„საინვესტიციო ფონდების საქმიანობა ორმაგად აღარ დაიბეგრება”, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ განაცხადა.
„საგადასახადო რეჟიმი, რომელიც მოქმედებდა და გარკვეულ ხარვეზებს შეიცავდა, იყო ხელისშემშლელი, საინვესტიციო ფონდების საქმიანობისთვის არაკონკურენტული. ეს ყველაფერი გასწორდება და თავიდან იქნება აცილებული ის ხარვეზი, რაც აქამდე არსებობდა. კერძოდ, ორმაგი დაბეგვრის პრობლემა. ახალი სამართლებრივი ჩარჩოს მიღების შემდგომ, საინვესტიციო ფონდების საქმიანობა ორმაგად აღარ დაიბეგრება ” , – განაცხადა მიქაბაძემ.
მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ დღეს არსებული კანონმდებლობა ვერ უზრუნველყოფს ბაზარზე არსებული მოთხოვნის სრულ დაკმაყოფილებას.
„გარდა ამისა, კანონი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, ეს არის ნაცნობი ბაზარი ევროპელი ინვესტორებისთვის ნაცნობი წესებით და, შესაბამისად, ხელს შეუწყობს ინვესტორების შემოსვლას ქართულ ეკონომიკაში. ყველა მიმართულებით წესრიგდება საინვესტიციო ფონდების საკანონმდებლო ჩარჩო, ეს შეეხება საგადასახადო მიდგომასც. სრულად არის გათვალისწინებული საერთაშორისო, საუკეთესო პრაქტიკა და ის არის საქართველოში საინვესტიციო ფონდების საქმიანობის მასტიმულირებელი“, – განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.
გაზეთი „ბანკები და ფინანსები“