რადიო კომერსანტზე, გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ საქართველოში დასაქმებისა და უმუშევრობის პრობლემებზე ისაუბრეს. გადაცემის სტუმარი, ეკონომიკის ექსპერტი, სოსო არჩვაძე საქართველოში თვითდასაქმებულთა რაოდენობის შემცირებასა და დაქირავებულ დასაქმებულთა რაოდენობის ზრდაზე საუბარობს.
„მომსახურების სფეროში დასაქმებულთა რაოდენობა 70%-ით გაიზარდა, დაქირავებით დასაქმებულთა მთელი მატების 90%-ზე მეტი მოდის სწორედ მომსახურების სფეროს მატებაზე, მცირეოდენი ზრდა გვაქვს რეალურ სექტორში, რაც ეხება მრეწველობას, მშენებლობას, ენერგეტიკას. მთლიანობაში ტენდეცია პოზიტიურია. იმდენად ცუდი სასტარტო პირობებიდან დავიწყეთ და იმდენად, მძიმე იყო ეკონომიკური ვარდნა 90-იანი წლების დასაწყიში,რომ ბოლომდე წელში ჯერაც არ ვართ გამართული,“ - ამბობს სოსო არჩვაძე.
როგორც სოსო არჩვაძე აღნიშნავს, დაქირავებით დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება თვითდასაქმებულთა შემოსავალზე სამჯერ მაღალია, პროპორცია შემდეგნაირია 52%-48%-ზე, ევროპაში 85%-15%-ზე, ხოლო აშშ-ში 91%-9%-ზე.
„ ჩვენთან ეს პროპორციები ჯერ კიდევ იცვლება და შეიცვლება დაქირავებით დასაქმებულთა სასარგებლოდ. ბავშვებს ვერ შევიყვანთ სამუშაო ძალის ნებისმიერ კატეგორიაში, მათ გარდა დარჩა დაახლოებით, 3 მილიონი ადამიანი,რომელთაგანაც 2 მილიონამდე ეკონომიკურად აქტიურია. 1 მილიონი კი ეკონომიკურად არააქტიური. ეკონომიკურად არააქტიურებს შორისაა ადამიანები,რომლებიც არიან შრომის უნარიან ასაკში, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო არ მუშაობენ : მათ შორის ვხვდებით დიასახლისებს, ყაზარმულ მდგომარეობაში მყოფ შეიარაღებული სამსახურის პირებს, კულტურის მსახურებს, ქრონიკური ავადმყოფობის მქონე პირებს ან პირებს,რომლებსაც არ უნდათ მუშაობა. 2 მილიონიდან ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა ორ ნაწილად უნდა დავყოთ : დასაქმებულები და უმუშევრები, ოფიციალურად უმუშევრების რაოდენობა 250 ათასამდეა,“- ამბობს სოსო არჩვაძე.
მისი თქმით, ბევრია ისეთი ადამიანი,რომელიც ფორმალურად დასაქმებულია, მაგრამ აბსოლუტურად უკმაყოფილოა საკუთარი შემოსავლების სიდიდით.
„ ამ ადამიანებისთვის აღნიშნული სახის დასაქმება არ არის საკმარისი, ისინი არ თვლიან თავს დასაქმებულად, ვერ ახდენენ საკუთარი თავის იდენტიფიცირებას. ხშირია შემთხვევები, ამა თუ იმ ორგანიზაციაში, განსაკუთრებით, ახალგაზრდა კადრების შემთხვევაში,რომლებსაც ამუშავებენ, ისე რომ დაცული არ არის მათი შრომის პირობები. ეს „რბილი ტრეფიკინგია“,როცა ანაზღაურების სიდიდე და შრომის ინტენსივობა ერთმანეთთან შეუსაბამო დამოკიდებულებაშია. მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხარდაჭერა ამ მიმართულებით,“- ამბობს სოსო არჩვაძე.