ხის ჩანთებისა და ტყავის აქსესუარების ქართული კომპანია „ბიბირუ“ ბრენდის „ირულის“ სახელით საქმიანი ქალბატონებისთვის წარმოებას იწყებს. საუბარია, ქალის სამოსის 12 მოდელზე. როგორც „კომერსანტთან“ კომპანიის დამფუძნებელმა კრისტინე პახომოვამ აღნიშნა, ტანსაცმელი განკუთვნილი საშუალო ფენის წარმომადგენლებისთვისაც იქნება.
„როგორც მსოფლიოში ასევე საქართველოში არსებობს ბრენდები, რომლებიც მსგავს პროდუქციას აწარმოებენ, თუმცა, ძვირადღირებულია და საშუალო ფენის მომხმარებელს უჭირს შეძენა. ჩვენი მიზანი არის ის, რომ ხელმისაწვდომი იყოს საშუალო ფენის წარმომადგენლებისთვისაც, ხარისხიც მაღალია. ფასი კი ხელმისაწვდომი“-აღნიშნავს პახომოვა.
მისი განცხადებით, საწყის ეტაპზე ტანსაცმელი ონლაინ გაიყიდება, თუმცა, სამომავლოდ დაგეგმილია მაღაზიებთან თანამშრომლობაც.იგეგმება ქართული პროდუქციის რეალიზება პლატფორმა Cartool-ის და amazon-ის საშუალებითაც.
„პირველივე ეტაპიდან წარმოდგენილები ვიქნებით cartool- ზე, ეს არის პლატფორმა, რომელიც ამერიკის ბაზარზე პროდუქტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ყიდის. საქართველო აქ ცოტა ხნის წინ ჩაერთო. ჩვენს პროდუქციას სამომავლოდ amazon-ზეც გავყიდით .“-აღნიშნავს პახომოვა.
„ბიბირუს“ ახალი სტარტაპის ინვესტიცია 15 000 ლარამდეა, ხის ჩანთების შემთხვევაში ინვესტიცია მხოლოდ 2 000 ლარი იყო.
თაკო კვაჭანტირაძე