საქართველოში კორონავირუსისგან 48 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. კარანტინის რეჟიმშია 4 682 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 375 მოქალაქე რჩება.
საქართველოში კორონავირუსი 208 ადამიანს დაუდასტურდა, 3 მათგანი გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge