მარინა ეზუგბაიამ კორონავირუსის 3 ახალ ინფიცირებულზე ისაუბრა. როგორც ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათი ისტორია საზღვარგარეთ მოგზაურობას უკავშირდება.„გუშინ საღამოს შემდეგ კიდევ 3 ახალი შემთხვევა დაემატა, აქედან 2 არის ჩვენი შემთხვევა, 1 არ ვიცი რომელ დაწესებულებაში არის. გუშინდელი დღის განმავლობაში შემომატებული პაციენტიდან 2 არიას ამერიკის ისტორია, 1 არის საფრანგეთის ისტორია“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
მისი თქმით, პაციენტების საქართველოში დაბრუნების შემდეგ თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ. ინფექციურ საავადმყოფოში 10 პაციენტის ანალიზის პასუხებს ელოდებიან.
21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 73 ადამიანს დაუდასტურდა. კლინიკებიდან 9 პაციენტი გაეწერა . ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge