თბილისში, ნინოშვილის ქუჩაზე ახალი „ცოცხალი“ სივრცე - „სატაცური“ გაიხსნა. პროექტი, რომელიც რესტორნის, კაფისა და ბარის კონცეფციებს აერთიანებს, მომხმარებლის მიღებას სექტემბრიდან დაიწყებს. ამ დროისთვის რესტორანი მიტანისა და თან წაღების სერვისებით ფუნქციონირებს.
როგორც „კომერსანტს“ „სატაცურის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა კატერინა ჯანაშიამ განუცხადა, გარდა რესტორნული მომსახურებისა, სივრცეში განთავსებულია სპეციალური დახლები, სადაც უნიკალური ქართული კულინარიული პროდუქცია გაიყიდება.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სრული მზადყოფნა გვქონდა, კორონავირუსის პანდემიის გამო, ამ ეტაპზე ნაწილობრივ გავიხსენით. უკვე 2 თვეა რაც, თან წაღებისა და მიტანის სერვისები ჩვენთან ფუნქციონირებს, ხოლო სრული დატვირთვით სექტემბრიდან ვიმუშავებთ.
საზოგადოების მხრიდან ძალიან დიდი დაინტერესება წამოვიდა. აღსანიშნავია, რომ ჩვენი მრავალფეროვანი და მაღალი კლასის კერძები განკუთვნილი რესტორნის სივრცისთვის იყო, თუმცა შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე მიტანის სერვისსაც მოვარგეთ“,- განმარტავს კატერინა ჯანაშია.
საინტერესო ისტორიული ბექგრაუნდით დატვირთული მეცხრამეტე საუკუნის „სატაცურის“ შენობაში სტუმრებს ლამაზი ხედებით, განსხვავებული სივრცეებითა და შეფ ლუკა ნაჭყებიას ქართულ-ევროპული გემრიელი კერძებით უმასპინძლებენ.
ანი ცარციძე