„შატო მუხრანის“ XIX საუკუნის ისტორიული სასახლე პანდემიის გამო, 2020 წლის შემოდგომის ნაცვლად, 2021 წლის გაზაფხულზე გაიხსნება.
„შატო მუხრანის“ მარკეტინგისა და ბრენდ-მენეჯერი თეონა ტალახაძე „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ისტორიული სასახლე მნიშვნელოვან ადგილს დაიმკვიდრებს ქართულ სტუმართმასპინძლობაში და სტუმრებს მრავალფეროვან საღონისძიებო სივრცეებსა და უმაღლესი დონის სერვისს შესთავაზებს. მისი თქმით, განახლებული სასახლის გახსნა მიმდინარე წელს იგეგმებოდა, თუმცა პანდემიამ კომპანიის გეგმები შეცვალა და ახალი სივრცე სტუმრებს მომავალი წლის გაზაფხულზე მიიღებს.
„სასახელე ამჯამად რეკონსტრუქციის
პროცესშია, წესით მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა კორონავირუსის
გამო გადაიდო, რადგან მშენებლობა გაჩერებული იყო. ამ ეტაპზე გახსნის თარიღად 2021 წლის
გაზაფხულია აღებული, თუმცა რეკოსტრუქციის დასრულება უკვე წელს იგეგმება. ეს იქნება
სხვადასხვა სახის საღონისძიებო სივრცეები, ასევე რესტორანი და ბოლო სართულზე განთავსებული
ერთი საპრეზიდენტო აპარტამენტი VIP სტუმრებისთვის. ასევე
არის შეხვედრების ოთახები და სხვადასხვა დარბაზები კორპორატიული თუ საქორწილო ღონისძიებებისთვის“, - განმარტა თეონა ტალახაძემ.
აღსანიშნავია, რომ სასახლის განახლებული ინტერიერის დიზაინი საერთაშორისოდ აღიარებულ დიზაინერს ხუან პაბლო მოლინოს ეკუთვნის, რომელიც მსოფლიო მასშტაბით უმაღლესი დონის, საუცხოო პროექტების ავტორია. მისი მთავარი კონცეფცია მოულოდნელობის, ფანტაზიისა და მრავალსაუკუნოვანი ტექნიკის შერწყმას წარმოადგენს, რათა გააცოცხლოს უნიკალური, ისტორიული ატმოსფერო. პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით.
ნინო თამაზაშვილი