საქართველოს ბაზარზე საერთაშორისო ციფრული საინვესტიციო პლატფორმა „ჯეოდაქსი“ შემოდის, სადაც ვაჭრობა ყველა კრიპტოვალუტით იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ აღმასრულებელმა დირექტორმა აიეტ კუკავამ „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
მისი განმარტებით, პლატფორმაზე ზოგი ტრანზაქცია ოქროთი და უძრავი ქონებით იქნება გამყარებული.
„ვმუშაობთ, რომ საქართველოს ბაზარზე კრიპტოვალუტის უმსხვილესი პლატფორმა შემოვიყვანოთ. პროცესი უკვე დასრულების ეტაპზეა. ეს აღმოსავლეთ ევროპაში ერთადერთი პლატფორმაა, რომელიც საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია „ლოიდის“ მიერ არის დაზღვეული და ინვესტორები დაცულები იქნებიან. მისი მთავარი უპირატესობაა, რომ ზოგი ტრანზაქცია ოქროთი და უძრავი ქონებით იქნება გამყარებული.
იგეგმება შეხვედრა ეროვნულ ბანკთან, რომ კომერციულ ბანკებს გაციფრულებასა და იმ ახალი ტექნოლოგიების შემოტანაში დავეხმაროთ, რაც ქვეყანას სჭირდება. მზად ვართ, ბლოკჩეინისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ვიმუშაოთ. აქ ჩვენს პარტნიორებს დიდი გამოცდილება აქვთ“,- აღნიშნა აიეტ კუკავამ.
მისივე განცხადებით, „ჯეოდაქსი“ ლონდონში არსებული ამავე სახელწოდების მქონე კომპანიის რეგიონული ფილიალია. კრიპტოვალუტების პლატფორმა დამოუკიდებელი სტრუქტურაა, რომლის ინვესტორებიც 7 წამყვანი ქვეყნის წარმომადგენლები არიან.
businessformula.ge