„სახელმწიფოს მშენებლობებზე უსაფრთხოების კონტროლის ნება არ აქვს“

„სახელმწიფოს მშენებლობებზე უსაფრთხოების კონტროლის ნება არ აქვს“

access_time2016-07-20 14:14:14

„სახელმწიფოს უმოქმედობა არის ირიბი მონაწილეობა იმ „დანაშაულში“, რომელსაც ჩადის დამსაქმებელი სამუშაოს წარმოებისას. სახელმწიფო ცდილობს დამსაქმებლებს შეუქმნას კომფორტული გარემო, რასაც არაერთი ადამიანთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა ეწირება“.


ბათუმში წელს მშენებლობებზე მუშების დაშავების ან დაღუპვის არც ერთი შემთხვევის გამოძიება ამ დრომდე არ დასრულებულა. სახელმწიფოს მშენებლობებზე უსაფრთხოების კონტროლის ნება არა აქვს. - ამის შესახებ გამოცემა „ბათუმელები“ წერს და ერთერთ მწვავე პრობლემას, შრომის უსაფრთხოებას ეხება.

 

მშენებლობის პროცესში უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლი, თუმცა ის პრაქტიკაში აე მუშაობს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ამჟამად მშენებლობაზე ერთი დაშავებული მუშა ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული -2 ივლისს „DS Group“-ის მშენებლობაზე დაშავდა 49 წლის იოსებ შავაძე. 

 

მასთან ერთად ქარგილის, ე.წ. „აპალოვკის“ დასხმის დროს დაშავდა იოსებ გობაძეც. ის რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანიდან მესამე დღეს გარდაიცვალა. 


38 წლის მერაბ ჭაღალიძე ფიროსმანის ქუჩაზე ჩამოვარდა მშენებლობიდან 24 ივნისს. აქ საცხოვრებელ კორპუსს „Real Palace“ აშენებს. კორპუსში, რომლის მეათე სართულიდანაც მერაბი გადმოვარდა, მისმა ოჯახმა საცხოვრებელი ბინა მიიღო. მერაბის ძმა უბედური შემთხვევის დროს და ახლაც ამავე მშენებლობაზე განაგრძობს მუშაობას მშენებლად. მას ჟურნალისტებთან საუბარი არ სურს. 

 

კიდევ ერთი უბედური შემთხვევა მოხდა მაისში ბათუმში, „შველას“ მშენებარე კორპუსზე, რომლის მეექვსე სართულიდან 30 წლის მუშა ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიება არ დასრულებულა. 

 

კიდევ ერთი მუშა „პორტა ბათუმის“ მშენებლობიდან 8 თებერვალს ჩამოვარდა. მუშა იქაც ადგილზე გარდაიცვალა.

 

მშენებელი კომპანიების პასუხები იდენტურია. ისინი მუშების დაღუპვაში საკუთარ პასუხისმგებლობას გამორიცხავენ და ირწმუნებიან, რომ უსაფრთხოების ყველა ზომა დაცული აქვთ. ამის მიუხედავად, ბათუმის ქუჩებში იოლია ნახო მშენებელი სამშენებლო ჩაფხუტის გარეშე, ან კიდევ მშენებლობა – მოაჯირის გარეშე.

 


„ამ საკითხზე ახლა ვერ გიპასუხებთ. შემიძლია, დამაჯერებლად გითხრათ, რომ შრომის პირობების მონიტორინგი და მისი უზრუნველყოფა შრომის და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს პრეროგატივაა. იქ უკვე მოქმედებს შრომის ინსპექცია, ეს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში მოეწყო და კომენტარი მათ უნდა გააკეთონ,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში.

