საყოველთაო ჯანდაცვის უპირატესობები და ნაკლოვანებები

საყოველთაო ჯანდაცვის უპირატესობები და ნაკლოვანებები

access_time2020-01-18 10:00:04

„ჯანდაცვის ახალი რეფორმა, სწორი თუ მცდარი ნაბიჯები”- ამ სახელწოდებით KAS EPRC ეკონომიკურმა არენამ გამოქვეყნა კვლევა, რომელიც ეძღვნება საქართველოში მიმდინარე ჯანდაცვის რეფორმას. დოკუმენტი ზოგადად მიმოიხილავს საქართველოს ჯანდაცვის სისტემას, ჰოსპიტალურ სექტორში განხორციელებულ ცვლილებს. კვლევის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის უპირატესობებზე და  ნაკლოვანებებზე. ყურადღება ასევე გამახვილებულია 520 დადგენილებაზე, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მიწოდებული სერვისების ტარიფების გათანაბრებას მოიცავს. კომერსანტი მომზადებულ კვლევას უცვლელად გთავაზობთ:

 

საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის უპირატესობები

 

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებით საქართველოს მოსახლეობას გაუჩნდა მნიშვნელოვანი სოციალური გარანტიები. თუმცა, პროგრამის მასშტაბებმა გააჩინა რისკები, რომლებიც დაკავშირებული იყო: სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ზრდასთან; პროგრამის ეფექტურ მართვასთან; კერძო სადაზღვევო ბიზნესის განვითარებასთან. როგორც უკვე აღინიშნა, ამ პროგრამის მეშვეობით მოსახლეობის ბაზისური ჯანდაცვის სერვისებით უზრუნველყოფა მოხდა. ცალსახაა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმამ უზრუნველყო ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება: კერძოდ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მოსარგებლეთა ნახევარზე მეტი (51.4%) მანამდე დაზღვეული არ ყოფილა. 2010 წელთან შედარებით, 2017 წელს ავადმყოფობის გამო მოსახლეობა უფრო ხშირად აკითხავდა ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებელს და შემცირდა თვითმკურნალობაზე გაწეული ხარჯები. ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობისა და დანახარჯების კვლევის თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებამ შეამცირა სერვისებზე ფინანსური ბარიერები, განსაკუთრებით ჰოსპიტალურ სერვისებზე, ფინანსური ხელმისაწვდომობა გაიზარდა მედიკამენტებსა და ლაბორატორიულ გამოკვლევებზე. 2017 წელს მოსახლეობის 82% ეძებდა სამედიცინო მომსახურებას, თუკი ავადმყოფობდა 6 თვის განმავლობაში, მაშინ როდესაც იგივე მონაცემი 2014 წელს იყო 79%. იმ პაციენტების რაოდენობა, ვინც აცხადებს, რომ სჭირდებოდა ჰოსპიტალიზაცია, მაგრამ ვერ მოხვდნენ საავადმყოფოში, შემცირდა, კერძოდ 2.2% 2014 და 1.2% 2017 წელს.

 

განახევრდა იმ პაციენტების წილი, რომლებიც ექიმთან ვიზიტის დროს მოელოდნენ კონსულტაციის ღირებულების გადახდას - შემცირდა 69.4%-დან 36.7%-მდე 2014 წელს, (2010 წელთან შედარებით) და 34.5%-მდე 2017 წელს.

 

სამედიცინო მომსახურებაზე უნივერსალურმა ხელმისაწვდომობამ მნიშვნელოვნად შეამცირა ჯიბიდან დანახარჯები და გაზარდა ფინანსური დაცულობა. თუმცა, ჯიბიდან გადახდილი თანხები მაღალი რჩება ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში. მოსახლეობა კარგად არის ინფორმირებული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შესახებ (მოსახლეობის 74% ინფორმირებულია) და გაუმჯობესდა ჯანდაცვის სისტემის მიმართ მომხმარებელთა გამოცდილება. 2017 წლის მონაცემებით მოსახლეობის 56% შეუძლია მივიდეს სამედიცინო დაწესებულებაში 15 წუთში (2014 წელს 49%); სტაციონარზე დანახარჯი წარმოადგენს 67 %, მაშინ როცა 25% აკუმულირებულია პირველად ჯანდაცვაში; მოსახლეობის დიდი ნაწილი პირდაპირ სტაციონარს აკითხავს (32% 2017 წელს, ხოლო 31% 2014 წელს) ვიდრე პირველად ჯანდაცვას.

 

აღნიშნულის მიუხედავად, მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი ზოგადად ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობის ამაღლებისათვის, ასევე ჯანდაცვით მომსახურების სრულ სპექტრზე ხელმისაწვდომობის ზრდისა და სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით.

