ხელისუფლების გაუგებარი სავიზო პოლიტიკის გამო ქვეყანა ტურისტულ პოტენციალს კარგავს - ავიაკომპანია INDIGO-სთან მოლაპარაკებები შეფერხდა

ხელისუფლების გაუგებარი სავიზო პოლიტიკის გამო ქვეყანა ტურისტულ პოტენციალს კარგავს - ავიაკომპანია INDIGO-სთან მოლაპარაკებები შეფერხდა

access_time2019-08-19 10:00:29

„ინდურ ავიაკომპანია INDIGO-სთან, რომელსაც ადგილობრივ ბაზარზე 43% უკავია საქართველომ მოლაპარაკებები განაახლა.

როგორც „კომერსანტს“ TAV Georgia-ს წარმომადგენელმა განუცხადა, ქართულ მხარესა და ინდურ ავიაკომპანიას შორის კომუნიკაცია რამდენიმე დღის წინ შედგა.


„თუმცა, საბოლოოდ მაინც არ არის გადაწყვეტილი  INDIGO წელს დაიწყებს ფრენას საქართველოში თუ არა 2020 წლიდან,“ - აცხადებენ TAV Georgia-ში.


ინდურ ავიაკომპანიასთან საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ მოლაპარაკებები გასულ წელს დაიწო და არაოფიციალური ინფორმაციით პირველი ფრენები 2019 წელს უნდა განხორციელებულიყო, თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებები შეფერხდა. ოფიციალურად მიზეზები არ დასახელებულა.


მაშინ, როცა საქართველოს ხელისუფლება ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაციაზე მუშაობს და უნდა სხვადსხვა ქვეყნის მაღალბიუჯეტიანი ვიზიტორები შემოიყვანოს, მსოფლიოს ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის მხრიდან საქართველოში ფრენების გადადების მიზეზი სავიზო პრობლემები გახდა.


ამ ინფორმაციას „კომერსანტთან“ადასტურებს კომპანია „იბერა ტურს პლიუსის“ დამფუძნებელი მაია მურაჩაშვილი, რომელიც ინდოეთის ბაზარზე მუშაობს. 


მისი თქმით,  იმისათვის, რომ INDIGO-ს ჩვენს ქვეყანაში ფრენის დაინტერესება ჰქონდეს, ხოლო ტურისტულმა კომპანიებმა ინდოეთიდან ტურისტების თავისუფლად მოზიდვა შეძლონ, აუცილებელია, სავიზო პოლიტიკასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება.


„ინდოელი ტურისტების საქართველოში შემოსვლის პოტენციალი ამ ეტაპზე დაკარგულია. ამასთან ფრენა, რატომ უნდა დაიწყოს რომელიმე  ინდურმა ავიაკომპანიამ, თუ არ იცის, მის მგზავრებს საზღვარზე შეუშვებენ თუ არა.  არ არსებობს არანაირი რეგულაცია, ქვეყანა ჩაკეტილია ინდოელი მოქალაქეებისთვის. ამ ქვეყნის მოქალაქეებს არავინ აგებინებს და არ უხსნის, რატომ არ უშვებენ საქართველოში,“ -აცხადებს მაია მურაჩაშვილი.


როგორც კომპანია „იბერა ტურს პლიუსის“ დამფუძნებელი აღნიშნავს, რეალურად ეს პრობლემა ინდოელ ტურისტებს 2017 წელს შეექმნათ.




„წარმოიდგინეთ, წინასწარ გადმორიცხული თანხებით, უკან გააბრუნეს ინდოელი მოქალაქეების ჯგუფი. „თომას კუკის“, მსოფლიო მასშტაბის ტურისტული კომპანიის, 17-კაციანი ჯგუფიდან მხოლოდ 3 ადამიანი შემოუშვეს საქართველოში. ამ სამ ადამიანის ცოლ-შვილიც კი უკან გაუშვეს. ჯგუფი გაყვეს ფაქტობრივად. 


