სებ-ს მთავრობაც დაუპირისპირდა

სებ-ს მთავრობაც დაუპირისპირდა

access_time2019-11-21 16:00:56

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თავზე საავდროდაა მოღრუბლული. კანონმდებლობით სებ-ისთვის განსაზღვრულ მთავარ ამოცანას, - ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფას, ანუ ინფლაციის მაჩვენებლის მართვას ისე, რომ ეს უკანასკნელი თარგეთირებულ, ანუ ნაპროგნოზებ, ანუ მიზნად დასახულ დონეს არ გასცდეს, ეროვნული ბანკი ვეღარ ახერხებს და რაც უარესია, განცდა იმისა, რომ სიტუაციას მართავს და მას უახლოეს ხანში გამოასწორებს, არ არსებობს.


გვენეტაძის მოსალოდნელ გადადგომას, ან უარესი - რაიმე ფორმალური საბაბით მის იმპიჩმენტს, რამდენიმე ფაქტორი მოასწავებს.


კერძოდ, მისი პოლიტიკის შედეგად ინფლაცია „გაიქცა“; დაწესდა ფაქტობრივად მეექვსე გადასახადი - „ლარის გადასახადი“, რასაც საქართველოს ათიათასობით მოქალაქე უკვე მეორე თვეა იხდის, როგორც  რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხების უკვე ჯამში 2 %-ით გაძვირებულ განაკვეთს; ლარიზაციის ბოლომდე გაუთვლელ და დროში ცუდად გაწერილ პროგრამაზე დათანხმებას მან დაამატა მთავრობისთვის შიდა ვალის ზრდაზე თანხმობაც, რამაც ასევე ნეგატიურად იმოქმედა ინფლაციასა და შესაბამისად, ფასების სტაბილურობაზე; მისი პრეზიდენტობის პერიოდში სარეზერვო ფული, ანუ, ასე ვთქვათ, დაბეჭდილი ბანკნოტები გაორმაგდა, უფრო კონკრეტულად კი გაიზარდა 113 პროცენტით, ფულის მასის M3 აგრეგატი გაიზარდა 86 პროცენტით, M2 აგრეგატი კი გაიზარდა 108 პროცენტით. ეს ყველაფერი ჯამში, კიდევ უფრო მარტივად და გასაგებად რომ ითქვას, მისი, როგორც პროფესიონალის და როგორც ქვეყანაზე გულშემატკივარი ჩინოვნიკის, საზოგადოებას არ სჯერა (ამაზე თუნდაც ზაფხულის მიწურულს IRI-ის მიერ ჩატარებული კვლევაც მეტყველებს, რომლის თანახმადაც მოსახლეობის 70% ზე მეტი ეროვნულ ბანკს, როგორც ინსტიტუციას, უბრალოდ არ ენდობა) და სწორედ ამიტომ უნდა გადადგეს ან/და მოუწევს პოსტთან გამომშვიდობება კობა გვენეტაძეს.


მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ფორმა და ფორმატი. მოსალოდნელ გადადგომის დასტურად შეიძლება განვიხილოთ  20 ნოემბერს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის 2020-2022 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე გვენეტაძის მოხსენების კვალდაკვალ გამართული კითხვა-პასუხი და ამ დიალოგის შინაარსი.


გვენეტაძეს და მის პოლიტიკას უკვე საპარლამენტო უმრავლესობაც ღიად უტევს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რომელიც ზოგადად, ფრთხილ და მოზომილ განცხადებებს ანიჭებს უპირატესობას, ამჯერად ღიად თქვა, რომ მართალია, ეროვნულმა ბანკმა მის ხელთ არსებული ინსტრუმენტები აამოქმედა, მაგრამ ეს დაგვიანებით გააკეთა. „ფასების სტაბილურობა და ინფლაცია არის ერთი საკითხი, რომელიც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს. ეროვნულმა ბანკმა უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი, რომ ინფლაცია დაუბრუნდეს მიზნობრივ მაჩვენებელს. მან აამოქმედა ინსტრუმენტები, მაგრამ სამწუხაროდ, დაგვიანებით. ჩვენი ამოცანაა, ეროვნულ ბანკს მოვუწოდოთ დღევანდელ დღესაც, რომ ინსტრუმენტები გამოყენებული იყოს დროულად, მათ შორის, მონეტარული საპროცენტო განაკვეთი, ასევე საპროცენტო განაკვეთი დეპოზიტებზე და სხვა ყველა მის ხელთ არსებული ინსტრუმენტი, რათა ინფლაცია იქნეს დათრგუნვილი და ლარის კურსი და ფასების სტაბილურობა იყოს შენარჩუნებული ქვეყანაში. ეროვნული ბანკის მანდატი არის ინფლაცია და ინფლაცია უნდა იყოს დათრგუნვილი“.


უფრო თავისუფალი და ხისტი იყო შეფასებებისას დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, რომელმაც აღნიშნა, რომ გვენეტაძე, როგორც პროფესიონალი ყოველთვის ზედმიწევნით ასრულებდა საერთაშორისო ინსტიტუტების ერთგვარ გაიდლაინებს და ამ დროს ქართული კონტექსტი მისთვის მეორეხარისხოვნად რჩებოდა და ეს აისახა კიდეც ნეგატიურად საქართველოს ეკონომიკაზე.


კომიტეტის წევრმა დავით სონღულაშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს „ბლიც-დაკითხვა“ ჩაუტარა და დაინტერესდა მისი პოზიციით ფულის მასისა და კურსის ცვლილების ურთიერთმიმართების, 200 000 ლარამდე მოცულობით სესხების ვალუტაში გაცემის აკრძალვის, შიდა ვალის ზრდის, სავალუტო ინტერვენციების პრაქტიკულად ცალმხრივობისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების თაობაზე.ფაქტია, - კითხვებზე გვენატაძის პასუხები დამაჯერებლობის ეფექტს, რბილად რომ ითქვას, მოკლებული იყო. ერთადერთი, რაშიც ის დარწმუნებულია, არის ის, რომ რეფინანსირების განაკვეთის ზრდა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე პროგნოზი დაგვანახებს, რომ გაცვლითი კურსი და ინფლაციაზე მომდინარე ზეწოლა განეიტრალდა... სავარაუდოდ, რამდენ ხანს გასტანს ეს პროცესი და რამდენით დააზარალებს საქართველოს იმ ათიათასობით მოქალაქეს, რომლებიც რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სალარო სესხებით სარგებლობს, რა ასახვას ჰპოვებს ეს ეკონომიკის დაკრედიტების მასშტაბების ზრდის დინამიკასა თუ ეკონომიკური ზრდის ტემპსა და მასშტაბზე, ამაზე გვენეტაძე არაფერს ამბობს და მისი ეს დუმილი და გაძვირებული ცხოვრებით შეშფოთებული მოსახლეობისთვის გაუგებარი ტერმინებით ჟონგლირება კიდევ უფრო მძიმეს ხდის იმ ნეგატიურ მოლოდინებს, რაც მისმა პოლიტიკამ უკვე კარგა ხანია წარმოშვა.


დღეს კი პრემიერ - მინისტრმა გიორგი გახარიამ ეროვნულ ბანკს მოუწოდა, ფასების სტაბილურობისთვის მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი გამოიყენოს. ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


„მინდა ეროვნულ ბანკს მოვუწოდო აქტიურად გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი ფასების სტაბილურობის და ინფლაციის თარგეთირების უზრუნველსაყოფად. ყველას კარგად გვესმის, რომ ყველამ კოორდინირებულად, ეროვნულ ბანკთან ერთად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ, როგორც ეკონომიკური ზრდა მთავრობის მხრიდან, ასევე ინფლაციის ზღვრულის ნორმები, რომელიც ჩვენ გვქონდა წლის დასაწყისში დაგეგმილი და ფასების სტაბილურობა. ეს არის ჩვენი ძირითადი ამოცანა. რა თქმა უნდა, ჩვენ, მთავრობის მხრიდან გადავდგამთ ყველა აუცილებელ ნაბიჯს, თუმცა, ასევე მოვუწოდებთ ეროვნულ ბანკს გადადგას ის ნაბიჯები, რომელიც მისი კომპეტენციის ფარგლებშია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.


