„საქართველოში გზების მშენებლობაში ერთიანი სტანდარტის შედგენა არის ქარიშხალი ცარიელ ჭიქაში,“ — ასე ეხმაურება ინფრასტრუქტურის მშენებელი კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტის ხელმძღვანელი პაატა ტრაპაიძე საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ირაკლი ქარსელაძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში გზების მშენებლობის ერთიანი სტანდარტი ამოქმედდება.
ქვეყანას უნდა გააჩნდეს საკუთარი სტანდარტი. არ არის საუბარი ახალი ველოსიპედის გამოგონებაზე - უნდა შეირჩეს ის სტანდარტები, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მისაღებია. პირობითად - გზის კატეგორიები, მისი პარამეტრები, სიგანე, დახრის მაქსიმალური კუთხე; საფარის ტიპი - არსებობს გზები, სადაც დასაშვებია არამხოლოდ ცემენტო-ბეტონის საფარი, არამედ სხვა ტიპის გადაწყვეტებიც; გზის სიგანე - მთიან რელიეფში პირობითად შეუძლებელია 7-მეტრიანი გზის სიგანის მიღება და ა.შ.,- აცხადებს ქარსელაძე.
ტრაპაიძის შეფასებით, მსგავსი მოდელი დააზარალებს ნებისმიერი უცხოური ახალი ტექნოლოგიის საქართველოში შემოსვლას. მისი მტკიცებით, თუ ქვეყანა ევროკავშირისკენ და ევროპული სტანდარტებისკენ მიდის, რა საჭიროა ცალკე, საკუთარი ნორმების შექმნა? „ეს არ არის მიზეზი, რომ გზები ხარისხიანად ვერ კეთდება. ამის მიზეზი არის სისტემის არასწორი ფუნქციონირება. ანუ, ჩვენ რა გვაინტერესებს, ამაზე უნდა ჩამოვყალიბდეთ. მე როგორც მოქალაქეს, მჭირდება, რომ ხანგრძლივი მოქმდების გზა აშენდეს. ანუ გზა, რომელიც დღეს აშენდება, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არ სჭირდებოდეს ორმოული შეკეთება. არ შეიძლება, ერთ რამეზე სხვადასხვა ადამიანმა აგოს პასუხი. 8 წელიწადია ვცდილობ, რომ საქართველოში დავნერგოთ ღირებულება დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. რატომ არ უნდათ ამის გაგება და რისი ეშინიათ არ ვიცი,“ — აცხადებს ტრაპაიძე.
მისივე შეფასებით, ცივილიზებული მსოფლიო 30 წლიან ვარიანტებზე გადავიდა. ის ვინც ააშენებს, უვლის და აკეთებს ყველაფერს. „ევროკავშირზე თუ ვართ ორიენტირებულნი, გადმოვთარგმნოთ ევროკოდები და დასრულდება, რათ უნდა ამას ქართული სტანდარტი. ჩემი აზრით, საგზაო დეპარტამენტის უფროსს არასწორ ინფორმაციას აწვდიან. პრობლემა არა სტანდარტებში, არამედ იმაშია, თუ როგორ მუშაობს სისტემა და როგორ ემსახურება მას საგზაო დეპარტამენტი,“ — აცხადებს ტრაპაიძე.
მისი ინფორმაციით, 21-ე საუკუნეში მოტივაციის გარეშე არაფერი არ არსებობს. საქართველოს მთავრობაში კი არანაირი მოტივაცია არ არსებობს. აქედან გამომდინარე, ისმის კითხვა - ვინმემ ვინმეზე უკეთასად რატომ უნდა იმუშაოს?
როგორც ტრაპაიძე განმარტავს, დღეს არავინ არ ითვლის, თუ რა ჯდება გზის მოვლა-პატრონობა 10 წლის განმავლობაში. მისი განცხადებით, დასრულდა ის დრო, როდესაც გზები საშინელ მდგომარეობაში იყო და ოღონდ გაგვეშავებინა ამას ვფიქრობდით. დღეს დადგა დრო, როდესაც თუ რამეს ვაკეთებთ, უნდა ვიცოდეთ რამდენი წლით ვაკეთებთ.
კითხვაზე, წლების განმავლობაში რატომ არ ხდება ინფრასტრუქტურის სამინისტროში მსგავსი და სწორი სტრატეგიის დამუშავება — ტრაპაიძე აცხადებს, რომ აქ საქმე გვაქვს ეკონომიკის მიდგომებთან და არა პროფესიონალიზმთან. „აქ ინფრასტრუქტურის პრობლემა არ არის, აქ მთლიანად მიდგომის პრობლემაა. უნდა ვიცოდეთ, რომ მთელი ჩვენი ეკონომიკა შედეგზე ორიენტირებული უნდა იყოს. ეს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბრალი არ არის, აქ გლობალური პრობლემა დგას“-აცხადებს ტრაპაიძე.
ავტორი: სოფო ქსოვრელი