სასამართლო პირამიდა? - ღია წერილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს

სასამართლო პირამიდა? - ღია წერილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს

access_time2017-06-09 12:30:22

უძრავი ქონების კომპანია, შპს „მარგის" გენერალური დირექტორი ოლეგ ვადაჭკორია ღია წერილს ავრცელებს. „კომერსანტი" მას უცვლელად გთავაზობთ:

 


„თბილისის საქალაქო სასამართლოს ვესტიბიულში გამოტანილ ბანერზე, სასამართლოს თანამშრომლების ერთ-ერთი დახასიათებით, ისინი ორიენტირებულნი არიან მოქალაქის დროის დაზოგვაზე. ცხადია, რომ ეს ეხება სამართლიანობის მაძიებელ, ანუ სასამართლო პროცესში მონაწილე მოქალაქეს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსზღვრულია სასამართლოში საქმის განხილვის კონკრეტული ვადები. ეს ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს ხუთ თვეს.


საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით, 2011 წლის ზაფხულში, შეგებებული სარჩელით (საქმე #2/8280-11) მივმართეთ ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას. მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, დავის განხილვა ჯერ არ დაწყებულა. განვლილ პერიოდში, ამ საქმის გაჭიანურებასთან დაკავშირებით, ადვოკატებთან და მოსამართლეებთან გავიარე კონსულტაციები. მკაფიოდ გამოიკვეთა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი საქმის განხილვის ვადის დარღვევას ჰქონია ბანალური მიზეზი - სასამართლოს გადატვირთულობა.


ტერმინ გადატვირთვის გამოყენება საპროცესო ვადების დარღვევასთან დაკავშირებით, სრულად ავლენს ამ საკითხისადმი საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ზერელე დამოკიდებულებას.


გადატვირთულობაში მოიაზრება რაიმე სისტემის იმგვარად დატვირთვა, რომ შესაძლებელი გახდება მისი წყობიდან გამოსვლა. საყოველთაოდ ცნობილი გადატვირთულობის მაგალითია დასახლებული პუნქტის ქუჩების სისტემაში სატრანსპორტო ნაკადების საცობი. არ საჭიროებს სპეციალურ ცოდნას ის, რომ ასეთი პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა ან:

 

- სატრანსპორტო ნაკადში ავტომანქანების რაოდენობის შეზღუდვა

 

- ქუჩების გამტარუნარიანობის გაზრდა.

 

მე არ გამიგია, რომ სასამართლოს გადატვირთულობის მიზეზით, სარჩელის მიღებაზე ვინმესთვის უარი ეთქვათ. ასეთი უარი უმალ აღქმული იქნებოდა, როგორც პირის კონსტიტუციური უფლების დარღვევა.


არც სარჩელის მიღების საპროცესო კოდექსით გაწერილი ერთ-ერთი ძირითადი პირობა - ბაჟის გადახდა - არ გადაუტანია კანონმდებელს საქმის განხილვის დამთავრებამდე.


უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ სასამართლო საპროცესო კოდექსის ნორმის დაცვით ღებულობს სარჩელს და ითხოვს ბაჟის გადახდას და იმავე საპროცესო კოდექსით დადგენილ ვადაში არ ამთავრებს საქმის განხილვას.


ამგვარად, სასამართლო განუხრელად იცავს იმ ნორმას, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლო სისტემას ფინანსური ნაკადით და არღვევს იმ ნორმას, რომლითაც დათქმულია საქმის განხილვის დამთავრების, ანუ სასამართლოდან საქმეთა ნაკადის გასვლის ვადა.


ქვეყნად ადამიანის მოვლენის პირველივე წუთიდან იწყება სიცოცხლის საზომის - დროის ათვლა. ადამიანის საქმიანობაც, მიუხედავად იმისა, ინტელექტუალურია თუ ფიზიკური, მიმდინარეობს მხოლოდ დროში.  დრო არის ადამიანის საქმიანობის ეფექტურობის საზომი. დრო იმდენად მნიშვნელოვანია ადამიანისთვის, რომ კაცობრიობა, ადამიანის გაჩენის დღიდან დაუღალავად ცდილობს ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდას.



იურიდიული პირებიც მომსახურების მიწოდებისას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ მის ხანგრძლივობას. ამიტომაცაა კონკურენციის ძირითადი შედეგი მეწარმის მზაობა, მიაწოდოს მომხმარებელს მაღალი ხარისხის მომსახურება მოკლე დროში.

 

წარმოუდგენელია მომხმარებელს შესთავაზო ისეთი სატრანსპორტო მომსახურება, რომლის დროსაც მომხმარებელს:


-ეცოდინება, თუ როდის გავა საწყისი წერტილიდან მისთვის მიწოდებული სატრანსპორტო საშუალება;


- არ ეცოდინება, თუ როდის ჩავა ეს სატრანსპორტო საშუალება დანიშნულების ადგილზე.


კონსტიტუციით გარანტირებული სიცოცხლის უფლება არსებობს მხოლოდ და მხოლოდ დროში. არავინ იცის მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა. ადამიანის მოვალეობა ქვეყნის, საზოგადოებისა და ოჯახის სამსახურში იყო, არის და იქნება ეფექტურად გამოიყენოს ამ მსახურებისათვის ბოძებული დრო.


სასამართლოს ეფექტურობაც ასევე დამოკიდებულია დავის განხილვაზე დახარჯულ დროზე. საპროცესო კოდექსით დადგენილი საქმის განხილვის ვადის დაცვის გარეშე არ განხორციელდება ეფექტური სასამართლოს უფლება. სასამართლოში საქმის განხილვის ვადების დაცვის უზრუნველყოფა, საქმის განხილვის დაწყებისა და დამთავრების თარიღების კონტროლით, ევალება სწორედ, სასამართლო სისტემის გამართულ მუშაობაზე პასუხისმგებელ - იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.


საქმის განხილვის დაწყების შვიდწლიანი ლოდინის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, ვუჩივლე - იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. გამწესრიგებელ სხდომაზე მოსამართლემ მკითხა - საქმის განხილვის დაწყების გაჭიანურებაზე მოსამართლისათვის ხომ არ გიჩივლიაო. მე ვიუარე. მოსამართლემ განჩინებით შეწყვიტა N3/2430-17 საქმის წარმოება. თავის განჩინებაში მოსამართლემ არც კი განიხილა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაძლო კავშირი, სასამართლოში საპროცესო კოდექსის დარღვევასთან. მოსამართლემ თავის განჩინებაში მიუთითა საქმის წარმოების შეწყვეტის ორი საფუძველი: ერთი ის, რომ მე უნდა მეჩივლა იმ მოსამართლისათვის, რომელმაც საქმის დაწყება გააჭიანურა; მეორე ის, რომ თურმე ადმინისტრაციული კანონმდებლობით სასამართლოში ამგვარი დავა დაუშვებელიაო. პირველი საფუძვლით საქმის წარმოების შეწყვეტა ცინიკურია, რადგან სასამართლოს გადატვირთულობის პირობებში ამ ტიპის საჩივრის შეტანა ისეთივე სიბრიყვეა, როგორიც მგზავრის ჩაჯდომა პიკის საათში საცობში გაჩერებულ ტაქსში და შემდეგ მძღოლზე საჩივრის დაწერა - მანქანაში ჩავჯექი და მძღოლმა მანქანა არ დაძრაო. მეორე საფუძვლით, კი ფაქტიურად ხელშეუხებლად ცხადდება იუსტიციის უმაღლესი საბჭო.


სასამართლოს ქრონიკული გადატვირთულობა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსში საქმის განხილვის ზუსტი საპროცესო ვადების არსებობის პირობებში, მიუთითებს იმაზე, რომ საპროცესო ვადების დარღვევასთან დაკავშირებით სასამართლოში მოქმედებს დაუწერელი წესი. ამ დაუწერელი წესის გამო ხდება საქმეების განხილვის საპროცესო ვადების დარღვევაზე თვალის დახუჭვა. სწორედ ამ დაუწერელი წესის მოქმედებამ გამოიწვია სასამართლოების გადატვირთულობა. წარმოუდგენელია იმის დაშვება, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის უცნობია სასამართლოში ამ დაუწერელი წესის არსებობა.

 

ახლა მივადექი ყველაზე მთავარს.

 

ამ დაუწერელი წესით, ანუ საქმის განხილვის საპოცესო ვადების დარღვევით ილახება სასამართლო პროცესში მონაწილე, მინიმუმ ერთი მოქალაქის პატივი და ღირსება.

 

ადამიანის თვითშეფასების კატეგორიები -პატივი და ღირსება- ემყარება პიროვნების მიერ საზოგადოებაში არსებული ნორმების დაცვას და ამის შედეგად საზოგადოებაში მისი პიროვნების მიმართ დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.

 


სასამართლოში დავის გადატანით პიროვნება იცავს კანონიერ ნორმას და, ცხადია, ელოდება სასამართლოში დავის კანონისმიერი ნორმებით განხილვასა და გადაწყვეტას. დავის განხილვის საპროცესო ვადის დარღვევით მოსამართლე ხელყოფს სასამართლოში დავის გადაწყვეტისათვის მოსული პირის სიცოცხლის ვადას. აქ სიტყვა ხელყოფაში ვგულისხმობ, რომ ეფექტური სასამართლოს იმედით სასამართლოში თავისი ნებით მოსული ადამიანი, მხოლოდ მოსამართლის მიზეზით ხარჯავს იმაზე მეტ დროს, რაც ამ დავის გადასაწყვეტად განსაზღვრული იყო საპროცესო კოდექსით. სასამართლოში დავის გადასაწყვეტად მოსული ადამიანისათვის დამამცირებელია, სასამართლოში ჩამოყალიბებული დამოკიდებულება მისი პირადი დროის მიმართ. დამამცირებელია იმიტომ, რომ საქმის განხილვის ვადების დარღვევა საქმეზე გადაწყვეტილების მიღებას გაურკვეველი დროით გადასწევს. შედეგად, პროცესში მონაწილე ადამიანი გადადის ლოდინის ისეთ რეჟიმში, როდესაც მისთვის უცნობია სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის ბოლო ვადა, ეს კი, თავის მხრივ, წამების ელემენტსაც კი შეიცავს. ეს კარგად ხასიათდება ქართული სიტყვით - უმსგავსობა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებები და მოსამართლეთა უდრტვინველი დამოკიდებულება მათ განხილვაში აუარებელი საქმის ქონასთან, ერთობლიობაში, იძლევიან იმის დაშვების საფუძველს, რომ შექმნილი ვითარება ხელსაყრელია, სწორედაც რომ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის.

 

ღრმად პატივცემულ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს უმორჩილესად ვთხოვ, კატეგორიულად მოსთხოვოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს - აღკვეთოს სასამართლოში საქმეების განხილვის ვადების დარღვევის მანკიერი ჩვეულება და გაზარდოს სასამართლოს გამტარუნარიანობა. სირცხვილია, როდესაც უმარტივესი საქმეების განხილვა წლობით ჭიანურდება და იუსტიციის საბჭო ამაზე არ რეაგირებს. 21-ე საუკუნეში, სასამართლოს სრული კომპიუტერიზაციის პირობებში, საპროცესო ვადების დარღვევის პრაქტიკის დანერგვა, მაღალი ალბათობით, ემსახურება მოსამართლეებზე არაჯანსაღი გავლენის მოპოვებას. ამის დასტურია ის ფაქტი, რომ ჩემი აღიარებითი სარჩელი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ მოსამართლემ დაუშვებლად სცნო, მირჩია საპროცესო ვადების დარღვევის საბაბით მოსამართლეზე დისციპლინარული სამართალწარმოების დაწყების თაობაზე საჩივრის დაწერა და მანვე, იმავე საპროცესო ვადების დარღვევით, გადმომცა თავისი გადაწყვეტილება.


საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრულმა საქმის განხილვის კონკრეტულმა ვადამ გადამაწყვეტინა სასამართლო პროცესში მონაწილეობა. მგონია, ამ ვადების არსებობის გამო არიან სასამართლოში მოხვედრილი სხვა მოქალაქეებიც.

 

საქმის განხილვის დაწყების შვიდწლიანი ლოდინი მაძლევს უფლებას მოვიყვანო შემდეგი შედარება: საპროცესო კოდექსით დადგენილი საქმის განხილვის ვადის დარღვევა მოქალაქისათვის ისეთივე იმედგაცრუებაა, როგორიც ფინანსური პირამიდის მაღალი პროცენტით მოზიდული მოქალაქისათვის თანხების დაკარგვით მიღებული იმედგაცრუება. ოღონდ ერთ შემთხვევაში დაკარგული თანხის დაბრუნების ეფემერული შანსი არსებობს, ხოლო მეორე შემთხვევაში - დაკარგული დრო აღარასოდეს დაბრუნდება.


P.S. გთხოვთ, ამ პრობლემის გადაწყვეტა არ მოხდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსიდან საქმის განხილვის ვადების საპროცესო ნორმების ამოღების ხარჯზე"-ნათქვამია წერილში.

 

 



დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-06 21:30:53
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.იპოთეკური სესხების სუბსიდირებით მთავრობა ბანკებს ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარს ჩუქნის საქართველოს მთავრობა ყველას ვინც 2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე აიღებს იპოთეკურ სესხს ლარში, 5 წლის ვადით სესხის 4%-ს...

ბიზნესი ქართულად - აუზებზე მოთხოვნას სასტუმროებმა სპეციალური შეთავაზებებით უპასუხეს

ბიზნესი ქართულად - აუზებზე მოთხოვნას სასტუმროებმა სპეციალური შეთავაზებებით უპასუხეს
access_time2020-07-06 18:00:49
8 ივნისიდან სასტუმროებს საშუალება მიეცათ, რომ საცურაო აუზები გაეხსნათ, თუმცა ღია ტიპის აუზებს გახსნის ნებართვა მხოლოდ ხვალიდან, ისიც შემოწმების შემდეგ ექნებათ. მანამდე კი აუზებზე გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას საქართველოს სასტუმროები შესაბამისი შეთავაზებებით ცდილობენ. რეგულაციების გათვალისწინებით, სასტუმროების აუზებით სარგებლობა სტუმრებს მხოლოდ ნომრის აღების შემთხვევაში შეუძლიათ. თუმცა, ქართულ სასტუმროებს მომხმარებლებისთვის დღის შეთავაზება აქვთ, რომელიც...

The Economist: ვინ მართავს მსოფლიოს?

The Economist: ვინ მართავს მსოფლიოს?
access_time2020-07-06 20:00:10
2008-2009 წლების კრიზისის შედეგად გლობალური ძალაუფლება დიდმა ოცეულმა გადაიბარა, რადგანაც ნათელი გახდა - დიდი შვიდეულის ფორმატი რეალობას უკვე არ შეესაბამებოდა.კორონავირუსის პანდემიამ კიდევ ერთი სიახლე გამოავლინა - გლობალური ლიდერის არარსებობა. ამჯერად დიდმა ოცეულმა საოცარი უსუსურობა გამოავლინა და თავი მხოლოდ ღარიბი ქვეყნებისთვის ვალების გასტუმრების გადავადებაზე რიტორიკით...

თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო 2020 წელს გაიხსნება

თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო 2020 წელს გაიხსნება
access_time2020-07-06 16:45:43
„თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე“  საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს გახსნა კორონავრიუსის პანდემიამ შეაფერხა. ამის შესახებ „კომერსანტს“ კურორტის კომერციულმა მენეჯერმა სალომე ყვავილაშვილმა განუცხადა. მისივე განცხადებით, ახალი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის“ ტერიტორიაზე მიმდინარე წელს გაიხსნება, თუმცა ბრენდის სახელწოდება კვლავ გასაიდუმლოებულია. 10 მილიონი დოლარის ინვესტიციით „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის“ განვითარება...

სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე - სასტუმროს ნომრის შეძენა აპარტამენტის ნაცვლად

სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე - სასტუმროს  ნომრის შეძენა აპარტამენტის ნაცვლად
access_time2020-07-06 15:45:57
სასტუმროს ნომრის შეძენა აპარტამენტის სანაცვლოდ - ესაა სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე, რომელსაც სასტუმრო „ლაბაუ“ თავის მომხმარებლებს სთავაზობს.   სასტუმროს ნომრის შეძენით, მყიდველი ავტომატურად ხდება  5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მთლიანი მოგების მეწილე. სასტუმრო მდებარეობს გუდაურში.  რა უპირატესობა აქვს სასტუმრო ნომრის შეძენას აპარტამენტის შეძენისგან განსხავებით?  - ამასთან დაკავშირებით...


მსგავსი სიახლეები

up