 

გაზეთმა „ბათუმელებმა“ მას მიმართა შეკითხვით, რა სირთულის გამო ვერ სრულდება 240-ე მუხლით დაწყებული გამოძიება. კითხვაზე პასუხის გაცემის დროს, არჩილ თალაკვაძემ აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ ინვესტორებისთვის ხელსაყრელი გარემო არ უნდა დაზარალდეს: „საქართველომ უნდა მოახერხოს რეგულირება იმგვარად, რომ დაცული იყოს დასაქმებულის უფლებები და ისიც, რომ ინვესტორებისთვის იყოს ხელსაყრელი გარემო. ეს ოქროს შუალედი უნდა მოიძებნოს.“

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ბათუმელებს“ კანონით განსაზღვრულ 10 დღის ვადაში არ მოაწოდა ინფორმაცია, რამდენი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მშენებლობებზე უსაფრთხოების წესების დარღვევის საფუძვლით, თუმცა ამ უწყებიდან „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრისთვის“ მიწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2011 წლიდან 2015 წლის ჩათვლით, მშენებლობებზე სულ 691 ადამიანი დაშავდა, დაიღუპა – 212. საერთო სასამართლოებმა სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის დარღვევაზე სულ 126 საქმე განიხილეს, სადაც პროკურატურას ბრალი 159 პირის წინააღმდეგ ჰქონდა წაყენებული. ამ სტატისტიკაში არ ჩანს, რა შედეგით დასრულდა საქმის განხილვა სასამართლოებში.

 

სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 5-წლამდე, ასევე თანამდებობის ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ვადით 3 წლამდე – კანონის ამ შეზღუდვით არ უსარგებლია ბათუმის საქალაქო სასამართლოს ბოლო სამი წლის განმავლობაში. „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2014 წლიდან დღემდე სასამართლოს მშენებლობებზე უსაფრთხოების წესების დარღვევის სულ 12 საქმე განუხილავს, თორმეტივეზე გამამტყუნებელი განაჩენი დამდგარა და თორმეტივე შემთხვევაში მხოლოდ ჯარიმით დაუღწევიათ დამრღვევებს თავი სასამართლოსგან. 9 შემთხვევაში საპროცესო გარიგება გაფორმდა და მშენებელ კომპანიების ხელმძღვანელ პირებს პირობითი მსჯავრი შეეფარდათ ჯარიმებთან ერთად. დანარჩენ 3 შემთხვევაში კი სასამართლო მხოლოდ ჯარიმით შემოიფარგლა (ჯარიმის მინიმალური ოდენობა 1000 ლარია გამოყენებული, მაქსიმალური – 7 ათასი.) მიმდინარე წელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მხოლოდ ერთი საქმე განუხილავს მშენებლობების უსაფრთხოების წესების დარღვევაზე.

 

„სახელმწიფოს მალე ეყოლება ძლიერი და ეფექტური შრომის ინსპექცია“, – ამბობს ელზა ჯგერენაია, რომელიც ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელია. კითხვაზე, ვის უნდა მოეთხოვოს პასუხი, როცა ადამიანები მშენებლობებზე იღუპებიან, ის აცხადებს, რომ შრომის ინსპექციას ამ ეტაპზე მშენებლების შემოწმება მხოლოდ მაშინ შეუძლია, თუკი მესაკუთრე წერილობით თანხმობას განუცხადებს. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, უწყებას მხოლოდ რეკომენდაციების გაცემის უფლება აქვს.

 

„ასეა, მაგრამ გაცემული რეკომენდაციების შესრულების სტატისტიკა საკმაოდ პოზიტიურია“, – აცხადებს ელზა ჯგერენაია, „შემოწმებული კომპანიებიდან 60 პროცენტს ნაწილობრივ შესრულებული აქვს რეკომენდაციები, 30 პროცენტს – სრულად, ხოლო 10 პროცენტს, ეს სადღაც 7 კომპანია გამოდის, არ გაუთვალისწინებია რეკომენდაციები. დამსაქმებლების მხრიდან აშკარაა ცნობიერების დაბალი დონე, არ იციან, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ ისინი, რა სტანდარტით უნდა გამოიყენონ შესაბამისი ტექნიკა და ასე შემდეგ. ჩვენი ამოცანა უფრო ისაა, რომ მივაწოდოთ ინფორმაცია დამსაქმებლებს და მოხდეს პრევენცია. გასაგებია, რომ უბედური შემთხვევების რაოდენობა საგანგაშოა, მაგრამ აუცილებელია მომზადდეს ნორმატიული ბაზა, რის საფუძველზეც შრომის ინსპექცია გახდება ეფექტური და მას ექნება სანქციების გატარების უფლება. ჩვენ მივყვებით გეგმას. მოგეხსენებათ, ეს პროგრამა გასულ წელს ამოქმედდა და ჩვენ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად ვმუშაობთ. მუშაობა მიმდინარეობს კანონპროექტზეც, რომელიც შრომითი უსაფრთხოების წესების გამკაცრებასაც მოიცავს და მას რამდენიმე თვეში შევიტანთ პარლამენტში“.

