„ჩვენ გვინდა, თანაბარ პირობებში ჩადგეს ადგილობრივი მწარმოებელი და შემომტანი, რათა კონკურენცია გავუწიოთ იმპორტირებულ ფქვილს“ - ამის შესახებ რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანისუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ წისქვილკომბინატ ,,ბარაქას“ დირექტორმა, ლადო ბიძინაშვილმა განაცხადა.
გადაწყვეტილების აუცილებლობას ადგილობრივი მწარმოებლები ქვეყანაში სასურსათო უსაფრთხოებით ხსნიან. მათი თქმით, არსებულმა რეალობამ დიდი შანსია, გამოიწვიოს პურის დეფიციტი.
,,პრობლემის არსი უკვე მრავალჯერ აღინიშნა და ეს, რუსეთის მიერ ხორბალზე დაწესებული საბაჟო გადასახადია, რომელიც 98 დოლარს შეადგენს, ფქვილზე კი მსგავსი გადასახადი არ არსებობს. შესაბამისად, სხვაობამ ნედლეულსა და მზა პროდუქტს შორის შექმნა პრობლემა. ჩვენ გვინდა, თანაბარ პირობებში ჩადგეს ადგილობრივი მწარმოებელი და შემომტანი, რათა კონკურენცია გავუწიოთ იმპორტირებულ ფქვილს.
ჩვენ, რეალურად არაფერს განსაკუთრებულს არ ვითხოვთ, გარდა თანაბარი პირობებისა. დღევანდელი გადმოსახედით, ამით პურის ფასი არ გაიზრდება. რაც ჩვენთვის საბაჟო გადასახადი ამოქმედდა, ქვეყნაში 2-ჯერ გაიზარდა პურის ფასი და ეს მიბმული იყო მხოლოდ მსოფლიო ბაზრის ფასებზე.
აუცილებლად უნდა ითქვას, რომ სასურსათო უსაფრთხოების კუთხით, საქართველო 2-3 თვეა კრიტიკულ ზღვარს ბევრად ქვევითაა. საქსტატის მონაცემები რომ ავიღოთ, შეიძლება პურის და ფქვილის დეფიციტამდე მივიდეთ. უხეშად რომ ვთქვათ ბოლო სამ თვეში რა მოცულობის ხორბალიც შემოვიდა, წინა წლებში 1 თვეში შემოსულ მოცულობას უდრის.
რაც შეეხება ფქვილს, თვის ჭრილში შემოდიოდა 1 200 ტონა, ბოლო პერიოდში კი 6-7 ათას ტონაზეა საუბარი. ეს რა თქმა უნდა, განპირობებულია საბაჟო გადასახადზე სხვაობით ამ ორ პროდუქტს შორის, მაგრამ რომ ავიღოთ მოცემულობა, როცა 98 დოლარით იაფი ღირდა შემოტანა, ადგილობრივი მწარმოებლები ფქვილს 58-60 ლარად ვყიდდით. დღეს კი, შემოტანილი ფქვილის ფასი 65-66 ლარია. ყველაფერი აჩვენებს, რომ ჩვენ დამოკიდებული ვართ მეზობელი ქვეყნის გადაწყევეტილებებზე, რომელიც როგორც წესი, არ ჯდება ლოგიკაში.
ახლა, დაანონსებული აქვს რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რომ შეისწავლონ ხორბლის, სიმინდისა და ქერის გადამუშავების შედეგად მიღებულ პროდუქციაზე რამდენად შეიძლება საბაჟო გადასახადის დაწესება. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეიძლება მივიღოთ შედეგი, რომ ნახტომისებურად გაიზარდოს პურის და ფქვილის ფასი, რაც ადგილზე წარმოების შემთხვევაში არ იყო, რადგან 2-3 თვიანი მარაგები მუდმივად გვქონდა და ეს გარდამავალი ნაშთი ეტაპობრივად ზრდიდა ფასს. პირდაპირ იმპორტის შემთხვევაში ეს შეუძლებელი ხდება“, - განაცხადა ბიძინაშვილმა ,,საქმეში“.
შეგახსენებთ, მცურავი საბაჟო გადასახადი, საქართველოში ხორბლისა და ფქვილის მთავარმა იმპორტიორმა, რუსეთმა გასულ წელს დააწესა და ამჟამად, ტონაზე 98 დოლარს შეადგენს. სწორედ ეს არის სხვაობა, იმპორტირებული ფქვილის და ხორბლის ფასს შორის.
BPN.GE