2020 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 11.9 პროცენტი შეადგინა. ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს.
2020 წლის III კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 60.8 პროცენტი შეადგინა. აქტიურობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით როგორც ქალაქის, ასევე სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირებულია, შესაბამისად 0.8 და 3.0 პროცენტული პუნქტით. დასაქმების დონე ქვეყნის მასშტაბით შემცირებულია 1.9 პროცენტული პუნქტით, ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 2.3 პროცენტული პუნქტით.
2020 წლის III კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 49.5 პროცენტს შეადგენდა, რაც 1.1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
„საქსტატის“ ინფორმაციით, უმუშევრობის დონე სოფლის ტიპის დასახლებებში, საქალაქო დასახლებებთან შედარებით გაცილებით დაბალია. 2020 წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 2.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 0.8 პროცენტული პუნქტით.