 

რატომ ვერ მოახერხა ხელისუფლებამ დღემდე შრომის ინსპექციის ამოქმედება და გრძნობენ თუ არა პარლამენტში პასუხისმგებლობას მშენებლობებზე, რომელზეც უსაფრთხოების უზრუნველყოფის ნება ხელისუფლებას აქამდე არ გაუჩნდა – პარლამენტის ვიცე-სპიკერი კოალიცია „ქართული ოცნებიდან“, მანანა კობახიძე აცხადებს, რომ სამართლებრივი ბაზა ამ კუთხით სრულად მოწესრიგებულია:

 

„ეს არის, პირველ რიგში, შრომის კოდექსი, სადაც პირდაპირ გვაქვს მითითებული 35-ე მუხლი – უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს უფლება. ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მივიღეთ ახალი შრომის კოდექსი, რომელიც მოწონებული იქნა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ და ამან მნიშვნელოვნად შეცვალა ის რეალობა, რომელიც მანამდე იყო. შრომის ახალმა კოდექსმა პირდაპირ უზრუნველყო ჯანსაღი გარემოს შექმნა…“.

 

„კანონი გვაქვს, საჭიროა მისი სწორად აღსრულება… გარდა ამისა, ყველა საქმე ინდივიდუალურია. საინტერესოა, თვითონ მსხვერპლმა დაიცვა თუ არა უსაფრთხოების ზომები. იქნებ სწორედ საწარმოს მხრიდან ეს ზომები არ იყო დარღვეული? ყველა საქმე უნდა იქნეს გამოძიებული. ამის მეტს ვერაფერს გეტყვით, მე არ ვარ შრომითი უსაფრთხოების ექსპერტი,“ – განაცხადა  კობახიძემ.

 

 

დარგობრივი კომიტეტი ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის კომიტეტია. მისი ხელმძღვანელი – დიმიტრი ხუნდაძეა, რომელმაც „ბათუმელებს“ კომენტარი არ მისცა.

 

კიდევ ერთი უწყება, რომელმაც მშენებლობის უსაფრთხოება უნდა აკონტროლოს, მერიის ზედამხედველობის სამსახურია. წესი არსებობს, თუმცა აქ არ მუშაობს ტექნიკური ჯგუფი ან სპეციალისტი, რომელიც შეამოწმებს, არის თუ არა რეალურად დაცული უსაფრთხოების ნორმები მშენებლობაზე: „ასეთი ჯგუფი არ გვყავს. მარტო მაშინ ვრეაგირებთ, როცა ჩაფხუტების გარეშე მუშაობენ მშენებლები. ამ შემთხვევაში იწყება ადმინისტრაციული წარმოება და კომპანიას ვაძლევთ გაფრთხილებას. შემდეგი შემოწმების დროს, თუ ანალოგიური მდგომარეობა დაფიქსირდება, 500 ლარით ვაჯარიმებთ ობიექტს. მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით აღსრულებას მაშინ გადაეცემა საქმე, თუკი ამ დარღვევას სისტემატური ხასიათი აქვს,“ – განაცხადა ირაკლი მოქიამ, ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა.

 

მოითხოვა თუ არა ბათუმის მერიამ რომელიმე მშენებელი კომპანიის მშენებლობის შეჩერება იმის გამო, რომ იქ უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო? – ირაკლი მოქიას თქმით, ასეთი რამდენიმე შემთხვევა იყო, თუმცა რომელი – არ ახსოვს: „DS Group“-ის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნაც გვქონდა გადაცემული აღსრულებაზე, ოღონდ სამშენებლო პროექტის დარღვევის გამო. აღსრულება არ მომხდარა მაინც.“


მერია და აღსრულების ეროვნული ბიურო უკანონოდ მიჩნეული მშენებლობის შეჩერებას რომ ვერ ახერხებს, ამის შესახებ „ბათუმელები“ ადრეც წერდა. ირაკლი მოქია ფიქრობს, რომ კანონი უნდა შეიცვალოს და აღსრულების ბიურო მხოლოდ წერილობითი შეტყობინებებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს: „როცა საჭიროა, მაშინვე უნდა ჩაერთოს საქმეში პოლიცია და სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაც უნდა იყოს შესაძლებელი“.