ეს ყველაფერი უკვე საკმარისიცაა და მეტიც, რომ თავმოყვარე პროფესიონალმა პოსტი დატოვოს და აღიაროს, რომ საკუთარი ხედვების შესაბამისად მოქმედება, რეალურ გამოწვევებთან მიმართებით, აცდენილი გამოდგა. ჯერ-ჯერობით გვენეტაძე ასე არ იქცევა. როგორც ჩანს, ის რომ რისკების არაადეკვატურად შეფასებამ და პროცესებთან მიმართებით მისმა დაგვიანებულმა ქმედებებმა მსესხებლებს მეექვსე გადასახადი - „ლარის გადასახადი“ დაუწესა (ბოლო 1 თვეში რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხები ერთბაშად, უფრო სწორად „ორბაშად“, 2 %-ით გაძვირდა), წვრილმანად მიაჩნია.


ანალიზისას გაცილებით შორსაც შეიძლება წასვლა და იმის გამოკვლევა, თუ რა ზიანი მიაყენა კობა გვენეტაძის არასწორმა საფინანსო პოლიტიკამ ლარს და ქვეყნის ეკონომიკას. ამის თაობაზე „კომერსანტი“ უკვე წერდა. მაგრამ, ვფიქრობთ, ურიგო არ იქნება, თუკი კიდევ ერთხელ,  თანმიმდევრულად მივყვებით და ვნახავთ, თუ რა გააფუჭა კობა გვენეტაძის, რბილად რომ ითქვას, გაუთვლელმა პოლიტიკამ.


ლარის გაუფასურების ნეგატიური მხარე - მხოლოდ სესხების კუთხით, ვალუტის კურსის ყოველი 1 პროცენტით გაუფასურება საქართველოს ეკონომიკას 150 მილიონი ლარი უჯდება.


მაღალი დოლარიზაციის პირობებში ვალუტის კურსის მცირედი მერყეობაც ეკონომიკაში მნიშვნელოვან ძვრებს იწვევს. ბოლო მონაცემებით, საქართველოში სესხების დოლარიზაციის მაჩვენებელი შეადგენს 55%-მდე. ანუ ჯამში გაცემული დაახლოებით 29 მილიარდი ლარის სესხებიდან 16 მილიარდი არის უცხოურ ვალუტაში და ძირითადად დოლარში გაცემული.


2019 წლის 1 იანვარს საქართველოს ეკონომიკაზე უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების ჯამური მოცულობა შეადგენდა 5,5 მილიარდ დოლარს, რაც მაშინდელი კურსით (2,66) იყო 14,5 მილიარდი ლარი. დღეის მდგომარეობით, იგივე ვალი, რაც ეკონომიკას (ფიზიკურ პირებს, კომპანიებს) 1 იანვარს ქონდა, 2.98 კურსით უკვე შეადგენს 16,1 მილიარდ ლარს. ანუ კურსის მერყეობის შედეგად საქართველოს მოსახლეობას და ბიზნესს 1,9 მილიარდი ლარით გაეზარდათ ვალის ძირი თანხა. ამას ემატება გაზრდილი საპროცენტო ხარჯიც, კერძოდ, გამომდინარე იქედან, რომ უცხოური ვალუტის სესხების საშუალო ვადიანობა შეადგენს 8,7 წელს, ხოლო საშუალო საპროცენტო განაკვეთი 7,5%-ს, გადასახდელი ჯამური პროცენტი იქნება დაახლოებით 2 მილიარდი დოლარი, რაც კურსის გაუფასურების გამო მოსახლეობას და ბიზნესს კიდევ დამატებით 640 მილიონი ლარით მეტი თანხის გადახდას ნიშნავს.


