აპრილში ეროვნულმა ბანკმა ბლუმბერგის სისტემის BMatch პლატფორმით სავალუტო ბაზარს 5 მლნ დოლარი მიაწოდა.ახალი ინსტრუმენტი – წესებზე დაფუძნებული, მექანიზმი სებ-მა აპრილში აამოქმედა. ის ინტენსიური სავალუტო ოპერაციების პოლიტიკის ნაწილია და ცენტრალურ ბანკს შესაძლებლობას აძლევს როდესაც ბაზარზე ჭარბი მერყეობაა ვაჭრობაში მარტივად ჩაერთოს.
გარდა ამისა, ეროვნულმა ბანკმა აპრილში, ერთი სავალუტო აუქციონი ჩაატარა, რომელზეც 20 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.ახალი ინსტრუმენტი სებ-მა კორონავირუსის პანდემიის საპასუხოდ, ლარის მკვეთრი გაუფასურების თავიდან ასარიდებლად დანერგა.
„მიუხედავად სავალუტო ბაზარზე უფრო აქტიური მონაწილეობისა, ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანა უარს ამბობს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმზე, ეს არ ნიშნავს, რომ არ იქნება არანაირი მერყეობა ბაზარზე, არ ნიშნავს, რომ კურსის რამე ნიშნულზე დაჭერას ვცდილობთ. მცურავი გაცვლითი კურსი და გაცვლითი კურსის მოქნილობა, ასეთ შოკებთან დაკავშირებით არის ყველაზე მნიშვნელოვანი დამცავი ინსტრუმენტი და ეს ინსტრუმენტი დღესაც რჩება“, – ბოლო პერიოდში, არაერთხელ განმარტა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
აპრილში სავალუტო ბაზარზე ყიდვა – გაყიდვების აქტივობები შემცირებული იყო. უცხოური ვალუტით ლარის ვაჭრობის უდიდესი ნაწილი სპოტ გარიგებებით ხდება (99.5 პროცენტი), რამაც 982.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მარტის მონაცემთან შედარებით 552.8 მლნ აშშ დოლარით, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კი 311.9 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია.
სპოტ გარიგებების ძირითადი ნაწილი იურიდიულ პირებზე (71%) მოდიოდა, დანარჩენი კი შინამეურნეობებზე (23.8%) და არარეზიდენტ ბანკებზე (2.6%). საქართველოს ეროვნული ბანკის ინტერვენციების წილი კი 2.5% იყო.
„ბიზნესპარტნიორი“