სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების მიმართულების მხარდაჭერით, საქართველოში უმსხვილესმა ამერიკულმა ბიზნეს სერვისების კომპანია Concentrix-მა დაიწყო ოპერირება. Concentrix ამერიკული ბიზნეს მომსახურების კომპანიაა, რომელიც მომხმარებლის ჩართულობაზეა ორიენტირებული. ბრენდს მომსახურების 10 მიმართულება გააჩნია: ავტომობილები, საბანკო, სამომხმარებლო ელექტრონიკა, ენერგეტიკა, ჯანდაცვა, დაზღვევა, მედია და კომუნიკაციები, საცალო და ელექტრონული კომერცია, ტექნოლოგია, ტრანსპორტი და ტურიზმი.
Concentrix მომსახურებას მსოფლიოს უმსხვილეს ბრენდებს აწვდის ტურიზმის, ტელეკომუნიკაციების, ელ. ვაჭრობის, საბანკო და სხვა სექტორებში. კომპანია საკუთარი მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესია და გლობალური მასშტაბით 250 000-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.
Concentrix-ისა და სააგენტოს წარმომადგენლების განცხადებით, კომპანიის ქართულ ბაზარზე შემოსვლა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც საქართველოში მრავალ ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. კომპანია მსოფლიოს წამყვან ბრენდებს საქართველოდან დისტანციურად მიაწვდის სერვისებს.
სააგენტოს დირექტორის მიხეილ ხიდურელის განცხადებით, „გლობალური კომპანიების მოზიდვა სააგენტოს ინვესტიციების მიმართულების ერთ-ერთი ქვაკუთხედია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მიღწევაა ჩვენთვის ისეთი მსოფლიო ბრენდის მიერ საქართველოზე არჩევანის გაკეთება, როგორიც Concentrix-ია. ჩვენ გავაგრძელებთ კომპანიის მხარდაჭერას და ხელს შევუწყობთ მის გაფართოებას ქვეყანაში“.
Concentrix-ის ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთი სერიოზული მიღწევაა კომპანიისათვის, ვინაიდან საქართველოს Concentrix-ის ოჯახში გაწევრიანება კომპანიის გაფართოების სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც საკუთარი გლობალური დაფარვის ზონის გაზრდაში დაეხმარება.
სააგენტო ,,აწარმოე საქართველოში“-ს ინფორმაციით, კომპანიამ უკვე დაიწყო თანამშრომლების პირველი ნაკადის აყვანა და ეს პროცესი სამომავლოდაც ეტაპობრივად გაგრძელდება.
როგორც უწყებაში განმარტავენ, ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის (BPO) მიმართულებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა სსიპ აწარმოე საქართველოში Invest in Georgia-ს 2020-2022 წლის სტრატეგიული მიზნების ნაწილია და სააგენტო აქტიურად მუშაობს როგორც კომპანიებთან პირდაპირი კომუნიკაციის, ასევე მარკეტინგის და გლობალურ დონეზე მნიშვნელოვან წყაროებში საქართველოს შესახებ ინფორმაციის ინტეგრირების კუთხით.
მარი ჩიტაია