 

საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის ნაკლოვანებები


დაფინანსების პრობლემები - საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებიდან 6 წლის შემდეგ, მისი ფინანსური მაჩვენებლების და სხვა მონაცემების შესწავლით ნათლად გამოჩნდა, რომ პროგრამის შექმნისას არ იყო სათანადოდ გაცნობიერებული მოსალოდნელი რისკები, რომლებიც პროგრამის განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე იჩენდა თავს. პროგრამას არ გააჩნდა სამოქმედო გეგმა და სტრატეგია, რომელიც ხელს შეუწყობდა პროგრამის ეფექტურ და თანმიმდევრულ განვითარებას. პროგრამის არსებული ფორმით გაგრძელება დაკავშირებულია მთელ რიგ რისკებთან. მათ შორის: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე გაწეული ხარჯების ზრდის არსებული ტენდენცია წარმოშობს საფრთხეს, რომ სახელმწიფო ვეღარ უზრუნველყოფს პროგრამის განსახორციელებლად საჭირო ფინანსური რესურსის მოძიებას და სამედიცინო დაწესებულებების მიერ გაწეული მომსახურების საფასურის დროულ დაფარვას, რაც გამოიწვევს პროგრამის ფუნქციონირების შეფერხებას. ჯანმრთელობის ეროვნული ანგარიშების თანახმად, ნათელია ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების მკვეთრი ზრდა.




 

მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა - გარდა დაფინანსების პრობლემების, პრობლემაა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა, კერძოდ, გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის მიხედვით, საქართველოში ოჯახები ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯების 69%-ს მედიკამენტების შესაძენად ხარჯავენ. ზოგიერთი ოჯახის მიერ სამედიცინო მომსახურებასა და მედიკამენტებზე ჯიბიდან გაწეულ ხარჯებს UNICEF კატასტროფულად მაღალს უწოდებს. კვლევა აჩვენებს, რომ 2017 წელს შინამეურნეობების დაახლოებით 27% აღნიშნა, რომ მედიკამენტების შეძენა მათთვის უმთავრესი პრობლემა იყო.



ადამიანური რესურსები ჯანდაცვაში - ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ადამიანების რაოდენობით საქართველო სრულ ასიმეტრიაში მოდის ევროპის რეგიონის ქვეყნებთან შედარებით, რადგან: თითქმის ორჯერ მეტი ექიმი ყავს საქართველოს ვიდრე საშუალო ევროპულ ქვეყანას, ანუ დაახლოებით 10,000 ექიმით მეტი, თითქმის ორჯერ ნაკლები ექთანი (საშუალო სამედიცინო პერსონალი), ანუ დაახლოებით 12,500-ით ნაკლები. ეს დისბალანსი კიდევ იმით მწვავდება, რომ არის საექიმო სპეციალობები, სადაც საქართველოს ექიმი არასაკმარისი რაოდენობით ჰყავს. მაგალითად: ფსიქიატარია, ფთიზიატრიაპულმონოლგია და ასე შემდეგ.


პირველადი ჯანდაცვა - 2013 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ერთ-ერთი მიზანი იყო: (#36დადგენილება) „ამბულატორიული მომსახურების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების რაციონალიზაციის მიზნით“. მიუხედვად ამისა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ნაკლებ აქცენტს აკეთებდა და აკეთებს პირველად ჯანდაცვასა და დაბალხარჯიან ამბულატორულ მომსახურებაზე, რაც თვით პროგრამის ძირითად მიზნებს ეწინააღმდეგება. ეს კი იწვევს გადაუდებელ სერვისებთან დაკავშირებული ხარჯების ზრდას (უკვე არსებული მდგომარეობა ამ აზრს თვალნათლივ ადასტურებს), რაც სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის თავად პროგრამის განხორციელებას. ამბულატორიულ მომსახურებაზე სახელმწიფო დანახარჯი გაორმაგდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დანერგვის შემდეგ, თუმცა ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯებში ამბულატორიულ მომსახურებაზე დანახარჯის წილი 2016 წლის შემდეგ ფაქტობრივად არ იცვლება და მთლიანი ჯანდაცვის სახელმწიფო ხარჯის მხოლოდ მეოთხედს შეადგენს, ხოლო ჰოპიტალურ მომსახურებაზე დანახარჯები მზარდია და 2015 წლიდან მთელი ჯანდაცვის სახელმწიფო ხარჯის დაახლეობით 2/3 შეადგენს. ამბულატორიული მიმართვიანობის მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე გაიზარდა 30%-ით და არ აჭარბებს 4 ვიზიტს წელიწადში (ეს მაჩვენებლი 2.5-ჯერ ნაკლებია საშუალო ევროპული ქვეყნის მაჩვენებელზე).


