სახელმწიფო ვალის მოცულობა მიმდინარე წელს კრიტიკულ მშპ-სთან მიმართბაში 60%-იან ნიშნულს ჩამოსცდება, 2025 წლისთვის კი შესაძლოა 50%-მდე შემცირდეს. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ფინანსთა მინისტრის განმარტებით ეკონომიკის სწრაფი აღდგენის პირობებში, საბაზისო სცენარით ბიუჯეტის დეფიციტი 7.1%-მდე, ხოლო სახელმწიფო ვალის მოცულობა მშპ-სთან მიმართებაში 57%-მდე შემცირდება. ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში კი ვალის მოცულობა წლის ბოლომდე 55%-მდე დაიკლებს.
2020 წელს სახელმწიფო ვალის შეფარდება ეკონოიმიკასთან მიმართებაში, 2002 წლის შემდეგ პირველად 60%-იან ზღვარს გადააჭარბა, 9.3%-მდე გაიზარდა ბიუჯეტის დეფიციტიც. ეკონომიკის აღდგენასთან ერთად ვალი დამატებით შესაძლოა ეროვნული ვალუტის გამყარებამაც შეამციროს. წლის დასაწყისის მაჩვენებლთან შედარებით, ლარი დოლართან მიმართებაში 11 თეთრით გამყარდა. სახელმწიფო ვალის 79% უცხოურ ვალუტაშია დენომინირებული და შესაბამისად კურსის ცვლილება ვალის მოცულობას ზრდის ან ამცირებს.