მხოლოდ სესხების კუთხით, ვალუტის კურსის ყოველი 1 პროცენტით გაუფასურება საქართველოს ეკონომიკას 150 მილიონი ლარი უჯდება.



ანუ,1 იანვრიდან მიმდინარე მომენტამდე, კურსის 2.66-დან 2.98-მდე დაცემის გამო, საქართველოს მოსახლეობას და ბიზნესს აღებული სესხები 2,5 მილიარდ ლარზე მეტით გაუძვირდათ, ვინაიდან სესხი დოლარშია, ხოლო შემოსავლები ლარში.


იმ ფაქტის გამო, რომ სესხების დიდი ნაწილი დოლარშია, ხოლო შემოსავალი ლარში, ლარის გაუფასურებისას შინამეურნეუბებს უმცირდებათ განკარგვადი შემოსავლები, რაც ამცირებს ერთობლივ მოთხოვნას და ნეგატიურად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე.


შინამეურნეობების ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში ისტორიულ მაქსიმუმზეა 37,2% (ლარის გაუფასურებამ ზემოთხსენებული მიზეზების გამო გაზარდა სესხების ჯამური მოცულობა); შინამეურნეობების ხარჯები ვალის მომსახურებაზე მათ განკარგვად შემოსავლებთან შედარებით, ასევე ისტორიულ მაქსიმუმზეა - 14,2%;ამ ფონზე ლარის გაცვლითი კურსის რყევების უგულებელყოფა, და ხელთ არსებული ბერკეტების არგამოყენება, პრაქტიკულად, დანაშაულის ტოლფასია.


ხშირად მოჰყავთ არგუმენტი, რომ ლარის გარდა უფასურდება სხვა ვალუტებიც და ეს გაუფასურება კარგია, რადგან იწოვს გარე შოკებს. თუმცა, იანვრიდან მოყოლებული დღემდე, ლარი გაუფასურდა თითქმის ყველა სავაჭრო პარტნიორის ვალუტებზე მეტად.


1 იანვრიდან დღემდე შემცირებულია როგორც რეალური, ისე ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსები. მაგალითად, ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი 2019 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით შემცირდა 9,3%-ით. რაც შეეხება რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსს იგივე პერიოდში იგი 7,12%-ით შემცირდა, კერძოდ:


  • დოლარის მიმართ ლარი შესუსტდა 7,3%-ით;
  • თურქული ლირას მიმართ - 6%-ით;
  • რუსული რუბლის მიმართ - 11,8%-ით;
  • ევროს მიმართ - 3,3%-ით.


მონეტარული და არამარტო მონეტარული ხელისუფლების განცხადებები აცდენილია რეალობას, არაერთი დამამშვიდებელი პროგნოზის მიუხედავად, ლარი განაგრძობს გაუფასურებას. ასეთი არაპროგნოზირებადი და არასტაბილური სიტუაცია იწვევს ეკონომიკური აგენტების დაბნეულობას, განსაკუთრებით იმათი, ვისაც საზღვარგარეთ აქვს ეკონომიკური კავშირები. მაგალითად იმპორტიორი კომპანიები, რომელთა ბიზნესმოდელი ძირითად შემთხვევაში იმგვარადაა მოწყობილი, რომ უცხოელ პარტნიორთან შეკვეთის გაფორმებას და თანხის ანაზღაურებას შორის დრო, რიგ შემთხვევაში, რამდენიმე თვეს შეადგენს. კომპანია დგება ისეთი ფაქტის წინაშე, რომ შეკვეთის განხორციელების დროს კურსი იყო 2.66 და საქონლის მოწოდების და თანხის ანაზღაურების მომენტში კურსი შეადგენს 2.98-ს, რაც იწვევს დიდ დანაკარგებს, ან მის დასაბალანსებლად გაზრდილ ფასებს და ა.შ.


მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკი თავს იმართლებს იმით, რომ მისი ფუნქცია ფასების სტაბილურობაა, ფასების სტაბილურობის ერთ-ერთი გარანტი სწორედ ვალუტის კურსია. ის ფაქტი, რომ ლარი უფრო მეტადაა გაუფასურებული, ვიდრე სავაჭრო პარტნიორების ვალუტები, იმ პირობებში, როცა იმპორტი ბევრად აჭარბებს ექსპორტს, ეს გამოიწვევს ადგილობრივ ბაზარზე ფასების ზრდას და მოგეხსენებათ, რომ ინფლაცია (ბოლო მდგომარეობით 6,9%) 130 პროცენტით აჭარბებს მიზნობრივ მაჩვენებელს (3%-ს).


ჩვენ ხშირად გვესმის, რომ ვალუტის გაუფასურება კარგია ექსპორტის კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება/გაზრდისთვის, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა ქვეყნის ეკონომიკა ერთი სტრუქტურის და განვითარების ერთი დონის არ არის. რომ რაც კარგია ჩინეთისთვის ან აშშ-სთვის, ავტომატურად არ ნიშნავს, რომ კარგია საქარველოსთვისაც. არაერთი კვლევა არსებობს, რომელიც ამტკიცებს, რომ განვითარებადი ქვეყნებისთვის, მითუმეტეს იმ ქვეყნებისთვის, სადაც ამავდროულად დოლარიზაცია არის მაღალი, დევალვაციის ნეგატიური შედეგები გადაწონის მის სასარგებლო შედეგებს.

 

რამდენად ადეკვატურია ეროვნული ბანკის პოლიტიკა?


დასახელებული ნეგატიური შედეგების მიუხედავად ეროვნული ბანკი ჯიუტად აპელირებს იმ არგუმენტზე, რომ მისი მთავარი ამოცანა ფასების სტაბილურობაა და იმის იქეთ „ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა“.სამწუხაროდ, არც ფასების სტაბილურობის კუთხით აქვს ეროვნულ ბანკს განსაკუთრებული მიღწევები და რაც ინფლაციის თარგეტირების რეჟიმი შემოვიდა, ზედიზედ 3 თვე არ გასულა ისე, რომ ინფლაციის დონე მიზნობრივ დონეზე ყოფილიყო და მერყეობის ამპლიტუდა 14 და მინუს 4 პროცენტს შორის იყო.


ასევე პრობლემური საკითხია ინფლაციის დათვლის მეთოდოლოგია, თუმცა ამას ნამდვილად ვერ დავაბრალებთ ეროვნულ ბანკს. ის ხელმძღვანელობს იმ ციფრით, რასაც მას აწვდიან.


2011 წელს საქართველოში ინფლაციამ 14 პროცენტს გადააჭარბა და საქართველო აღმოჩნდა ერთ-ერთი იშვიათთაგანი, სადაც ინფლაციის მაჩვენებელი ორნიშნა იყო. სწორედ მაშინ გატარდა მნიშვნელოვანი ზომები ინფლაციის შესამცირებლად, გარდა მნიშვნელოვნად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკისა, მოხდა მეთოდოლოგიური ცვლილებები. კერძოდ, სამომხმარებლო კალათაში სურსათის წილი შემცირდა 40%-დან 30%-მდე, შემცირდა აგრეთვე ჯანმრთელობის დაცვის, საცხოვრებელი სახლის, წყლის, ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის წილი, ხოლო გაიზარდა ალკოჰოლური სასმელების, დასვენების და გართობის წილი.


გარდა ამისა, შეიცვალა იმ ძირითადი 5 ქალაქის წონა მთლიან მაჩვენებელში, სადაც ხდება სწორედ ფასების შესწავლა. კერძოდ, თბილისის წილი შემცირდა 61.6%-დან 54.8%-მდე, ქუთაისის 18.2%-დან 17.8%-მდე, უმნიშვნელოდ გაიზარდა ბათუმის წილი 9.3%-დან 11.0%-მდე, ასევე გაიზარდა გორის წილი 6.4%-დან 7.2%-მდე, ხოლო თელავის წონა მთლიან მაჩვენებელში 4.5%-დან 9.2%-მდე გაიზარდა.


