14 თებერვალს, 19:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა საზოგადოებრივი კოლეჯი „პანაცეას“ 140 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლებს.კოლეჯის ისტორია სათავეს მე-19 საუკუნის სამოცდაათიანი წლებიდან - „ოლღას საბებიო სკოლიდან“ (1875-1878 წწ) იღებს. მე-20 საუკუნის ორმოციან წლებში ის „თბილისის მეორე სამედიცინო სასწავლებლად“ გადაკეთდა, ხოლო 2011 წელს საბოლოო სახე მიიღო და საზოგადოებრივი კოლეჯი „პანაცეა“ ეწოდა.
„პანაცეა“ საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის (სკკა) დამფუძნებელი და გამგეობის წევრია. ის აქტიურად თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნების კოლეჯებთან - ლატვია (დაუგავპილის სამედიცინო კოლეჯი), ესტონეთი (ტალინის სახელმწიფო სამედიცინო კოლეჯი). კოლეჯი „პანაცეა“ სოციალური მომსახურების სააგენტომ 2018 წლის საუკეთესო პარტნიორის ტიტულით დააჯილდოვა.
„პანაცეა“ არის ოთხი პროფესიული საგანმანათლებლო რესურსის ავტორი/თანაავტორი, კერძოდ: „საექთნო საქმე“, „მეან-ექთანი“, „პირველადი გადაუდებელი დახმარება“ და მასწავლებლის გზამკვლევი „პირველადი გადაუდებელი დახმარება“.
საიუბილეო ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან საქართველოს პარლამენტის; საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს; თბილისის მერიის, ასევე, სხვა სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების წარმომადგენლები, მათ შორის კოლეჯის ბიზნესპარტნიორები.
pia.ge