“სესხით ბიზნესს ვერ დაიწყებ”-ლევან ყარალაშვილი

“სესხით ბიზნესს ვერ დაიწყებ”-ლევან ყარალაშვილი

access_time2020-03-01 20:00:42

“საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანია” (GRDC) 2003 წლიდან უძრავი ქონების ბაზრის უწყვეტი მოთამაშეა. დაიწყო 25 მილიონი დოლარით და დღეს 80 მილიონ დოლარად არის შეფასებული. კომპანიას ლევან ყარალაშვილი “რბილი ძალით” მართავს.


GRDC-ი ბაზარზე მაშინ გამოჩნდა, როცა საქართველომ გადაწყვიტა, რომ მეტი კორუფციის ატანა აღარ გამოდიოდა. 2003 წელი დიდი ცვლილებებისა და ახალი ტიპის განვითარების მოლოდინით იყო სავსე. საერთო ხედვისა და ბიზნესინტერესების მქონე მეგობრების ჯგუფმა გაამართლა: 25 მილიონი ამერიკული დოლარის საწყისმა კაპიტალმა და გუნდის წევრების გამორჩეულმა ექსპერტიზამ დეველოპმენტში, სამ წელიწადში ისეთი კომპანია ჩამოაყალიბა, რომელმაც, შეიძლება ითქვას, ამ რეკორდულად მოკლე პერიოდში 100 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტირება შეძლო.


თანაც ისეთ პროექტებს ჩაუყარა საფუძველი, რომლებიც უმრავლესობამ ვიცით. მაგალითად, GRDC-ის შექმნილია პირველი A კლასის ოფისი საქართველოში - ე.წ. “მწვანე ოფისის” შენობა; ასევე თანამედროვე ტიპის სავაჭრო ცენტრი - “თბილისი ცენტრალი”. მაშინდელ ბაზარზე ამ ახალი სიტყვის გარდა, GRDC დეველოპმენტის უფრო კლასიკურ მიმართულებასაც არ ივიწყებს და დღესაც, მაგალითად, ახორციელებს 50 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების პროექტს - პრაქტიკულად ნულიდან აშენებს ოთხი სეზონის კურორტს მიტარბი- ბაკურიანში. სამომავლო გეგმები კიდევ უფრო მასშტაბურია, მაგრამ ამაზე ოდნავ მოგვიანებით.


ჯერ მინდა, გაგაცნოთ ადამიანი, რომელსაც დღეს ამ კომპანიაში გენერალური დირექტორის პოზიცია უკავია. ეს ლევან ყარალაშვილია.


დაიბადა და გაიზარდა თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი ფინანსებისა და საბანკო საქმის კუთხით. სხვადასხვა დროს მუშაობდა მსოფლიო ბანკისა და ამერიკის განვითარების სააგენტოს რამდენიმე პროექტში. შემდეგ სწავლა უცხოეთში განაგრძო. MBA-ის ხარისხი სტოკჰოლმის უნივერსიტეტის ბიზნესსკოლაში დაიცვა. თუმცა ამით არ შემოიფარგლა და სპეციალიზებული განათლებისთვის ჯერ ჰარვარდის ბიზნესსკოლის, შემდეგ კი პენსილვანიის უნივერსიტეტის პროგრამები დახურა. ევროპას მოგვიანებით მიუბრუნდა - ლონდონის ეკონომიკის სკოლაში (LSE).


“მე საქართველოში იმ აზრით ჩამოვედი, რომ ეს გამოცდილება და ცოდნა ამ ქვეყანას მართლა სჭირდება”, - ამბობს GRDC-ის გენერალური დირექტორი.


