9 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც საკრედიტო-საინფორმაციო ბიურო „კრედიტინფო საქართველო“ ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ გადავიდა,. შეიცვალა საკრედიტო ისტორიის წარმოების წესი და გაუქმდება ე.წ. ნეგატიური სტატუსი.
ბოლო სტატისტიკით, „კრედიტინფოს“ შავ სიაში დაახლობით 650 ათასი მოქალაქე იყო აღრიცხული. ცვლილების გამოცხადებისას, საზოგადოებაში გაჩნდა მოლოდინი, რომ „კრედიტინფოს“ შავი სიას გააუქმდება, ყველა მომხმარებელს მოეხსნება „ნეგატიური“ სტატუსი, მომხმარებლებს მიაჩნდათ, რომ ამის შემდეგ საქმიანობას უპრობლემოდ დაიწყებდნენ და სესხების აღებას კომერციულ ბანკებსა თუ მიკროსაფინანასო ორგანიზაციებში დაუბრკოლებლად შეძლებდნენ.
ამგვარი მოლოდინი პრემიერ-მინისტრის გაკეთებულმა განცხადებამ გააჩინა. გასულ წელს მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ მოქალაქეები, რომლებიც ბანკების ე.წ. შავ სიაში არიან, ამის გამო ეკონომიკურ საქმიანობაში ვერ ერთვებოდნენ და ეს პრობლემა უნდა მოგვარებულიყო.
თუმცა, დღეს საბანკო ექსპერტი დავით კიკვიძე აცხადებს, რომ ცვლილებებს მოქალაქეებისთვის ეკონომიკურ კეთილდღეობა არ მოუტანია.
“ცვლილების შესახებ არც ინფორმაცია გავრცელებულა და არც რომ რაიმე ძირეული ძვრები ყოფილა. ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც ბანკის მომხმარებლები, რომელთაც საბანკო ვალდებულებები ჰქონდათ, უბრალოდ მუშაობას იმის გამო ვერ იწყებდნენ , რომ ხელფასი დარიცხვის შემდეგ, ავტომატურად ეჭრებოდათ. რეალურად აზრი ეკარგებოდა მუშაობას. არსებულ სიტუაციას ვერც პრემიერის განცხადება შეცვლიდა და ვერც კრედიტინფოს ეროვნული ბანკის რეგულაციების ქვეშ მოქცევა, რადგან ვალი ვალად რჩებოდა, “ - განმარტავს დავით კიკვიძე.
რაც შეეხება თავად კრედიტინფოს მუშაობას, საბანკო ექსპერტის აზრით, აქაც მნიშვნელოვანი არაფერი შეცვლილა, უბრალოდ ეროვნული ბანკის მხრიდან მისი დარეგულირება მოხდა .
„რეალურად არაფერი შეცვლილა, კრედიტინფოს იგივე ფუნქცია აქვს, რაც მანამდე ჰქონდა. ყველა ბანკი ვალდებულია გარკვეული წესები დაიცვას, შესაბამისი რეპორტინგი აწარმოოს ეროვნულ ბანკთან. ის ინფორმაცია, რომელსაც კომერციული ბანკები და სხვა საფინანსო ორგანიზაციები საკუთარი მომხმარებლების შესახებ კრედიტინფო საქართველოს აწვდიან უფრო გამჭვირვალე იქნება. ეროვნული ბანკი კი უფრო მეტად შეძლებს გააკონტროლოს აღნიშნული მონაცემები, რამდენად სწორად და სამართლიანად ხდება ინფორმაციის ასახვა კრედიტინფოს მონაცემთა ბაზაში. მთლიანობაში ამან ხელი უნდა შეუწყოს მომხმარებელთა ჭრილში, ე.წ. საკრედიტო ისტორიის გაჯანსაღების სტრუქტურას. რადგან, რეალურად, კომერციული ბანკები უფრო ყურადღებით მოეკიდებიან ინფორმაციის ასახვას. ადრე იყო შემთხვევები, რომ უნებლიე შეცდომები მოსდიოდათ,“ - აცხადებს დათო კიკვიძე.
როგორც ცნობილია, მოსახლეობის ეკონომიკურ გააქტიურებას ემსახურებოდა სესხების განულების პროგრამაც. ვალების განულებისთვის შექმნილ სპეციალურ ვებსაიტზე, vali.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით 615 164 მსესხებელს 4 104 429 484 ლარი გაუნულდა. კომერსანტი დაინტერესდა როგორ შეიცვალა „ფონდი ქართუს“ „ამნისტიის“ შემდეგ ე.წ შავ სიაში შეყვანილი ადამიანების რაოდენობა და სამომავლო პერსპექტივაში, როგორ აისახა სტატუსის ცვლილება მათ ცხოვრებაზე.
,,კრედიტინფო საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრე გომიაშვილი კონკრეტულ ციფრს არ ასახელებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ვადა გადაცილებების რიცხვი შემცირებულია.
„შავი სია არც არასდროს არსებობდა, ეს იყო ჩანაწერები, იმის შესახებ კონკტერულად რა რაოდენობის ფიზიკურ პირს ჰქონდა ვალზე ვადა გადაცილება. სესხების განულების შემდეგ ამ პირებს ვადა გადაცილება გაუუქმდათ, თუმცა საფინანსო ინსტიტუტებს კვლავ აქვთ შესაძლებლობა ნახო, ამა თუ ინ ადამიანს, აქვს თუ არა ვადა გადაცილება, მიუხედავად იმისა, რომ სესხი განულებულია“, — განმარტავს ალექსანდრე გამოიაშვილი.
კომერსანტის კითხვაზე გატარებულმა რეფორმება გამოიწვია თუ არა მოსახლეობის ეკონომიკური გააქტიურება, კრედიტინფო საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი გვპასუხობს, რომ თითოეული ფინანსური ინსტიტუტის გადასაწყვეტია, მისცემს თუ არა ამ პირებს სესხებს.
თავად ,,კრედიტინფო საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრე გომიაშვილი “კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ მას შემდეგ რაც კომპანია ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ გადავიდა, შემოსავალი შეუმცირდათ, ხოლო მათ მიმართ მოთხოვნები გაიზარდა.
„ჩვენ გავხდით ანგარიშვალდებული ეროვნული ბანკის მიმართ, აქედან გამომდინარე, დაგვეკისრა ბევრი პროცედურების შემუშავება. მაგალითად, ყოველწლიურად აუდიტი უნდა ჩავატაროთ, საოპერაციო რისკების დაზღვევა უნდა გავაკეთოთ, ჩვენთვის შემოღებულია სავალდებულო კაპიტალი - ასე, რომ ჩვენი ხარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამავე დროს ვალდებულები ვართ სხვადასხვა პროცედურები შევასრულოთ, იგივე საოპერაციო რისკების ჩარჩო უნდა გვქონდეს, რეგულარულად უნდა ვამოწმოთ ჩვენი კლიენტების მიერ განხორციელებული ძიებები რამდენად კანონიერი იყო, ასევე რაპორტი უნდა მოვუმზადოთ ეროვნულ ბანკს“, - განაცხადა ალექსანდრე გომიაშვილმა.
ალექსანდრე გომიაშვილი განმარტავს, რომ სებ-ის მიერ ამოქმედებული რეგულაციების შედეგად კრედიტინფოს სისტემაში ძიების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 2,5 ჯერ შემცირდა.
„ეროვნული ბანკის რეგულირებიდან გამომდინარე, კრედიტინფო საქართველოს სისტემაში ძიების რაოდენობა საგრძნობლად შემცირებულია. ადრე, როდესაც მომხმარებელი ორგანიზაციაში მიდიოდა, საფინანსო ინსტიტუტი იღებდა პიროვნებისგან თანხმობას, რომ მის შესახებ სისტემაში ინფორმაცია განუსაზღვრელი ვადით შენახულიყო. დღევანდელი კანონმდებლობის გათვალისწინებით, თითოეულ ჩვენს კლიენტს ბაზაში ინფორმაციის მოძიების უფლება მხოლოდ 30 დღის განმავლობაში აქვს. რეგულაციებიდან გამომდინარე მხოლოდ გადამხდელ უნარიანობის შეფასების შემთხვევაში არის შესაძლებელი ძიების განხორციელება. ანუ, როდესაც რომელიმე ორგანიზაცია თანამშრომელის სამსახურში აყვანას გადაწყვეტს, მას უფლება არ აქვს, რომ ამ ადამიანზე ინფორმაცია ნახოს. რაც მიზანშეწონილი არ უნდა იყოს, მაგრამ ბანკმა ასე გადაწყვიტა“, - აცხადებს ალექსანდრე გომიაშვილი.
ბაჩო ადამია