ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე წინასწარი საყოველთაო რეგისტრაცია იწყება. როგორც მან ბრიფინგზე ისაუბრა, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, მათთვის სასურველი ვაქცინა აირჩიონ.
„ჩვენს მოქალაქეებს, განურჩევლად ჯგუფისა, საშუალება ექნებათ, წინასწარ დარეგისტრირდნენ ვაქცინაციის სურვილის დასაფიქსირებლად და მათ საშუალება ექნებათ, აირჩიონ ყველა ის ვაქცინა, რომელიც უახლოეს მომავალში იქნება საქართველოში ხელმისაწვდომი და რომელიც ფართოდ არის მსოფლიოს მასშტაბით ხელმისაწვდომი. ეს კვლევა დაგვეხმარება, მივიღოთ მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილება და ეს იქნება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელი ვაქცინები იქნება ქვეყანაში შემოტანილი, - განაცხადა ტიკარაძემ.
საქართველოში ამ ეტაპზე ორი სახის ვაქცინაა ხელმისაწვდომი - ფაიზერი და ასტრაზენეკა. ქვეყანაში, ასევე, შემოტანილია ჩინური ვაქცინა, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზაციის მინიჭებამდე მისი გამოყენება არ იგეგმება.