საქართველოს ეროვნულ ბანკს, როგორც საბანკო სფეროს მარეგულირებელს, ფუნქცია ფაქტობრივად, დაკარგული აქვს. ის ეფექტურად ვერ ერევა საბანკო რეგულირებაში, რისი ერთ-ერთი მიზეზიც სავალუტო ბაზარზე არსებული დღევანდელი სიტუაცია გახდა, რომელიც ლამის პანიკაშიც კი გადაიზარდა.
ის რომ, ეროვნული ბანკი ვერ არეგულირებს საბანკო სფეროს, დღევანდელმა დღემაც ცხადყო. „კომერსანტთან" საუბრისას სავალუტო ჯიხურების მფლობელების ერთი ნაწილი აცხადებს, რომ დილიდან მათ მსხვილ ბანკებში ვალუტა ვერ შეიძინეს, მეორე ნაწილის თქმით კი, კომერციულმა ბანკებმა ისეთი მაღალი კურსი დაუსახელეს, რომ დოლარი ვეღარ იყიდეს.
„დილით ბანკში რომ მივედით, ერთი დოლარში 2,7 ლარის გადახდა მოგვთხოვეს. რა თქმა უნდა, ამ კურსით არ ვიყიდეთ და დღის განმავლობაში მხოლოდ იმ თანხით ვვაჭრობდით, რაც გვქონდა. ზოგიერთ სავაჭრო ჯიხურს კი საერთოდ არ მიყიდეს დოლარი. ბანკების ამ გადაწყვეტილებამ ბაზარზე აჟიოტაჟი შექმნა" - განუცხადეს „კომერსანტს" სავალუტო ჯიხურებში.
კომერციული ბანკების მიმართ სავალუტო ჯიხურების წარმომადგენელთა ნაწილის ბრალდებას ადასტურებს ფინანსისტი, საბანკო სფეროს სპეციალისტი დავით წიქარიძეც.
„გაყიდვის აკრძალვაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ იმას, რომ დღეს კომერციულმა ბანკებმა სავალუტო ჯიხურებს ერთ დოლარში 2,7 ლარი მოსთხოვეს, ეს კი დანამდვილებით შემიძლია ვთქვა. ამ ფასში კი, ცხადია, რომ ისინი დოლარს ვერ შეიძენდნენ, რამაც ბაზარზე პანიკა გამოიწვია.
"რაც შეეხება ლარის ბოლოდროინდელ გაუარესებას, ამის მიზეზი არის ის, რომ მთავრობის განცხადებების და დაპირებების არავის სჯერა. აცხადებენ, რომ ადმინისტრაციულ ხარჯებს ამცირებენ, ბიუჯეტში კი სულ სხვა ციფრებს დებენ. ასე რომ, ლარის გაუფასურებას მთავრობისადმი უნდობლობაც იწვევს", - განუცხადა „კომერსანტს" წიქარიძემ.
ავტორი: "კომერსანტი"