ადვილად შესამჩნევია, რომ ახალი მეთოდოლოგია ფასების დონის, როგორც სტატისტიკური მაჩვენებლის შემცირებას გამოიწვევდა და შენიღბავდა რეალურ სურათს.


ისმის კითხვა? თუ საყრდენი წერტილი და მიზნობრივი მაჩვენებელი არასწორია და მოწყვეტილია რეალობას? მასზე აგებული მონეტარული პოლიტიკაც ხომ არ იქნება გამოწვევების ადეკვატური? ვინმეს ჯერა, რომ ინფლაცია 4 პროცენტია და მეტი არა?


არადა ამ არგუმენტით შეიარაღებული ეროვნული ბანკი ჯიუტად „აწვება“ თავის პოზიციას და დაბალი ინფლაციით „თავდამშვიდებული“ დგამს იმგვარ ნაბიჯებს, რომელიც ასამარებს ლარს. კერძოდ:


სავალუტო აუქციონები - მიუხედავად ლარის არასტაბილურობისა ეროვნულ ბანკს მცირედი ნაბიჯიც არ გადაუდგამს, რომ ეროვნულ ვალუტას მიხმარებოდა. ლარისთვის ძალიან არასახარბიელო პერიოდში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზრიდან შეისყიდა 492 მილიონი დოლარი და მხოლოდ კრიტიკულ მომენტში, როცა დოლარი თითქმის 3 ლარს გაუტოლდა, გაიმეტა 40 მილიონი დოლარი (საიდანაც ბაზარმა 32,8 მილიონი აითვისა) და შემდგომ კვლავ 40 მილიონი დოლარი, რომელიც სრულად იქნა ათვისებული. თუმცა, მხოლოდ სავალუტო ინტერვენციებით ლარის დასტაბილურება შეუძლებელიცაა და არასწორიც,  ამას ეს ბოლო მაგალითიც მოწმობს. ეროვნულმა ბანკმა საზოგადოების წნეხის გამო, ფაქტობრივად, მოვალეობის მოხდის მიზნით, „გაისროლა“ 70 მილიონი დოლარი და ამას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. სებ-ის მესვეურები კარგად სარგებლობენ საზოგადოების ფინანსური განათლების დაბალი დონით, მანიპულირებენ ყურადღების მხოლოდ „სავალუტო ინტერვენციებზე“ გადატანით და პარალელურად, მათ ხელთ არსებული ყველა სხვა ბერკეტით ძირს უთხრიან ლარის სტაბილურობას. რეალურად, სებ-ი ერთი ხელით 1 აბ წამალს აწვდის ლარს და მეორე ხელით 10 აბ საწამლავს, პირველს წარმოაჩენს, მეორეს - მალავს.  თუ რით „წამლავს“ ეროვნული ბანკი ლარს, იხილეთ ქვემოთ.


საერთაშორისო რეზერვები -  არავინ ამახვილებს ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ ეროვნული ბანკი არამარტო სავალუტო აუქციონებით, არამედ ყველა სხვა მექანიზმითაც ისრუტავს დოლარს და აწვდის შესაბამის ლარს ბაზარს. კერძოდ:


2016 წლის 20 დეკემბერს, რაც ბოლოჯერ გაყიდა დოლარი ეროვნულმა ბანკმა უცხოური ვალუტის რეზერვები შეადგენდა 2 მილიარდ 563 მილიონ დოლარს, მას შემდეგ ეროვნული ბანკი მხოლოდ სავალუტო აუქციონებზე ყიდულობს 492 მილიონ დოლარს, შემდეგ ყიდის 72.8 მილიონს დოლარს, ანუ ჯამში შესყიდული გამოდის დაახლოებით 419 მილიონი დოლარი და 2019 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით უცხოური ვალუტის რეზერვები შეადგენს 3 მილიარდ 187 მილიონ დოლარს, ანუ 625 მილიონი დოლარით მეტს, ვიდრე 2016 წელს. ანუ გამოდის რომ გარდა იმ 460 მილიონი დოლარის, რომელიც სებ-მა შეისყიდა სავალუტო აუქციონებზე, მან სხვა წყაროებიდან (გრანტები, სესხები, პრიავატიზაცია და ა.შ.) მიღებული კიდევ 419 მილიონი დოლარი გამოკეტა რეზერვებში და ამით კიდევ უფრო მეტად შეურყია საყრდენი ეროვნულ ვალუტას.


