საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილება შედის. დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი დაჩქარებული წესით განიხილავს კანონის პროექტს, რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივი მაუწყებელს სახელმწიფო ქონების შეძენის უფლება ექნება.
საკანონმდებლო პაკეტის განმარტებითი ბარათში ვკითხულობთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის, როგორც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების გადაწყვეტილებებისაგან დამოუკიდებელი ინსტიტუტის საქმიანობისთვის, მნიშვნელოვანია ორგანიზაციის შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობა. დოკუმენტში წერია, რომ 2017 წლის ბოლოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართვის საფუძველზე ქონების ეროვნული სააგენტოს თანხმობის საფუძველზე საზოგადოებრივ მაუწყებელს მისი არსებობის ვადით გადაეცა პოლიტკოვსკაიას N31-ში მდებარე უძრავი ქონება 18761 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი.
დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ ახალი შენობის მშენებლობის ფარგლებში მნიშვნელოვანია დროებით სარგებლობაში გადაცემული უძრავი ქონება საზოგადოებრივ მაუწყებელს გადაეცეს საკუთრების უფლებით, იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან მიწის ნაკვეთის და მასზე ახალაშენებული შენობა-ნაგებობის სრულფასოვნად განკარგვა.
ოფიციალურ დოკუმენტში ნათქვამია, რომ კანონის მიღება აუცილებელია არსებული პრობლემის გადასაჭრელად, ვინაიდან, სწორედ კანონით არის რეგულირებული სახელმწიფო ქონების მიმღები პირების ამომწურავი ჩამონათვალი.
კანონპროექტის მიღების შედეგად იქმნება სამართლებრივი საფუძველი საჯარო სამართლის იურიდიული პირი „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ სახელმწიფოს საკუთრებაში და კანონპროექტის განხილვის მომენტისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრებაში გადაცემის უზრუნველსაყოფად.
„ქართული ოცნების“ დეპუტატის ეკა სეფაშვილის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პროექტის თანახმად, ცვლილება შედის კანონის მე-3 მუხლის პირველ პუნქტში და ხდება სახელმწიფო ქონების შემძენი იურიდიული პირების ჩამონათვალში საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზოგადოებრივი მაუწყებლის დამატება.
მათივე ინფორმაციით, კანონპროექტით ინიცირებული ცვლილების დროული იმპლემენტაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მაუწყებლის შემდგომი განვითარებისათვის, სწორედ ამიტომ დაგეგმილია კანონპროექტის 2022 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედება.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, ცნობილი ხდება ისიც, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის სამშენებლო სამუშაოები სავარაუდოდ 2023 წლის აპრილში დასრულდება. განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს - აგებულია სტუდიების/პავილიონების კონსტრუქცია და ამოყვანილია ძირითადი შენობის ოთხივე სართული. დასკვნით ეტაპზეა რკინა-ბეტონის კონსტრუქციის აგება. ოფიციალურ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ამ ეტაპისთვის საზოგადოებრივ მაუწყებელს განხორციელებული აქვს ინვესტირება აქტივში, რომელიც არ წარმოადგენს მის საკუთრებას, აღნიშნული აქტივის სრულფასოვნად განკარგვის უფლება საზოგადოებრივ მაუწყებელს არ გააჩნია, რაც განმარტებით ბარათის მიხედვით, მნიშვნელოვნად აფერხებს დაგეგმილი პროექტის სრულფასოვნად დასრულებას.