2019 წლის ბიუჯეტის მიხედვით მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის დაფინანსება, 2018 წლის გეგმასთან შედარებით, 50 მლნ ლარით იზრდება. როგორც ბიუჯეტის პროექტში ვკითხულობთ, მომავალი წელს აღნიშნული პროგრამისთვის 754.0 მლნ ლარია გათვალისწინებული. აღსანიშნავია, ისიც რომ ახალი ბიუჯეტით ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსება გაორმაგდა და ის 20 მლნ ლარს შეადგენს.
საქართველოში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა 2013 წელს ამოქმედდა და მას სოციალური მომსახურების სააგენტო ახორციელებს. მისი ეფექტური და შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის თანხების მოძიება კი თავად დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს ვალდებულებაა. მიუხედავად იმისა, რომ პროგრამის ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება, შესრულებული ხარჯები მაინც ყოველთვის მნიშვნელოვნად აჭარბებს გეგმას. სწორედ ამიტომ, ბიუჯეტის დაგეგმვისას, აუცილებლად გასათვალისწინებელია ისეთი სერიოზული ფაქტორების არსებობა, როგორიც სამედიცინო მომსახურებაზე მოთხოვნისა და ჯანდაცვის ხარჯების ზრდაა.
2016 წელს საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი 570 მლნ ლარით განისაზღვრა, მაგრამ პროგრამის 31 დეკემბრამდე უხარვეზოდ მიღწევისთვის ეს თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა და წლის ბოლომდე დამატებითი თანხების მოძიება გახდა საჭირო. საბოლოო ჯამში კი პროგრამის რეალურმა ხარჯმა 623 მლნ ლარი შეადგინა.
2017 წელს დაფინანსების გეგმა 660 მლნ ლარი იყო, თუმცა პროგრამის შესრულებულმა ხარჯმა 710 მლნ ლარს მიაღწია. წელს პროგრამის ბიუჯეტი, პირველადი ვარიანტით, 704 მლნ ლარია.
ამგვარი გამოცდილებიდან გამომდინარე, საინტერესოა, რამდენად ეფექტურად ახერხებს სამინისტრო წელს პროგრამის ხარჯების შეკავებას და იქნება თუ არა საკმარისი მომავალი წლისთვის განსაზღვრული ბიუჯეტი? ჩვენს კითხვებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ანალიტიკოსი, გოგა თუშურაშვილი პასუხობს.
რამდენად ადეკვატურია მომავალი წლის ბიუჯეტის 50 მლნ ლარის ოდენობით მატება ?
პროგრამის ამოქმედების დღიდან, მნიშვნელოვანი პრობლემები შეინიშნება პროგრამის წლიური ბიუჯეტის დაგეგმვისას. სახელმწიფო წლების განმავლობაში ვერ უზრუნველყოფდა ხარჯების ეფექტიან დაგეგმვას, რაც დამატებითი სახსრების მოძიების აუცილებლობას წარმოშობდა. წლების განმავლობაში პროგრამის გეგმიურ და ფაქტიურ მაჩვენებლებს შორის არსებული განსხვავებები, რა თქმა უნდა, აჩენს კითხვებს 2019 წლის ბიუჯეტის პროექტით განსაზღვრული მაჩვენებლის შესაბამისობასთან დაკავშირებით. კერძოდ, კვლავ არის კითხვები, რამდენად არის ამ მაჩვენებელში გათვალისიწინებული, ჯანდაცვაზე ხარჯების ზრდის ტენდენციები, თუ პროგრამის ეფექტურ მართვასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები.
რამდენად ეფექტურად მიმდინარეობს წელს ხარჯების შეკავება და როგორ ფიქრობთ, მოუწევს თუ არა სამინისტროს დამატებითი სახსრების მოძიება?
მიდინარე წლის ბიუჯეტის გეგმით მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამისთვის გათვალისწინებული იყო 704 მილიონი ლარი, რაც მოგვიანებით დაზუსტდა და ამჟამად 9 მლნ ლარით მეტს, 713 მილიონ ლარს შეადგენს. სახელმწიფო ხაზინის ოპერატიული ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით ათვისებულია დაახლოებით ამ თანხის 77,5%. ეს მაჩვენებელი, არ გამორიცხავს რომ წლის ბოლოს სამინისტროს კვლავ მოუწიოს გარკვეული სახსრების მოძიება.
რა ხარვეზები იკვეთება პროგრამის ეფექტური მართვის მიმართულებით?
ხარჯების რაციონალური განკარგვა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ პროგრამის ეფექტურ მართვაზე. ზოგადად პროგრამის მასშტაბები, სამედიცინო დაწესებულებების სრულფასოვანი კონტროლის შეუძლებლობის მნიშვნელოვან რისკებს წარმოშობს. მაგალითად, გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციების რიცხვის მკვეთრი მატებები ბადებს ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად კარგად უმკლავდება სააგენტო, სამედიცინო დაწესებულებების მიერ დამატებითი ანაზღაურების მიღების მოტივით, პაციენტის დიაგნოზის ხელოვნურად დამძიმების შემთხვევების მონიტორინგს.
პროგრამის ამოქმედებიდან 6 წლის შემდეგ, უკვე დღეს, რა არის მისი მთავარი გამოწვევები?
პროგრამის ამოქმედებიდან 6 წლის შემდეგაც, ყველაზე პრობლემურად სახელმწიფო მხრიდან პროგრამის განვითარების გრძელვადიანი ხედვის არარსებობა უნდა შეფასდეს. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებისას, სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი სტრატეგიისა და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის არსებობის პირობებში, მეტი სტაბილურობა ექნებოდა როგორც პროგრამას, ასევე, კერძო სადაზღვევო სექტორს. პროგრამის ეფექტური მართვის თვალსაზრისით, კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევაა სახელმწიფო სახსრების განკარგვის მონიტორინგის არსებული სისტემა, რომელიც მრავალ კითხვის ნიშანს ბადებს. კონკრეტულად, რამდენად სრულფასოვნად არის უზრუნველყოფილი სამედიცინო დაწესებულებების კეთილსინდისიერი საქმიანობა.