საერთაშორისო რეზერვების მოცულობა აგვისტოში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით $185 მლნ-ით, ხოლო ივლისთან შედარებით $244 მლნ-ით $4.117 მლრდ-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
რეზერვების ნახევარზე მეტი - $2.419 მლრდ ფასიანი ქაღალდების სახითაა წარმოდგენილი, $1.208 მლრდ ნაღდი ფულისა და დეპოზიტების სახით. $492 მლნ–ს სპეციალური სესხის უფლება წარმოადგენს. ოქროს გრაფა კი ლარის არსებობის მთელი ისტორიის მანძილზე ცარიელად რჩება.
რეზერვებმა მაქსიმუმს - 4.153 მლრდ-ს მიმდინარე წლის მაისში მიაღწია, ივნის-ივლისში მცირედით შემცირდა, აგვისტოში ისევ გაიზარდა. 7 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ სავალუტო ფონდმა საქართველოს $286 მლნ გამოუყო, რაც რეზერვების მოცულობას კიდევ უფრო გაზრდის.
2020 წელს ეროვნულ ბანკს კურსის შესანარჩუნებლად $870 მლნ-ის გაყიდვა მოუწია, თუმცა იმავე პერიოდში საერთაშორისო რეზერვების მოცულობა $400 მლნ-ით $3.910 მლრდ-მდე გაიზარდა, მიზეზი საერთაშორისო დახმარებებია.
1995 წლის ოქტომბერში ლარის ემისიის დროს რეზერვების მოცულობა $171 მლნ-ს შეადგენდა, 1998 წლის ნოემბერში, იმ დროს როცა რუსეთის მიერ დეფოლტის გამოცხადების შემდეგ, დოლარის ღირებულება 2.00-იან ნიშნულს პირველად გადასცდა რეზერვები $100 მლნ-ს ჩამოსცდა. $500 მლნ-იანი ზღვარი პირველად 2006 წლის მაისში გადაილახა, $1 მლრდ-იანი 2007 წლის მარტში, პიკს $4.153 მლრდ კი 2021 წლის მაისში მიაღწია.