სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ახალ ხელმძღვანელად გიორგი ჩოგოვაძე დაინიშნა. სამედიცინო ჰოლდინგის ახალი დირექტორი ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ წარადგინა.ტიკარაძის თქმით, სამედიცინო ჰოლდინგში, პირველ ეტაპზე, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო, უნივერსალური სამედიცინო ცენტრი (ონკოლოგიური) და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო შევა.
მინისტრის განცხადებით, ჰოლდინგის ფარგლებში კლინიკების ეტაპობრივი განვითარება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელდება, როგორც სტრუქტურული, ასევე სამედიცინო სერვისების თვალსაზრისით.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, სამედიცინო ჰოლდინგის ახალი დირექტორი კლინიკებთან დაკავშირებით კონკრეტულ სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს და განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები, რომელიც სამედიცინო სერვისების ხარისხს გააუმჯობესებს.
„კლინიკების განვითარების გეგმა შეეხება მათ აღჭურვას, პროფილს, ეფექტურ მართვას, ხარისხის გაუმჯობესებას. ჩვენ ვიზრუნებთ ყველა იმ საჭირო კუთხით განვითარებაზე და პერსპექტივაზე, რომელიც ამ კლინიკებს, მათ სამედიცინო პერსონალს და, რა თქმა უნდა, ჩვენს მოქალაქეებს ესაჭიროებათ“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგში რეგიონალური სამედიცინო დაწესებულებებიც ეტაპობრივად ჩაერთვებიან, რაც ხელს შეუწყობს სამედიცინო სერვისების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპის დაცვას.