მენეჯმენტის სტილი ჰარვარდიდან წამოიღო. რბილი ძალა ბიზნესში - ეს მიმართულება მისთვის მაშინ საკმაოდ ახალი იყო, თუმცა დღეს უკვე მისი გამოკვეთილი ხელწერა გახდა. “ფაქტობრივად, გუნდი გადაგყავს შენს ტალღაზე, შენს რელსებზე იმით, რომ იზიარებს საერთო მიზანს, საერთო პარამეტრებს, ხედვას და ერთად სახავთ ამის მიღწევის საშუალებებს”, - მიხსნის ლევან ყარალაშვილი და იქვე დასძენს, რომ მართვის ეს სტილი მისმა გუნდმა საკმაოდ ადვილად მიიღო, რადგან “ერთ-ერთი ყველაზე კვალიფიციური გუნდია საქართველოში”; საერთო, გრძელვადიანმა ხედვამ და თანამიმდევრულმა ნაბიჯებმა კი კიდევ უფრო დააჩქარეს კომპანიის წარმატება. “ამან მოგვიყვანა ჩვენ დღემდე”, - ამბობს ჩემი რესპონდენტი.


დღევანდელ დღემდე გზას გამოწვევების გარეშე არ ჩაუვლია. ყველაზე რთულად 2008-2009 წლებს იხსენებს - რუსეთ- საქართველოს ხუთდღიან აგვისტოს ომს და 2009 წლისთვის უკვე სიმწიფის ფაზაში შესული გლობალური ფინანსური კრიზისის ტალღას, რომელიც არც საქართველოს ასცდენია. 2009 წლის ბოლოსთვის საქართველოს ეკონომიკა თითქმის 4%-ით დაეცა. არადა, ომამდე ქვეყანას იმდენად სტაბილური ეკონომიკური ზრდა ჰქონდა, - ყოველწლიურად საშუალოდ დაახლოებით 6% - რომ GRDC-იმ მნიშვნელოვანი ინვესტიციების ახალი ტალღა დაიწყო და “თბილისი ცენტრალის” პროექტს შეეჭიდა. დღეს ლევან ყარალაშვილი ამბობს, რომ ამ პროექტით ყველაზე მეტად ამაყობს. სიმბოლურია, რომ ამ ინტერვიუსაც იმ ოფისში ვწერთ, რომელიც “თბილისი ცენტრალშია” განთავსებული.


GRDC-ის გენერალური დირექტორი მიყვება, რომ ამ პროექტში 2007-2010 წლებში დაახლოებით 30 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. დღეს სავაჭრო ცენტრი 100%-ით დატვირთულია და 1200-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. “ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნესპარამეტრების მქონე კომპანიაა”, - ხაზს უსვამს ლევან ყარალაშვილი და არც აჭარბებს.


“თბილისი ცენტრალის” კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება აჩვენებს, რომ სააქციო საზოგადოებამ 2018 წელს 12 მილიონ ლარზე მეტი საიჯარო შემოსავალი მიიღო და მისი წმინდა მოგება 6 მილიონ ლარამდე იყო. 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია GRDC Holding BV, რომლის 50%-ს ფლობენ ფრანგი, გერმანელი და ჰოლანდიელი ინვესტორები, მათ შორის, ბობ მეიერი, ხოლო 50%-ს - მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და სხვა ქართველი ბიზნესმენები.


“გამოწვევა ძალიან დიდი და რთული იყო”, - იხსენებს ლევან ყარალაშვილი. 2007 წელს დაწყებულმა მშენებლობამ 2008-2009 წლების კრიზისი გამოიარა და 2010 წელს მაინც გაიხსნა: “მუშაობა ფორსმაჟორში მოგვიწია. მოიჯარეებთან კონტრაქტების 70% გაუქმდა. ბიზნესებმა ვეღარ შეძლეს ბიზნესის გაფართოება. შეიქმნა პრობლემები კონტრაქტორებთან, დამფინანსებლებთან. სიტუაციიდან გამოსვლას მთლიანად მთელი გუნდის, პარტნიორებისა და დამფუძნებლების უდიდესი ძალისხმევა დასჭირდა”.


შედეგად, “თბილისი ცენტრალში” განთავსებული ბიზნესების ყოველწლიური ბრუნვა 250 მილიონ ლარს აჭარბებს და სახელმწიფო ბიუჯეტშიც შესაბამისი გადასახადები შედის. GRDC-ის გენერალური დირექტორი მეუბნება, რომ დეველოპმენტის კუთხით საქართველოს პოტენციალი გაცილებით დიდია და მისი სათანადოდ ათვისების შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკაში მაღალი კლასის ოფისებისა და საცალო სავაჭრო სივრცეების მიმართულებას კიდევ უფრო დიდი წვლილის შეტანაც შეუძლია.


მხოლოდ 2020 წლისთვის Cushman and Wakefield Georgia-ს უახლესი პროგნოზების ზედაპირული გადახედვაც საკმარისია, რომ ლევან ყარალაშვილის შეფასების სისწორეში დავრწმუნდეთ: A კლასის ოფისების ნაწილში ვაკანტურობის საპროგნოზო მაჩვენებელი 31%-ია, ხოლო რიტეილის მიმართულებით, თანამედროვე სავაჭრო ცენტრების 447 ათას კვადრატულ მეტრზე მეტი საიჯარო ფართის ათვისება იქნება შესაძლებელი.


რაც შეეხება თავად GRDC-ს, მიმდინარე პორტფოლიოს მიხედვით, კომპანიას 2 მილიონი კვადრატული მეტრის ათვისების პოტენციალი აქვს როგორც საოფისე, ისე საცხოვრებელი, ინდუსტრიული თუ საცალო სავაჭრო სივრცეების მიმართულებით.


კონკრეტულ მაგალითზე უკეთ ჩანს, რამხელა ძვრა იქნებოდა ქვეყნის ეკონომიკისთვის თუნდაც მხოლოდ ამ ერთი კომპანიის პოტენციალის თუნდაც მცირე ნაწილის ათვისება. ძალიან შორსაც რომ არ წავიდეთ, აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიისპირეთის გამოცდილება აჩვენებს, რომ ყოველი ახალი 100 კვადრატული მეტრი საცალო სავაჭრო სივრცე დაახლოებით 5-8 ადამიანს ასაქმებს.


“საქართველოს უწევს კონკურენციის გაწევა სხვა ქვეყნებისთვის, რომ მოიზიდოს ხარისხიანი ინვესტორები, კაპიტალი; რომ ეს ინვესტორები სხვაგან არ წავიდნენ, სხვა ქვეყნების ეკონომიკაში არ შეიტანონ წვლილი. ამიტომ კონკურენტუნარიანობის ამაღლება, რა თქმა უნდა, ძალიან კრიტიკულია და ამას ერთობლივი ძალისხმევა სჭირდება - როგორც სახელმწიფოს, ისე კერძო სექტორის მხრიდან”, - ამბობს GRDC-ის გენერალური დირექტორი და აქაც მართალია.


მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსს თუ შევხედავთ, 2019 წელს საქართველო 141 ქვეყანას შორის 74-ე ადგილზე იყო, მაშინ როცა 2018 წელს 140 ქვეყანას შორის 66-ე ადგილს იკავებდა. რაც მთავარია, საქართველო ამ რეიტინგის არც ერთ კომპონენტში არ არის სახელობითად მოხსენიებული, როგორც ე.წ. Best Practice ანუ სამაგალითო ქვეყანა, მაშინ როცა სხვადასხვა კომპონენტში, სხვადასხვა ქვეყნები ამას ახერხებენ და ამით, ცხადია, კიდევ უფრო მეტ ღირებულებას სძენენ საკუთარ კონკურენტულობას.