მაშინ როცა ამავე პერიოდში ძვირადღირებული ჰოსპიტალური სერვისების უტილიზაციამ მეტად მოიმატა და განსაკუთრებით გადაუდებელი ოპერაციების შემთხვევაში დაფიქსირდა სერვისების მოხმარების დაახლოებით 300%-იანი მატება. აღსანიშნავია, რომ კაპიტაციური (ერთ სულ მოსახლეზე) დაფინანსების სისტემა არსებული სახით არაეფექტიანია და ეს ანაზღაურება 1.93 ლარის ოდენობით აბსოლუტურად არ არის საკმარისი იმ მომსახურების მისაწოდებლად, რომელიც ამ საფასურის ნაცვლად მოიაზრება.


ამას გარდა პარლამენტის მიერ დამტკიცებულ დოკუმენტში - “საქართველოში ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარების ხედვა 2030” აღნიშნულია, რომ: „საქართველოში ჯანმრთელობის დაცვის ელექტრონული სისტემის სხვა მრავალი კომპონენტის ტელემედიცინის, მობილური ჯანმრთელობის, ტელეპრევენციის, დისტანციური განათლების განვითარებისათვის აუცილებელია საკანონმდებლო და ტექნოლოგიური ცვლილებების გატარება და ევროკავშირის ანალოგიურ სისტემებთან ჰარმონიზებული ინტეროპერაბილური სისტემის შექმნა“.

 

„კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება პირველადი ჯანდაცვის დეფინიცია, სისტემის ორგანიზაციული მოწყობის მოდელი და მარეგულირებელი გარემო, სუსტი უკუკავშირი პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებსა და ჰოსპიტალურ დაწესებულებებს შორის, მომსახურების ფრაგმენტულობა, ნაკლები ყურადღება დაავადებათა პრევენციაზე, მათ ადრეულ გამოვლენასა და მართვაზე. ქვეყნის დონეზე არაერთგვაროვანი და საკმაოდ განსხვავებულია პირველადი ჯანდაცვის ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის ხარისხი. ათწლეულია არ ჩატარებულა პირველადი ჯანდაცვის ობიექტების ინვენტარიზაცია“- ნათქვამია პარლამენტის მიერ მიღებულ სტრატეგიაში 2030 წლისათვის.


შესაბამისად, ბევრი პრობლემაა დაგროვილი, როგორც ჰოსპიტალურ ისე პირველადი ჯანდაცვის დონეზე.აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სისტემის ბენეფიციარი არის მთელი მოსახლეობა, მათ შორის სამედიცინო პერსონალი და ჯანდაცვის სპეციალისტებიც. მათთან კომუნიკაციისა და კოორდინირებული მოქმედების გარეშე ნებისმიერი რეფორმის წარმატება ეჭვის ქვეშ დგება. აქედან გამომდინარე ღია დისკუსიები და განხილვები დარგის სპეციალისტებთან და ექსპერტებთან მეტად მნიშვნელოავნია.


ახალი რეფორმის ფარგლებში ანაზღაურების ახალ სისტამაზე გადასვლა მიმდინარეობს, რაც მოიცავს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მიწოდებული სერვისების ტარიფების გათანაბრებას. ამ დადგენილების მიზანია სამედიცინო დაწესებულებებმა, რომლებიც ჩართულნი არიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, კონკრეტული სამედიცინო სერვისები ერთიანი დადგენილი ტარიფით მიაწოდონ. სახელმწიფოს, როგორც შემსყიდველის ინტერესი არის - შეზღუდოს მზარდი დანახარჯი ჯანდაცვის სექტორში. ხშირ შემთხვევაში სახელმწიფო არის ერთადერთი გადამხდელი და აუცილებელია, ფასების რეგულირება, მაგრამ სახელმწიფო ნაკლებად თამაშობს მარეგულირებლის როლს და გვევლინება მომსახურების შემსყიდველად და, შესაბამისად, სახელმწიფო, როგორც შემსყიდველი, დაინტერესებულია ნაკლები გადაიხადოს.


სამინიტროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აღნიშნული რეგულაციები გაზრდის სამედიცინო სერვისებზე მოსახლეობის ფინანსურ ხელმისაწვდომობას მთლიანად საქართველოში. კერძოდ, ტარიფების გათანაბრების შედეგად, როდესაც განსაზღვრულია ნოზოლოგიის ფასის ჭერი, პაციენტისათვის გასაგები იქნება ესა თუ ის მომსახურება რა ფინანსურ ვალდებულებასთანაა დაკავშირებული. შესაბამისად, არ იქნება განსხვავებული ფასები სხვადასხვა კლინიკებში. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო აპირებს საკმაოდ სოლიდური თანხების დაზოგვას. როგორც ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე აცხადებს: „რეანიმაციის სერვისისთვის ის დანაზოგი, რომელიც გათანაბრებით შეიძლება მივიღოთ, ესაა დაახლოებით, 30 მლნ ლარის ფარგლებში, რაც შეეხება კარდიოქირურგიის დარგს, აქ სახელმწიფოს მხარეს ძალიან მცირეა დანაზოგი, სადღაც 3 მლნ ლარი აქვს მოსალოდნელი დანაზოგი, თუმცა აქ მოსალოდნელია 11 მლნ ლარის დაზოგვა პაციენტების მიერ, რომელიც მოდის ჯიბიდან გადახდის წილზე და სხვადასხვა დანამატის ხარჯზე. მაგალითად, კონკრეტული ექიმის არჩევისთვის მისი ჰონორარი ან სხვა დამატებითი ხარჯი, რომელიც ჩვენ არგუმენტირებულად ვერ ჩავთვალეთ იმისთვის, რომ შეგვენარჩუნებინა ტარიფი“.


ანაზღაურების ახალი სისტემის უპირატესობებს და ნაკლოვანებებს დრო გვიჩვენებს, თუმცა აღნიშნულ რეგულაციებს უფრო უარყოფითი ეფექტი ექნება ჯანდაცვის სისტემაზე და მომხმარებელზე, ვიდრე დადებითი.


კერძოდ, ზოგ შემთხვევაში სერვისების ფასი რეალურ ღირებულებაზე გაცილებით ნაკლებია, რაც, ცხადია, მიუღებელია კერძო სამედიცინო პროვაიდერებისათვის. კერძო მიმწოდებელები სამართლიანი და ადეკვატური ტარიფების დაწესებას მოითხოვენ, მაგრამ ტარიფების გათანაბრება თვითღირებულებაზე ნაკლები ფასით დაუშვებელად მიაჩნიათ. როგორც სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლები აცხადებენ: „#520 დადგენილებით შემოთავაზებული ტარიფები ხშირ შემთხვევაში უფრო ნაკლებია, ვიდრე სახარჯი მასალის ღირებულება და ამ ტარიფებით შეუძლებელია არათუ ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდება, არამედ ზოგიერთი სერვისების მიწოდება საერთოდ შეწყდება“.


არაადეკვატური ტარიფები საფრთხეს უქმნის მაღალტექნოლოგიური სერვისების განვითარებას. ნიშანდობლივია, რომ რეფორმა შეეხო მედიცინის ყველაზე უფრო განვითარებულ მაღალტექნოლოგიურ და მნიშვნელოვან სამედიცინო მიმართულებებს, როგორიცაა რეანიმაციული მომსახურება, კარდიოლოგია, კარდიოქირურგია, არითმოლოგია. შესაბამისად, სერვისების მიწოდების პრობლემა აღნიშნულ დარგებში შეიქმნება.


რაც მთავარია, #520 დადგენილებით საფრთხე ექმნება პირველ რიგში პაციენტებს, რომლებიც საერთოდ ვეღარ ისარგებლებენ მთელი რიგი სერვისებით, ხოლო რიგ სერვისებზე მნიშვნელოვნად შეეზღუდებათწვდომა, რადგანაც ეს რეფორმა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ზოგიერთი სამედიცინო მიმართულებების არსებობას საქართველოში.


„რეგულირების შემოთავაზებული მოდელი სრულად ვერ პასუხობს ჯანდაცვის სფეროში არსებულ გამოწვევებს - უხარისხო და არასაჭირო მომსახურების მიწოდებას და შესაბამისად ბუნდოვანია სახელმწიფოს სტრატეგიული ხედვა და პრობლემის მოსაგვარებლად საჭირო კომპლექსური ნაბიჯების თანმიმდევრობა. სამედიცინო ხარჯების რეგულირება წარმოადგენს მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ერთ-ერთ კომპონენტს და ვერ იქნება ეფექტიანი ყოვლისმომცველი სტრატეგიული მიდგომის გარეშე“, - ნათქვამია კვლევაში.

 

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს კონრად ადენაუერის ფონდმა (KAS) და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა (EPRC) დააფუძნეს ეკონომიკური დისკუსიების პლატფორმა, KAS EPRC ეკონომიკური არენა. პლატფორმა არის გრძელვადიანი ინიციატივა, რომლის მიზანია მოხდეს ეკონომიკურ და სოციალურ თემებზე კვლევაზე დაფუძნებული დისკუსიის ინიცირება.


ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up