რა თქმა უნდა, ამას მოჰყვა აურზაური. იწერებოდა ინდოეთის მედიაში, რომ საქართველო არ არის უსაფრთხო ქვეყანა. ბევრი ადამიანი, რომელიც საქართველოდან გააბრუნეს და შემდგომ ამერიკაში, ინგლისში, ევროპის სხვა ქვეყნებში შეუშვეს, წერდა, ჩვენ დღეს ევროპის ქვეყნებში და ამერიკაში ვმოგზაურობთ, საქართველომ კი არ შეგვიშვესო. ვერავინ ამიხსნა, რატომ გააბრუნეს ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ შენგენის, ამერიკის, ბრიტანეთის ვალიდური ვიზები.  აქედან გამომდინარე, ფაქტობრივად, ინდოეთის მოქალაქეები აღარც ცდილობენ საქართველოში ვიზიტს. პირადად მე, ამ მოვლენების შემდეგ ურთიერთობა გამიფუჭდა „თომას კუკთან“, ეს კომპანია წარმოადგენს კონგლომერატს და მისი საქართველოში შემოსვლა იქნებოდა ტურიზმის განვითარების ახალი ეტაპი. წარმოიდგინეთ, ეს კომპანიას მსოფლიოს 150 ქვეყანაში ოპერირებს და ყველა ქვეყნიდან რომ შემოეყვანა ტურისტული ჯგუფები ?!  “


როგორც  მაია მურაჩაშვილი აცხადებს, ინდოეთი რამდენიმე მიმართულებით არის საინტერესო საქართველოსთვის.


„ინდოელ ტურისტებს აქვთ ორი ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო მახასიათებელი. ეს ადამიანები სხვა ევროპელი ტურისტებისგან განსხვავებით დიდი ხნით ადრე არ გეგმავენ ტურებს. სწრაფად რეაგირებადი ხალხია, როგორც სეზონურ, ისე არასეზონურ თვეებშიც დადიან სამოგზაუროდ. მაგალითად, ნოემბერშიც, დეკემბერშიც და მარტშიც. ისინი არ ექვემდებარებიან სეზონურობას. ამასთანავე, ეს ხალხი, მოგზაურობს, როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად. ჯგუფურად მოგზაურები კი ყოველთვის მეტი თანხის შემომტანები არიან.“


„იბერა ტურს პლიუსის“ დამფუძნებელი სავიზო პრობლემებს უკავშირებს ინდოეთიდან ინვესტიციების შემოსვლის შეფერხებასაც.


„ინდოეთიდან დიდი რაოდენობით ინვესტიციები შემოდიოდა ჩვენს ქვეყანაში. სასტუმრო, სადაც  ვმუშაობ, ანაკლაში 13 მილიონიან ინვესტიციას წარმოადგენს. აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან დაახლოებით 300 მეტრში 2011 წლიდან დაიწყეს ინდოელებმა მშენებლობა და 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო გახსნეს. ასეთი იყო სხვა პროექტებიც, თუმცა შექმნილი პრობლემების გამო, უარი თქვეს განხორციელებაზე,  ამბობს ტურისტული კომპანიის დამფუძნებელი.



კიდევ ერთი მიმართულება, რაზეც მაია მურაჩაშვილი ამახვილებს ყურადღებას კინოინდუსტრიაა, რაც მსოფლიოში ერთ-ერთ შემოსავლიან ბიზნესად ითვლება.


„ იმ პერიოდში კინოინდუსტრიასთან დაკავშირებული ბევრი პროექტი გაჩერდა. 2015 წელს მყავდა ჩამოყვანილი ბოლივუდიდან პროდიუსერები, 17 ადამიანი. ისინი შევახვედრე ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს, ქართული ფილმის წარმომადგენლებს, თან „ აწარმოე საქართველოს ფარგლებში“ 20%-იანი ქეშბექებიც უბრუნდებოდათ, რასაც პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. ძალიან ბევრი ფილმის გადაღება დაიგეგმა საქართველოში. 2017 წლის ზამთარში სვანეთში იგეგმებოდა მძაფრსიუჟეტიანი ფილმის გადაღება 10 მილიონიანი ბიუჯეტით, რომელიც მთლიანად საქართველოში უნდა დახარჯულიყო. თუმცა, როგორც კი 2017 წელს  დაიწყო ინდოელი მოქალაქეების საქართველოდან გაბრუნების შემთხვევები, ეს პროექტებიც ჩაიშალა. დამირეკეს და მითხრეს, რომ სხვა ლოკაციაზე გადადიოდნენ. მათ არ ჰქონდათ გარანტია, რომ მსახიობებს, გადამღებ ჯგუფს შემოუშვებდნენ საქართველოს საზღვარზე და, ფაქტობრივად, ფილმის გადაღებას რისკის ქვეშ არ დააყენებდნენ.“


კომპანია „იბერა ტურს პლიუსის“ დამფუძნებელი გამოსავალს მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების ნებაში ხედავს, რომ ინდოეთთან სავიზო რეჟიმი დარეგულირდეს.


 „სახელმწიფომ დღემდე ვერ მოახერხა სავიზო პოლიტიკის დარეგულირება ინდოეთთან. შეგვიძლია საზღვარზე ფილტრაცია მარტივად გავაკეთოთ, ისე, როგორც ჩვენს მეზობელ ქვეყნებს აქვთ, მაგალითად, თურქეთს. შემოვუშვათ ქვეყანაში ინდოეთის ის მოქალაქეები, რომელთაც შენგენის, ამერიკის, ინგლისის ვალიდური ვიზები აქვთ. ადამიანებს, რომლებსაც ეს ვიზა აქვთ და თან 100% წინასწარ  გადმორიცხეს თანხები, ჩვენს ქვეყანაში არ დარჩებიან.


ხელისუფლებასთან ამ საკითხებზე გვქონდა საუბარი. განსაკუთრებით ჩართული იყო მარიამ ქვრივიშვილი, რომელიც ცდილობდა ამ საკითხის მოგვარევას.


ინდოეთი ნამდვილად საჭირო ბაზარია, თუ ტურიზმის განვითარება გვინდა. უბრალოდ, საჭიროა სწორი ფილტრაცია, რომ არ მივიღოთ ქვეყანაში ის ხალხი, რომლესაც მხოლოდ ეკონომიკური პრობლემების მოგვარება უნდათ. ეს ფილტრაცია კარგად არის მოსაგვარებელი და მივიღებთ მაღალმხარჯველუნარიან ინდოელ მოქალაქეებს ტურისტებად. ისინი ძალიან ბევრს მოგზაურობენ. მილიარდიანი ქვეყნიდან, სულ რომ 1 % მივიღოთ, ესეც დიდი მაჩვენებელი იქნება ჩვენი ეკონომიკისთვის,“ - აღნიშნავს მაია მურაჩაშვილი.



2019 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ინდოეთის 26,884 მოქალაქე იმყოფებოდა, რითიც ეს ქვეყანა ტურიზმის რეიტინგში მეთორმეტე ადგილზე იმყოფება. ზრდა წინა წელთან შედარებით 14.6%-ია, თუმცა მთავარ პრობლემას ინდოეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის სიხშირე წარმოადგენს. კერძოდ, 2019 წლის 6 თვეში შსს-მ საქართველოში უცხო ქვეყნის 13,165 მოქალაქე არ შემოუშვა, რომელთა შორის ინდოეთის 2,465 მოქალაქე იყო და ამ მაჩვენებლით ინდოეთი მეორეა ირანის შემდეგ. 


ხშირ შემთხვევაში უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს ვიზიტის მიზნობრიობის დაუსაბუთებლობა და შესაბამისი კატეგორიის ვიზის არ ქონა.