GRDC-ის გენერალურ დირექტორს საერთაშორისო რეიტინგების მიმართ უფრო საქმიანი დამოკიდებულება აქვს, ვიდრე ემოციური. აღიარებს, რომ კარგი პოზიციები ამ ინდექსებში საქართველოსთვის ერთგვარ სავიზიტო ბარათად მუშაობს - პირველ ინტერესს უღვიძებს ინვესტორს, თუმცა მხოლოდ ელიტურ რეიტინგებში წამყვანი პოზიციები არის ცალსახად პოზიტიური, მაგრამ არასაკმარისი რეალური ინვესტორებისა და ფინანსური ნაკადების მოზიდვისთვის.


“ერთ მაგალითს მოვიყვან, - მეუბნება ლევან ყარალაშვილი. - ძალიან ვამაყობთ, რომ 24 საათში შეიძლება ბიზნესის დარეგისტრირება, მაგრამ მანდ არის მეორე კითხვა - რა დრო სჭირდება მის დახურვას? ძალიან დიდი. წარმოუდგენელი პროცესია, განსაკუთრებით – უცხოელი ინვესტორებისთვის”.


ოფიციალური სტატისტიკით, რაც უკვე დათვლილია, 2018 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ხუთწლიან მინიმუმზე იყო.


ფაქტია: ქვეყანას აკლდება არა მხოლოდ სამუშაო ადგილები, არამედ ცოდნის ტრანსფერიც, რაც, ქვეყნის კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით, არანაკლებ მნიშვნელოვანია.


“არასტაბილური გარემო, კონკრეტული ბიზნესჯგუფების პოლიტიკური დევნა და ა.შ. - ეს ძალიან ცუდ გავლენას ახდენს ზოგადად ქვეყნის იმიჯზე და სხვა ინვესტორების მზაობაზე, რომ ქვეყანაში კაპიტალი შემოიტანონ”, - ამბობს GRDC-ის გენერალური დირექტორი.


მაგრამ უფრო საინტერესო ამ ანალიზის ის მხარეა, რასაც ჯერ არც ერთი ყდის გმირი არ შეხებია - ეს თვითონ ბიზნესჯგუფების კვალიფიკაციაა, თვითონ კერძო სექტორის უნარია, უცხოელ ინვესტორს მისსავე ენაზე ელაპარაკოს.


აი, რას ამბობს ამასთან მიმართებით ლევან ყარალაშვილი: “საქართველოში ცოტაა ის ბიზნესჯგუფები და ბიზნესმენები, რომლებსაც შესწევთ უნარი, თანაბარ დონეზე ესაუბრონ უცხოელ ინვესტორებს და ბიზნესმენებს და დაარწმუნონ ისინი, რომ საქართველო ინვესტირებისთვის მიმზიდველი ქვეყანაა”.


ბაზარზე უწყვეტად საქმიანობის თითქმის ორი ათეული წელი ლევან ყარალაშვილს ამ კონკურენტულ უპირატესობას ნამდვილად ანიჭებს, რადგან თავად GRDC უკვე იმის ცოცხალი მაგალითია, რომ სირთულეებისა და სხვადასხვა ტიპის რისკების მიუხედავად, სწორი კორპორაციული კულტურისა და ღრმა ექსპერტიზის შემთხვევაში, საქართველოში ფულის დაბანდება მაინც ღირს.


2003 წელს, როცა GRDC პირველ ნაბიჯებს დგამდა, დეველოპმენტის სფეროში ბაზარმა რეალურად არ იცოდა, რა უნდოდა ან რა სჭირდებოდა. “მიმართულებები პრაქტიკულად ჩვენ განვსაზღვრეთ - ეს იყო კომერციული უძრავი ქონებისა და თანამედროვე საოფისე სივრცეების განვითარება”, - იხსენებს ჩემი რესპონდენტი. სამ წელიწადში უკვე ნათლად გამოჩნდა, რომ მიმართულებები სწორად იყო შერჩეული და კომპანიას ყურადღება მიაქციეს უკვე ისეთმა გიგანტებმა, როგორიცაა: EBRD-ი და CitiBank-ი და მილიარდიანმა ფონდებმა - Marbleton Property Fund-მა და Altima Asset Management-მა. რატომ გახდა ეს შესაძლებელი? იმიტომ, რომ GRDC თავიდანვე ქართველ, ფრანგ, ჰოლანდიელ და ბრიტანელ ინვესტორებს აერთიანებდა. “ზუსტად ეს მიქსი და ევროპული გამოცდილება დაგვეხმარა”, - ამბობს ლევან ყარალაშვილი. შედეგად, პირველ სამ წელიწადში, ქვეყნის ეკონომიკამ კომპანიის მხრიდან აქტივების შესყიდვით 15 მილიონი დოლარი, ხოლო ინვესტიციის სახით 100 მილიონი დოლარი მიიღო.


ევროპული ხედვა და ღირებულებები კომპანიას რისკების დაბალანსებაშიც დაეხმარა. როცა GRDC ბაზარზე პირველ ნაბიჯებს დგამდა, საქართველო კორუფციის აღქმის თვალსაზრისით, საერთაშორისო გამჭვირვალობის ინდექსში, 124-ე ადგილს იკავებდა. ამ მოცემულობაში განაცხადი ე.წ. თეთრ ბიზნესსა და გამჭვირვალობაზე საკმაოდ თამამად ჟღერდა. თუმცა, როგორც ლევან ყარალაშვილი ამ გადმოსახედიდან აფასებს, GRDC-იმ ამით თავიდან აიცილა რეპუტაციული რისკები და მოიგო მთავარი - ნდობა. “დღემდე ჩვენი აუდიტორები არიან დიდი ოთხეულის კომპანიები - EY, Delliotte. ყოველთვის ღიად ვთამაშობდით, არასდროს არაფერი დაგვიმალავს”, – ამბობს ლევან ყარალაშვილი.


იმავე პერიოდში საქართველო, მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციით, საშუალოზე დაბალი შემოსავლების ჯგუფში იყო. მთლიანი ეროვნული შემოსავლის ერთ სულზე მაშინდელ განაწილებას თუ შევხედავთ (რაც ყველაზე კარგად ასახავს სიღარიბის დონეს ქვეყანაში), ვნახავთ, რომ ეს რიცხვი 1000 დოლარსაც ვერ აღწევდა (910 ამერიკული დოლარი იყო). ამ კონტექსტის გათვალისწინებით, GRDC-იმ სრულიად გამიზნულად არჩია B2B-ი მიმართულება, რითაც რისკები, ცხადია, მხოლოდ შეარბილა. “საშუალო კლასის გარეშე შეუძლებელი იქნება ნებისმიერი ბიზნესის ნორმალურად განვითარება”, - ამბობს ჩემი რესპონდენტი.


რიცხვები ამ მიმართულებით დღესაც - თითქმის ორი ათწლეულის შემდეგაც - დიდ გამოწვევაზე მიუთითებს. შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი სტატისტიკა ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოში საშუალო კლასი პრაქტიკულად არ არსებობს - არადა, ეს უნდა იყოს მოსახლეობის დაახლოებით 40%, რომელსაც აქვს საშუალო შემოსავალი, რომელიც არ არის მოწყვლადი, არ უნდა სჭირდებოდეს სახელმწიფო სოციალური შემწეობა, უნდა ჰქონდეს გარკვეული დანაზოგი და ხარჯის გაღება მისთვის პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. საქართველოს შემთხვევაში ასეთ ერთიან ჰომოგენურ ჯგუფს ვერ ვხედავთ. ის ნაწილი, საშუალო ფენას რომ უნდა წარმოადგენდეს, უმეტესად თავმოყრილია ისეთი შემოსავლების ჯგუფებში, რომლებიც ახლოს არიან უღარიბეს 20%-თან.


საშემოსავლო ჯგუფების ასეთ განაწილებას, ცხადია, ბაზარზე თავისი გავლენა აქვს.


