია დუმბაძე.


რაც შეეხება მფლობელებს, შპს “ფულ ჰაუსის” 40%–იან წილს ფლობს თემურ მიქელაძე, 16.67%–ის მფლობელები არიან ავსტრიის მოქალაქე ნორბერტ ფრანც ტეუფელბერგერი და ისრაელის მოქალაქე გიგი ლევაი-ვეის, 16.66% ფლობს ავსტრიის მოქალაქე მანფრედ ბოდნერი, ასევე 2.5% ფლობენ გურამ დოლიძე, ზურაბ ერქომაიშვილი, ბაკურ ხარჩილავა და გიორგი ბარნაბიშვილი.


bfm.ge



თეგები:
კაზინოები



გაქცეული ინვესტორები და კვალიფიციური კადრების დეფიციტი – რა აფერხებს სამშენებლო ბიზნესს?

გაქცეული ინვესტორები და კვალიფიციური კადრების დეფიციტი – რა აფერხებს სამშენებლო ბიზნესს?
access_time2019-11-22 11:26:16
თბილისის სამშენებლო სექტორის აუცილებელი რეფორმის არასასურველი შედეგები, გვერდითი ეფექტები, უკვე სახეზეა და მათზე რეაგირება კომპლექსური მიდგომით, შეიძლება ითქვას, გადაუდებელი ამოცანაა. რეგულაციებში არის ისეთი ახალი ნორმები, რომელთა მყისიერი ამოქმედება არ იყო აუცილებელი. მაგალითად, ერთ–ერთი სამშენებლო კომპანია შეამოწმეს და დააჯარიმეს იმის გამო, რომ მეალმეს არ ჰქონდა სერტიფიკატი. არა, მეალმე ჰყავდა კომპანიას, მაგრამ იმის გამო, რომ მას არ ჰქონდა ახალი რეგულაციების მოთხოვნის...

ლევან კობერიძე არ გამორიცხავს სახელმწიფო გეგმავდეს სსიპ-ს შექმნას, რომელიც დამხმარე სამედიცინო მასალების კონსოლიდირებულად შესყიდვას დაიწყებს

 ლევან კობერიძე არ გამორიცხავს სახელმწიფო  გეგმავდეს  სსიპ-ს შექმნას, რომელიც  დამხმარე  სამედიცინო  მასალების კონსოლიდირებულად შესყიდვას დაიწყებს
access_time2019-11-21 18:00:58
„კლინიკების მოგების მაჩვენებლის გამოქვეყნება სახელმწიფოს მხრიდან შავი პიარის ნაწილია„-ასე ეხმაურება დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე იმ განცხადებას, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2018 წელს კლინიკების მოგება მილიონობით ლარს შეადგენს. ლევან კობერიძე არ გამორიცხავს, რომ  გარკვეულ ჯგუფებს, გააჩნდეს ინტერესი დიდი თანხის შესყიდვებთან  დაკავშირებით და...

27 მლნ ლარის ზარალი ერთ წელიწადში - როგორია „კარფურის“ შემოსავლები

27 მლნ ლარის ზარალი ერთ წელიწადში - როგორია „კარფურის“ შემოსავლები
access_time2019-11-21 17:00:42
ტექნიკის მაღაზიების შემდეგ მომხმარებელს შიდა განვადებას ჰიპერმარკეტების ქსელი Carrefour-იც სთავაზობს.თუმცა, ერთი განსხვავებით - ჰიპერმარკეტის განვადების პერიოდი მხოლოდ 3 თვეს მოიცავს. თანაც, მომხმარებელს პროდუქცია მხოლოდ თანხის დაფარვის შემდეგ გადაეცემა. Carrefour-ის სერვისით „ლეი-ბაი“ სარგებლობა ყველას შეუძლია, ვისაც სურს 200 ლარზე მეტი ღირებულების ნივთის შეძენა. პირველადი შენატანი 20%-დან იწყება. თუმცა შეზღუდულია სარგებლობის პერიოდი და ის მხოლოდ 90 დღით განისაზღვრება,...

ლუქსემბურგი - პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ტრანსპორტი უფასო გახდება

ლუქსემბურგი - პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ტრანსპორტი უფასო გახდება
access_time2019-11-21 20:30:48
ლუქსემბურგი მსოფლიოში პირველი ქვეყანა იქნება, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო გახდება. ახლადარჩეული პრემიერ-მინისტრი ხავიერ ბეტელი და ლუქსემბურგის კოალიციური მთავრობა აცხადებენ, რომ ისინი მატარებლებზე ტრამვაისა და ავტობუსებზე ტარიფებს შემდეგი წლის ზაფხულიდან გააუქმებენ. სამსახურისკენ რამდენიმე საათიანი მგზავრობებისა  და ჰაერის დაბინძურების გათვალიწინებით, მთავრობა იმედოვნებს, რომ ეს ახალი ნაბიჯი საცობების სიმრავლით მსოფლიოში ცნობილ ლუქსემბურგს მეტად...

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ლევან კაკავა წარადგინა

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ლევან კაკავა წარადგინა
access_time2019-11-21 15:15:38
დღეს, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი - ლევან კაკავა წარუდგინა. მისი თქმით, უწყების ახალ ხელმძღვანელს აქვს სისტემაში მუშაობის გამოცდილება, საკმაოდ ძლიერი მენეჯერული თვისებები და არის მაღალი რანგის პროფესიონალი. „პრემიერთან გამართული კონსულტაციების შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი...


მსგავსი სიახლეები

up