ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში სხვა ქვეყნებისთვის გაწეული დახმარების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს.
საქართველოსთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ჯანდაცვის სისტემის 1,7 მილიონი დოლარით დაფინანსებით აშშ ეხმარება საქართველოს ლაბორატორიული სისტემების მომზადებაში, შემთხვევების გამოვლენაში, საპასუხო ზომებისა და მზადყოფნის უზრუნველყოფისთვის ტექნიკური ექსპერტების მომზადებაში, რისკების შესახებ კომუნიკაციის გაძლიერებასა და სხვა საკითხებში. სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში, აშშ-მ საქართველო 3,6 მილიარდი დოლარის ოდენობის მხარდაჭერით უზრუნველყო, საიდანაც 139 მილიონი ჯანდაცვის სფეროსთვის იყო გათვალისწინებული.
საქართველოში კორონავირუსი 348 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 76 უკვე გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.
კარანტინის რეჟიმშია 5000 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 494 მოქალაქე რჩება. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge