მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენ მმართველობაში არსებული ყველაზე მასშტაბური და მრავალ ოთახიანი სასტუმრო Holiday Inn Tbilisi სახელმწიფოსთვის დაგვეთმო- ამის შესახებ „აჭარა ჯგუფი“ Facebook-ის გვერდზე წერს.
მათივე ცნობით, სასტუმრო უცხოეთიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს მიიღებს, რომელთაც სავალდებულო ორკვირიანი თვითიზოლაციის პერიოდის გავლა უწევთ.
„გულითად მადლობას ვუხდით თითოეულ ჩვენს თანამშრომელს, რომელმაც ამ პროცესში ჩართვის სურვილი და მზადყოფნა გამოთქვა. მივყვებით ყველა რეკომენდაციას და ვიცავთ უსაფრთხოების მკაცრ ნორმებს, რათა მაქსიმალური კომფორტი შევქმნათ თვითიზოლაციაში მყოფი სტუმრებისთვის“- წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 79 ადამიანს დაუდასტურდა. ამ დროისთვის კლინიკებიდან 10 პაციენტი გაეწერა . ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge