მარინა ეზუგბაიამ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ახალ შემთხვევებზე ისაუბრა. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის თქმით, ყველა შემთხვევაში ინფიცირების წყარო ცნობილია.
„არცერთი არ არის შიდა გავრცელება. როგორც ჩემთვის ცნობილია, ყველა შემოტანილი შემთხვევაა. ანუ, წყარო არის ცნობილი. ეს ნიშნავს, რომ არ არის მეორეული, მესამეული, მეოთხეული გადაცემა, წყარო ცნობილია“, - აღნიშნა ეზუგბაიამ.
მისივე თქმით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ამ ეტაპზე იგივეა და არც ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი პაციენტების მდგომარეობა არ შეცვლილია.
საქართველოში კორონავირუსი 214 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 50 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
წყარო: imedindews.ge