 

გიორგი ხიმშიაშვილი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი ამბობს, რომ შრომითი უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფოს დამოკიდებულება სიცოცხლის უფლების ხელყოფად შეიძლება შეფასდეს: „სწორედ სახელმწიფოს უმოქმედობა არის ირიბი მონაწილეობა იმ „დანაშაულში“, რომელსაც ჩადის დამსაქმებელი სამუშაოს წარმოებისას. სახელმწიფო ცდილობს დამსაქმებლებს შეუქმნას კომფორტული გარემო, რასაც არაერთი ადამიანთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა ეწირება“.

 

მერია აღიარებს, რომ ვერ აკონტროლებს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – კანონს ელოდება, კანონმდებლებმა იციან, რომ კანონი უკვე დაწერილია, შსს-ს უცვლელი გზავნილი აქვს – „მიმდინარეობს ძიება 240-ე მუხლით“. შესაბამისად, გამონაკლისი მშენებელი, თუკი ამ უმოქმედობის მიუხედავად, განსასჯელის სკამზე აღმოჩნდა, ჯარიმას იხდის და ისევ სამშენებლო პოლიგონს უბრუნდება, სადაც უკვე სხვა ადამიანის სიცოცხლე დგას რისკის ქვეშ.



თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი
access_time2020-07-03 16:30:44
„კომერსანტი“ გთავაზობთ ინტერვიუს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ს გენერალურ დირექტორ ზურაბ შავლაყაძესთან -რა კვადრატულობის საოფისე ფართების ქირავნობა არის შესაძლებელი სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ში? -“ქარვასლა’’-ში მეორე...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-03 21:30:18
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.თუ ღვინო ყურძნისგან გაკეთდება და ხარისხის პრობლემა მოგვარდება, რთველის სუბსიდირება საჭირო აღარ იქნება - ირაკლი იაშვილი კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“...

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?
access_time2020-07-03 18:00:58
იმედი, რომ ახალი „შრომის კოდექსი“, რომელზეც ახლა პარლამენტში მსჯელობენ, არსებულზე გაცილებით სრულყოფილი და ევროპულ სტანდარდარტებთან მიახლოებული იქნებოდა, ნელ-ნელა უქრებათ მშრომელთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.კომიტეტებში კანონპროექტის განხილვისას გამოჩნდა, რომ უმრავლესობაში არსებობს წინააღმდეგობა კანონში არაერთი ჩანაწერის მიმართ.კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია უკვე საგრძნობლად შეცვლილი და როგორც სამოქალაქო სექტორი ამბობს, „დაჩეხილია“. თუმცა მთავარი...

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“
access_time2020-07-03 13:50:14
გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ გრანთ თორნთონ საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი უსანეთაშვილმა საქართველოს მობილური ბაზრის კვლევის შედეგებზე ისაუბრა. ჩვენ შევაფასეთ მობილური ბაზრის მთავარი ინდიკატორები : აბონენტთა რაოდენობა ,შეღწევადობა, რაც გულისხმობს, აქტიური სიმბარათების ჯამურ რაოდენობას, შეფარდებული მოსახლეობასთან,ასევე საშუალო შემოსავალი ერთ აბონენტზე. აბონენტთა რაოდენობით, საქართველო ევროპაში 26-ე ადგილზეა. 2019 წლის...

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა
access_time2020-07-03 16:00:19
სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთის საერთო სიგრძე 51.5 კმ-ია, პროექტი 4 ლოტად ხორციელდება და დაფინასების წყარო ევროპის საინვესტიციო ბანკია (EIB). აღნიშნული გზის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. უნდა აღინიშნოს, რომ სამტრედია-გრიგოლეთის გზის ოთხივე მონაკვეთის მშენებლობა შეფერხებით მიმდინარეობდა. განსაკუთრებით პრობლემური გზის მეორე მონაკვეთი აღმოჩდა, სადაც პროექტის დასრულების შემდეგ გზაზე ჯდენები წარმოიშვა, რამაც გზის საფარის მოწყობა შეაფერხა და შესაბამისად,...


მსგავსი სიახლეები

up