ნათია კეკენიძე





NASA-ს შეკვეთით შექმნილ სუნამოს კოსმოსის სუნი აქვს

NASA-ს შეკვეთით შექმნილ სუნამოს კოსმოსის სუნი აქვს
access_time2020-07-02 16:00:37
ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) შეკვეთით, ქიმიკოსმა სტივ პირსმა სუნამო სახელწოდებით Eau de Space შექმნა, რომელსაც ისეთივე სუნი აქვს, როგორიც ღია კოსმოსში დგას.„კისტარტერი ეს არის მასშტაბური კომპანია, რომელმაც მიზნად დაისახა რომ კოსმოსის სუნი დედამიწაზე ჩამოიტანოს და ყოველდღიური მოხმარების სუნამოდ აქციოს - ამის შესახებ ინფორმაციას Cnn ავრცელებს. როგორც Eau De Space-  ის პროდუქტის განვითარების...

ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე-მაია სიდამონიძე

ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე-მაია სიდამონიძე
access_time2020-07-02 15:00:35
“ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე,”- ამის შესახებ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე, „ვიზეარის“ მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით წერს. „კომერსანტი“  მაია სიდამონიძის ფეისბუქ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:  „ქვეყნებმა, რომლებმაც გახსნეს საზღვრები ნაკლებად ადარდებთ საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობა და...

BAG-მა საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ და სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ პოსტ-კოვიდ ჭრილში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია და განახლებული პროგრამები განიხილეს

BAG-მა საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ და სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ პოსტ-კოვიდ ჭრილში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია და განახლებული პროგრამები განიხილეს
access_time2020-07-02 12:30:07
საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ (BAG), საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ პოსტ-კოვიდ ჭრილში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია და განახლებული პროგრამები განიხილეს. შეხვედრას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილი და სააგენტოს დირექტორი, მიხეილ ხიდურელი. შეხვედრის ფარგლებში, მიხეილ ხიდურელმა ბიზნეს ასოციაციის წევრებს განახლებული პროგრამები გააცნო,...

პროკრედიტ ბანკმა საკუთარი მზის ელექტროსადგური წარადგინა

პროკრედიტ ბანკმა  საკუთარი მზის ელექტროსადგური წარადგინა
access_time2020-07-02 10:40:14
პროკრედიტ ბანკმა მორიგი ინოვაციური მწვანე პროექტი დანერგა. თბილისის ცენტრში, ალექსანდრე ყაზბეგის #21, ბანკის სათაო ოფისის სახურავზე 500 კვ.მ ტერიტორიაზე განთავსებულმა მზის პანელებმა ელექტროენერგიის გამომუშავება უკვე დაიწყო.  განხორციელებული მწვანე ინვესტიციის შედეგად, დაგეგმილია წლიურად 130,000კვტ.სთ. სუფთა ენერგიის გამომუშავება, რითაც ბანკი მოხმარებული სრული ენერგიის 12%-ის ალერნატიულით  ჩანაცვლებას მოახდენს.   პროექტის ფარგლებში,...

წილების გარშემო 12 წლიანი დავა ჩემი ოჯახის გამარჯვებით დასრულდა - მაკა ასათიანი

წილების გარშემო 12 წლიანი დავა ჩემი ოჯახის გამარჯვებით დასრულდა - მაკა ასათიანი
access_time2020-07-02 10:25:38
„საქართველოში მერსედეს ბენცის წარმომადგენლობის“ წილების გარშემო მიმდინარე 12 წლიანი პროცესი უზენაეს სასამართლოში მაკა ასათიანის და მისი ოჯახის გამარჯვებით დასრულდა. ამასთან დაკავშირებით, მაკა ასათიანი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „საქართველოში მერსედეს ბენცის წარმომადგენლობის“ წილების გარშემო მიმდინარე 12 წლიანი პროცესი უზენაეს სასამართლოში ჩემი და ჩემი ოჯახის გამარჯვებით დასრულდა. ვფიქრობ, ეს მრავალწლიანი დავა...


მსგავსი სიახლეები

up