უარყოფით გავლენას ბოლომდე ვერც GRDC იცილებს, რადგან მისი ქვებიზნესებიც, იქნება ეს სავაჭრო ცენტრი თუ ოფისის მოიჯარეები - საშუალო კლასთან ყველაზე მიახლოებული ჯგუფია, რომლის შემოსავლებიც დღეს, ლარის გაუფასურებისა და მაღალი ინფლაციის პირობებში, კიდევ უფრო მეტად არის შემცირებული. “ეს ყველაფერი არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია”, - ამბობს ლევან ყარალაშვილი.


GRDC-ის გენერალური დირექტორისგანაც პრაქტიკულად იგივე გვესმის, რაც არაერთხელ უთქვამთ ამ ყდის სხვა გმირებსაც: გრძელვადიანი განვითარება და მაღალი ეკონომიკური ზრდა შესაძლებელია მხოლოდ პროგნოზირებად გარემოში, ლარის სტაბილურობისა და გამართული სასამართლო სისტემის პირობებში.


“სასამართლო სისტემა იმდენად სრულად პოლიტიზებული გახდა, რომ საერთოდ აღარავის ახსოვს არანაირი ეკონომიკური დავა, რაც სასამართლოში შეიძლება იყოს”, - ამბობს GRDC-ის გენერალური დირექტორი.


“სასურველია, რომ იმ მოსამართლეების კვალიფიკაცია, რომლებიც ეკონომიკურ საკითხებს განიხილავენ, ბევრად მაღალი იყოს. დღეს ამ კუთხით ექსპერტიზის აშკარა სიმცირეა”, - ამბობს ლევან ყარალაშვილი და მოკლე პაუზის შემდეგ ამატებს: “როცა სასამართლო გეწელება 2-3 წელი, რა უნდა გააკეთო მანდ? ფაქტობრივად ხომ გაჩერებული ხარ?”


კითხვა, ცხადია, რიტორიკულია.


ლევან ყარალაშვილი რომ ნამდვილი მენეჯერი და ბიზნესმენია იქიდანაც ჩანს, რომ პრობლემის იდენტიფიცირებაზე არასდროს ჩერდება და იქვე გამოსავალსაც გთავაზობს. “სტოკჰოლმის, ჟენევის, პარიზის არბიტრაჟის სისტემის დანერგვა საქართველოში ბიზნესებს შორის დავის თემებს საგრძნობლად გაამარტივებდა. ამასთან, კომპანიებს საშუალებას მისცემდა, უფრო მარტივად გამონახონ ერთმანეთთან სასაუბრო ენა და შედეგად, კონკრეტული სადავო საკითხები ბევრად უფრო სწრაფად გადაჭრან”, - ამბობს ჩემი რესპოდენტი.


GRDC-ის გენერალური დირექტორის რეცეპტი მარტივია: სახელმწიფომ უნდა იზრუნოს სტაბილური, გააზრებული, განჭვრეტადი პოლიტიკის გატარებაზე; დანარჩენ გამოწვევებს თავად კერძო სექტორი გაართმევს თავს. “დღეს გუნდური მუშაობაა საჭირო როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის მხარეს, რომ ქვეყანამ და ზოგადად ეკონომიკურმა სივრცემ წინ წამოიწიოს”, - ამბობს ლევან ყარალაშვილი.


გუნდურ მუშაობაში GRDC-ის გენერალური დირექტორი, პირველ რიგში, საჯარო და კერძო სექტორებს შორის აქტიურ და თანამიმდევრულ კომუნიკაციას გულისხმობს - განსაკუთრებით, რეგულირების ნაწილში. მაგალითად, ზოგადი უსაფრთხოების ამაღლების კუთხით, სამშენებლო სტანდარტების გამკაცრებას გარდაუვალ საჭიროებად აფასებს, თუმცა იქვე სვამს კითხვას - რამდენად იყვნენ მზად ამისთვის ქართული კომპანიები, რადგან ამ რეგულაციების დანერგვა ჯამში აძვირებს პროექტს და, შესაბამისად, საბოლოო პროდუქტსაც. “რეგულაცია ბიზნესს გაუფრთხილებლად თავზე არ უნდა დაეცეს. გააზრებულად და ეტაპობრივად უნდა მოხდეს ახალ რეალობაზე გადასვლა და ბიზნესსაც გონივრული ვადა უნდა მიეცეს, რომ რეგულაციებს მოერგოს - ეს ყველაფერი კომუნიკაციის გარეშე, უბრალოდ, არ გამოვა”, - ასეთია მისი შეფასება.


