საკონსულტაციო სააგენტო PMCG–ს კვლევის თანახმად, ივლისში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების ორადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 125 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა - 216 ლარი. საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა ივლისში 73 ლარი შეადგინა.
კვლევის მიხედვით, 5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა ივლისში 347 ლარი შეადგინა. თბილისში, ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 435 ლარი შეადგინა, კახეთში - 357 ლარი, აჭარაში - 321 ლარი, ხოლო მცხეთა-მთიანეთში 202 ლარი.
PMCG–ს მონაცემებით, საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2020 წლის ივლისში, 2020 წლის ივნისთან შედარებით, 2.7%-ით შემცირდა, მათ შორის 3, 4 და 5–ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი შემცირდა 2.6%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები გაიზარდა 6.8%-ით.
გაცილებით დიდი ცვლილებაა ფასების ინდექსში პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით. 2020 წლის ივლისში, 2019 წლის ივლისთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 14.2%-ით შემცირდა, მათ შორის 3, 4 და 5–ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 15.7%-ით შემცირდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 2.7%-ით შემცირდა.
gbc.ge