ამდენად, ეროვნულმა ბანკმა ლარს თითქმის 1 მილიარდი დოლარის საყრდენი გამოაცალა. გარე ფაქტორებმა უფრო დააზიანა ლარი თუ ეროვნულმა ბანკმა, ეს საზოგადოებამ განსაჯოს.


ფასიანი ქაღალდები - როდესაც ეროვნული ბანკი ბაზრიდან შეისყიდის დოლარს, ან უცხოური გრანტი/სესხი შემოდის ქვეყანაში და ხდება მისი კონვერტაცია ლარში, ეროვნული ბანკი, იმისთვის რომ არ მოხდეს ზეწოლა კურსზე, პარალელურად ახდენს სტერილიზაციას, ანუ ეროვნული ვალუტის ამოღებას სხვადასხვა ბერკეტებით, მათ შორის ფასიანი ქაღალდებით. ამ მიმართულებითაც, ეროვნულმა ბანკმა ცეცხლს ნავთი დაუმატა, ერთის მხრივ ამოიღო დოლარი და მეორეს მხრივ არათუ სტერილიზაცია მოახდინა, არამედ მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტით ბანკებს ლარი მიაწოდა. ლარის გაუფასურების პირველი ტალღიდან - 2014 წლის ნოემბრიდან მოყოლებული, როდესაც სადეპოზიტო სერტიფიკატების მოცულობა ნახევარი მილიარდი ლარის ფარგლებში იყო (ანუ ამ მოცულობის ფული ქონდა ამოღებული ბანკებიდან), ლარის გაუფასურებასთან ერთად ეროვნული ბანკი ამცირებდა და ამცირებდა ფასიანი ქაღალდების მოცულობას და ბოლო მდგომარეობით იგი 80 მილიონი ლარის დონეზეა.


ამდენად, ეროვნული ბანკი, არათუ მხოლოდ დოლარს „იწოვდა“ ბაზრიდან, არათუ მის სანაცვლოდ ბაზარზე გამოსული ლარის სტერილიზაციას ახდენდა, არამედ პირიქით, დამატებით უშვებდა ბაზარზე ლარს, რითაც ლარი გაუფასურების ისტორიულ მაქსიმუმამდე დაეცა.


პროცესებზე დაკვირვება სამწუხარო დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა - ფაქტია, კობა გვენეტაძის პრეზიდენტობის ორ წელიწადზე ცოტა მეტი ხნის „შედეგად“  ლარს 1 მილიარდი დოლარის საყრდენი აქვს გამოცლილი. გაქცეული ინფლაცია და ნეგატიური მოლოდინები ისედაც საკმაოდ მძიმე შიდა პოლიტიკური ვითარებას კიდევ უფრო ართულებს და სახელმწიფოს მხრიდან გაუგებარი ფინანსური მოქმედებები პოლიტიკურ კონიუნქტურას დაძაბულობის პიკზე აიყვანს. გვენეტაძე ამ ვითარების არათუ გამომსწორებელი, შემრბილებებლიც კი არ ჩანს. სავარაუდოდ, ეს, მას, როგორც ცივსისხლიან ბანკირს,  ნაკლებად აღელვებს, მაგრამ როგორც 20 ნოემბრის საკომიტეტო მოსმენიდან იკვეთება, ჩანს, ამაზე ფიქრობენ და შესაძლოა ღელავენ კიდეც ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერშიპში, იქ სადაც სადღეისოდ გადაწყვეტილებები მიიღება.


„კომერსანტი“





საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს
access_time2019-12-08 18:43:35
საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა დაიწყო. სასტუმრო შერატონში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები მეორე შეხვედრას უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით...

