რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დღეს მედიისთვის გამართულ ვიდეოკონფერენციაზე ჩინეთისთვის კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით წაყენებულ ბრალდებებს გამოეხმაურა..
„ჩვენი ჩინელი მეგობრები, რომელთაც გადალახეს ეპიდემიის პიკი თავიანთ ქვეყანაში, რომლებიც ეკონომიკას ნორმალურ რეჟიმში აბრუნებენ, საკუთარ თავში არ იკეტებიან. ისინი ყველანაირად ცდილობენ დაეხმარონ სხვა ქვეყნებს, რომ გაუზიარონ თავისი გამოცდილება, რომელიც გამოიმუშავეს ამ ბოროტებასთან ბრძოლის დროს“,- განაცხადა ლავროვმა.
ლავროვი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ჩინეთმა ევროპას კორონავირუსისგან მიყენებული ზარალის გამო 3 ტრილიონ 700 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს.
„როცა გვესმის იმის განხილვა, რომ ჩინეთი ვალდებულია ყველას გადაუხადოს კომპენსაცია იმის გამო, რომ ეს ინფექცია გაჩნდა და თითქოსდა ვიღაცამ ვიღაცას დროულად არ მიაწოდა ინფორმაცია, ეს ყველა ზღვარს სცილდება. რომ ვიღაც ლონდონში თვლის, რომ ჩინეთმა უნდა გადაუხადოს 3 ტრილიონ 700 მილიარდი დოლარი ან ევრო ევროკავშირს იმ ზარალისთვის, რაც მას ამ პანდემიისგან მიადგა ასევე გამოითქვა მოსაზრება, რომ სხვა ქვეყნებში ჩინეთის უძრავი ქონება უნდა დააპატიმრონ. თმები ყალყზე მიდგება, როცა ასეთი რაღაცები მესმის“,- აღნიშნა ლავროვმა.
ბოლო 24 საათში ჩინეთში COVID-19-ის 89 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 79 რუსეთიდან არის იმპორტირებული. ამის შესახებ BBC წერს.
ოფიციალური სტატისტიკით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ჩინეთში COVID-19-ის 82 249 შემთხვევაა დადასტურდა. ვირუსს 3 341 ადამიანი ემსხვერპლა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge