არაადეკვატური კომენტარები, რომ თურმე სენატში ოპოზიციის ქმედებები დაგმეს, არის უბრალოდ ალტერნატიული რეალობის წარმოჩენის მცდელობა, რადგან არაფერ მსგავსზე საუბარი არ ყოფილა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ აშშ-ის სენატში საქართველოს საკითხზე გამართულ მოსმენასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, სენატორებმა ძალიან ღიად ისაუბრეს ქვეყანაში არსებულ ყველა პრობლემაზე, მათ შორის სასამართლოსა და პროკურატურაში არსებულ მდგომარეობასა და ოლიგარქიულ მმართველობაზე.
„გუშინ სენატში ძალიან საინტერესო განხილვა იყო, რომელშიც მონაწილეობდნენ ჩვენი მეგობრები როგორც სახელმწიფო დეპარტამენტიდან, ისე სენატიდან. პრაქტიკულად, მათ ძალიან ღიად ისაუბრეს ქვეყანაში არსებულ ყველა პრობლემაზე. ისაუბრეს იმაზე, როგორი პრობლემატურია დღეს მდგომარეობა ქვეყნის სასამართლოში, პროკურატურაში, ნახსენები იყო ოლიგარქიული მმართველობა. ხაზგასმული იყო, რომ საქართველო მიდის არასწორი მიმართულებით და ახლა არის გადამწყვეტი მომენტი, როდესაც შეთანხმებამ ეს არასწორი კურსი უნდა შეცვალოს. საბოლოოდ, გადაწყდა, რომ ამ თემებზე მიღებული იქნას რეზოლუცია. ეს არის ძალიან საყურადღებო საკითხი ხელისუფლებისთვის.
ის სრულიად არაადეკვატური და არარელევანტური კომენტარები, რომლებიც ჩვენ მოვისმინეთ, რომ თურმე იქ ოპოზიციის ქმედებები დაგმეს, არის უბრალოდ ალტერნატიული რეალობის წარმოჩენის მცდელობა, რადგან არაფერ მსგავსზე საუბარი არ ყოფილა. როდესაც ჩვენი პარტნიორები საუბრობენ პარლამენტში შესვლის მნიშვნელობაზე, ჩვენთვის ეს გზავნილი მისაღებია, ოღონდ მთავარია, ის მიზეზები აღმოიფხვრას, რის გამოც ხდება პარლამენტის ბოიკოტი“, – განაცხადა კაპანაძემ.
1tv.ge