მსოფლიოს ყავის ბაზრის ლიდერი ამერიკული კომპანია „სტარბაქსი" საქართველოში შემოდის. თანაც საუბარია არა ყავის იმპორტზე, არამედ ქარხნის აშენებაზე. ეს „სტარბაქსისთვის" რეგიონალური პროექტია, რომლის ცენტრი საქართველო გახდება. პროექტის შესახებ დეტალები ცნობილი არ არის, თუმცა დამტკიცებულია განაშენიანების რეგულირების გეგმა და გადაწყვეტილია, რომ ქარხანა თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის უკან მდებარე ტერიტორიაზე გაკეთდება. აღნიშნულ ინფორმაციას "ფორტუნა" ავრცელებს. "კომერსანტი" "სტარბაქსის" საქართველოს ბაზარზე შემოსვლასთან დაკავშირებით ინფორმაციას გაარკვევს და დეტალებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
საინტერესოა, რომ საინვესტიციო ვალდებულებაში ქარხნის ტერიტორიაზე მუზეუმის გაკეთებაც იგეგმება. მსგავსი რამ მთელ მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა.
ინვესტორის მხრიდან ქარხნის პროექტი ჯერ წარმოდგენილი არ არის და მშნებლობის ვადებზე საუბარიც ნაადრევია.
გალერეა თბილისში Starbucks-ის შემოსვლასთან დაკავშირებით კომუნიკაცია იყო, თუმცა, მათი შემოსვლის შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაციას ვერ დაგიდასტურებთ,- ამის შესახებ "საქმის კურსს" გალერეა თბილისის დირექტორმა ნიკა ცინცაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ამჟამად ბრენდთან ხელშეკრულება გაფორმებული არ არის, ამიტომ წინასწარ ინფორმაციის დადასტურება შეუძლებელია.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ, MyRest.Ge - სთან საუბარში, კომპანიაში აცხადებდნენ, რომ "სტარბაქსის" ქართულ ბაზარზე შემოსვლა განიხილებოდა:
„პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გითხრათ ჩვენი კომპანიით დაინტერესების გამო. გიდასტურებთ, რომ თბილისის ტურისტული პოტენციალი საკმაოდ მზარდია. ჩვენი კომპანია აქტიურად ზრუნავს პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებასა და გაფართოებაზე. ვიცით, საქართველოს ბაზარზე შემოსვლა ჩვენი კომპანიისთვის გაყიდვებისა და მომხმარებლების რაოდენობის ზრდის კარგი საშუალება იქნება, ამიტომ „სტარბაქსში" ამ საკითხს შესაბამისი გუნდი განიხილავს. ვფიქრობ, კომპანიის თბილისის ბაზარზე შემოსვლა იდეალური იქნება. აქვე მინდა გითხრათ, რომ საქართველოში ჩვენს პოტენციურ მომხმარებლებს საშუალება აქვთ ჩვენს საიტზე Mystarbucksidea.force.com გაგვიზიაროთ იდეები და ამით შექმნათ „სტარბაქსის" მომავალი. ამ საიტზე შემოსული ბევრი იდეა, უკვე ქმედებადაა ქცეული" , - აცხადებდნენ კომპანიაში.
Starbucks Corporation-ის სათაო ოფისი აშშ-ში, სიეტლში მდებარეობს. 1971 წელს ინგლისურის მასწავლებელმა ჯერი ბოლდუინმა, ისტორიის მასწავლებელმა ზევ ზიგალმა და მწერალმა გორდონ ბოუკერმა გადაწყვიტეს მარცვლის ყავის გაყიდვისთვის მიეყოთ ხელი და სიეტლში მაღაზია გახსნეს.
დღეისათვის „სტარბაქსი" მსოფლიოში ყველაზე დიდი ყავახანების ქსელია. ის სხვადასხვა სახეობის ყავას აწარმოებს. ამჟამად მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში „სტარბაქსი" 24 ათას სავაჭრო წერტილს აერთიანებს.
საინტერესო ფაქტი: შესასვლელი კარი „სტარბაქსის" ყველა დაწესებულებაში ან აღმოსავლეთს უყურებს ან სამხრეთს, მაგრამ არასოდეს ჩრდილოეთის მხარეს. ეს იმისთვის გაკეთდა, რომ ყველა მომხმარებელი დღის შუქით დატკბეს, ოღონდ ამავე დროს მზე პირდაპირ სახეში არ ანათებდეს.
"ფორტუნა"