ჰამბურგში გამოჩნდა ავტობუსი, სადაც უსახლკაროებს შხაპის მიღება შეუძლიათ

ჰამბურგში გამოჩნდა ავტობუსი, სადაც უსახლკაროებს შხაპის მიღება შეუძლიათ
access_time2019-12-08 14:59:06
ქუჩაში მცხოვრები ადამიანებისთვის შხაპის რეგულარულად მიღება შესაძლებლობების ზღვარს სცილდება. ჰამბურგში მოძრავი ავტობუსი ამ სიტუაციის შეცვლას აპირებს. დღეიდან ჰამბურგში მცხოვრებ უსახლკარო ადამიანებს შეეძლებათ ქალაქში მოძრავ მოდიფიცირებულ ავტობუსში შხაპი მიიღონ, გამოიცვალონ და ტანსაცმელი გარეცხონ. "ამ ავტობუსში ყოფნა ძალიან...

Le Monde: ალპების მთებში რუსი მკვლელების ბაზა აღმოაჩინეს

Le Monde: ალპების მთებში რუსი მკვლელების ბაზა აღმოაჩინეს
access_time2019-12-08 20:00:01
  2018 წელს ბრიტანულმა, ფრანგულმა, და შვეიცარიულმა სპეცსამსახურებმა ამერიკელ კოლეგებთან თანამშრომლობით, დაიწყეს უპრეცედენტო ოპერაცია,რომლის დროსაც გამოვლინდა რუსეთის სამხედრო დაზვერვის 15 ოფიცერი - ისინი არიან ერთი ქვედანაყოფის წევრები, რომელთა სპეციალიზაცია იყო მკვლელობები და რომლებიც გადაადგილდებოდნენ ევროპაში 2014-2018 წლებში.   სპეცსამსახურების მობილიზება დაიწყო ინგლისის ქალაქ სოლსბერიში დაზვერვის ორი ოფიცრის მიერ საბჭოთა პერიოდში დამუშავებული...

პრეზიდენტის ანტიკვარიატი - ათონელის რეზიდენციის 2.8-მილიონიანი ავეჯის ისტორია

პრეზიდენტის ანტიკვარიატი - ათონელის რეზიდენციის 2.8-მილიონიანი ავეჯის ისტორია
access_time2019-12-08 16:00:51
1800 წლის 22 დეკემბერს რუსეთის იმპერატორმა პავლე I-მა ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების მანიფესტს მოაწერა ხელი. რამდენიმე თვის წინ საქართველოს პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციაში, სხვა მრავალ ანტიკვარულ ნივთთან ერთად, ბინა დაიდო რუსეთის საიმპერატორო ქარხნებში - მოსკოვსა თუ პეტერბურგში დამზადებულმა ავეჯმა, მათ შორის იმპერატორ პავლე პირველის ეპოქიდან შემორჩენილმა მაგიდებმა თუ კომოდებმა, ნივთებმა, რომლებიც 220 წლის წინ განთავსებული იყო იმ სასახლეებსა და დარბაზებში, სადაც...

Süddeutsche Zeitung: ბერლინში ქართველის მკვლელობაში ეჭვმიტანილია რუსეთი

Süddeutsche Zeitung: ბერლინში ქართველის მკვლელობაში ეჭვმიტანილია რუსეთი
access_time2019-12-08 14:00:22
2019 წლის აგვისტოში, ბერლინის რაიონ ტირგარტენში ახლო მანძილიდან ცეცხლსასროლი იარაღით 40 წლის ქართველი მოკლეს.   გამოძიება განიხილავს ერთადერთ ვერსიას - შეკვეთილ პოლიტიკურ მკვლელობას, რადგანაც სხვა მოტივების რაიმე ნიშანი არ გამოიკვეთა.   Süddeutsche Zeitung-ის, ასევე ტელეკომპანიების NDR და WDR-ის ცნობით, ამ საქმეზე გამოძიების დაწყებას გეგმავს გენერალური პროკურატურა, რადგანაც მასში შესაძლოა სპეცსამსახურები იყოს...


მსგავსი სიახლეები

up