ამ კონტექსტში კიდევ ერთი მაგალითი ჭარბვალიანობა და პასუხისმგებლობიანი დაკრედიტებით გათვალისწინებული რეგულაციებია, რომელთა შერბილებასაც დღემდე აქტიურად მოითხოვს კერძო სექტორი. GRDC-ის გენერალური დირექტორი დარწმუნებულია, რომ სათანადო კომუნიკაციის პირობებში “ყველა ერთ კომპოტში თავიდანვე არ მოხვდებოდა”. ლევან ყარალაშვილის შეფასებით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ ორ უმსხვილეს ბანკს ბევრად უფრო მკაცრი რეპორტინგის პასუხისმგებლობა აქვთ, ვიდრე საქართველოში. როგორც ყოფილი ბანკირი იმასაც ამბობს, რომ ჭარბვალიანობა საერთოდ მოგონილი, ხელოვნური ტერმინი ჰგონია. “600 ათასამდე ადამიანს ჩამოეწერა ვალები - ნახევარზე მეტი, ვალების განულებისთანავე, ისევ სესხის აღებაზე დაიწყებდა ფიქრს და ალბათ უკვე ახალი ვალებიც დაგროვებული აქვთ”, - ამბობს ლევან ყარალაშვილი.


სწორედ ამიტომ, GRDC-ის გენერალური დირექტორი ეკონომიკური და, რაც მთავარია, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების ზრდის შენელების არა შედეგებთან, არამედ მიზეზებთან ბრძოლის და მათი სისტემური გადაჭრის მომხრეა. მთავარ ასეთ მიზეზად ის კაპიტალზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობას ასახელებს.


“სესხით ბიზნესს ვერ დაიწყებ”, - ეს არის ლევან ყარალაშვილის მტკიცე პოზიცია. შესაბამისად, მიაჩნია, რომ დღევანდელი რეალობისგან განსხვავებით, კერძო სექტორი მხოლოდ საბანკო რესურსზე ჩამოკიდებული არ უნდა დარჩეს და ქვეყანაში აუცილებლად უნდა განვითარდეს ისეთი ალტერნატიული ინსტრუმენტები, რომლებიც კაპიტალს უფრო ხელმისაწვდომს გახდის - ასეთად, პირველ რიგში, მოიაზრებს კაპიტალის ბაზარს, საინვესტიციო ფონდებს, ჰეჯ- ფონდებს და ა.შ. აქაც საჯარო და კერძო სექტორების თანამიმდევრული და შეთანხმებული მუშაობის მომხრეა. “ალტერნატიული ინსტრუმენტების განვითარება საჭიროა. ამაზე ერთად უნდა იმუშაოს ხელისუფლებამაც, რომ შექმნას შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა და ბიზნესმაც, რომ მოიზიდოს ამ ტიპის ექსპერტიზა და გამოცდილება, რაც დღეს ძალიან დეფიციტურია”, - ამბობს GRDC-ის გენერალური დირექტორი.


ეს უშველიდა ლარსაც. ლარის სტაბილურობა კი პირდაპირ კავშირშია ქვეყნის კონკურენტუნარიანობასთან და განსაკუთრებით - პროგნოზირებად ბიზნესგარემოსთან, რის გარეშეც გრძელვადიანი ინვესტიციების ქვეყანაში მოზიდვა შეუძლებელი ხდება.

ამის თვალსაჩინო ილუსტრაცია ISET-მა შემოგვთავაზა. 2019 წლის გაანალიზების საფუძველზე ირკვევა, რომ ბიზნესის (და მომხმარებელთა) განწყობები ლარის კურსის შესაბამისად იცვლება: ეროვნული ვალუტის გამყარების ტენდენციას ბიზნესსენტიმენტის გაუმჯობესება მოჰყვება.

2019 წელს GRDC-ის გენერალური დირექტორი ქამრების შემოჭერის წელს უწოდებს. იმის გათვალისწინებითაც, რომ დეველოპმენტი უფრო ციკლური ბიზნესია და ამ ბიზნესისთვის მუდმივი ზრდა დამახასიათებელი ისედაც არ არის, ლევან ყარალაშვილი ამბობს, რომ “დღეს კომპანია და ზოგადად ინდუსტრია ეკონომიკური ციკლის დაღმავალ სტადიაზეა. ამას ემატება მოლოდინები პოლიტიკურად ტურბულენტურ 2020 წელთან დაკავშირებით, ამიტომაც რეალურ აღმასვლაზე და ზრდაზე გათვლა 2021წლიდან გვექნება”.

როგორც ვხვდები, 2020 წელი იქნება სწორედ მზადება ახალი ნახტომისთვის. თუ ყველაფერი ისე გამოვიდა, როგორც GRDC-ის გუნდი გეგმავს, მაშინ საქართველოში შეიძლება IKEA-ც შემოვიდეს. სწორედ ამ გიგანტთან მიდის დღეს აქტიური მოლაპარაკება იმისთვის, რომ ყოფილი ბავშვთა სამყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრის ტიპის პროექტი დაიქოქოს. “მაგრამ ამას სჭირდება, ისევ ხაზს გავუსვამ, ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობა”, - ამბობს ამ გუნდის ხელმძღვანელი.

2020 წელს დასაწყები კიდევ ერთი პროექტი ლოჯისტიკის, წარმოების ცენტრების შექმნას უკავშირდება. გეგმის მიხედვით, ნატახტრის ინდუსტრიული პარკის მშენებლობა დაახლოებით 20 ჰექტარ ტერიტორიაზე კოკა- კოლას ქარხნის მიმდებარედ უნდა დაიწყოს.


GRDC საკუთარი კომფორტის ზონის გაფართოებასაც არ გაურბის და ისეთ პროექტსაც ჰკიდებს ხელს, რომელიც უშუალოდ მის სპეციფიკას სცდება, თუმცა სრულიად ახალი სტანდარტის დამკვიდრებას შეეცდება. ეს ამერიკული ჰოსპიტალის პროექტია საქართველოში, რომელიც სულ 50 მილიონი ამერიკული დოლარი ჯდება და აქედან, როგორც ჩემი რესპოდენტი მეუბნება, 40 მილიონი უკვე მოზიდულია. “ჯანდაცვის სექტორს სჭირდება თვისებრივად ახალი სამაგალითო ორგანიზაციის შექმნა”, - ამბობს GRDC-ის გენერალური დირექტორი.


ეს კომპანია, რომლის აქციონერთა სიაში დღეს 100-მდე ფრანგი, ჰოლანდიელი და ბრიტანელი ინვესტორია უზარმაზარ კაპიტალზე წვდომით, ნამდვილად შედის იმ ერთეული ბიზნესჯგუფების რიგში, რომელთაც ერთდროულად აქვთ ადამიანური და ფინანსური რესურსიც, მსგავსი მასშტაბური პროექტები დაასრულონ და ადგილობრივ ბაზარს ყველაზე ცნობილი, გიგანტი მოთამაშეები გააცნონ.


“GRDC-ს ყოველთვის სჯეროდა საქართველოს მომავლის”, - ამბობს ლევან ყარალაშვილი. ჩვენ ამ კომპანიის ახალ ნახტომს დაველოდებით.


forbes.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up