საქართველოში ელიტურ კორუფციასთან ბრძოლა კვლავ გამოწვევად რჩება - ფაქტები და შეფასებები

საქართველოში ელიტურ კორუფციასთან ბრძოლა კვლავ გამოწვევად რჩება - ფაქტები და შეფასებები

access_time2018-10-12 11:00:00


„უკანასკნელი თვეების განმავლობაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია ისეთი შემთხვევების შესახებ, რომლებშიც მონაწილეობენ მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირები და რომლებიც მიანიშნებენ შესაძლო კორუფციის შემთხვევებზე. ბოლო წლებში, მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლინდა არაერთი შემთხვევა, სადაც შესაძლო კორუფციის შემთხვევები დამატებით გამოკვლევას საჭიროებდა, თუმცა, მათ ან არ მოჰყოლია შედეგი, ან არ მოხდა საზოგადოების ჯეროვნად ინფორმირება გამოძიების მიმდინარეობის ან შედეგების შესახებ, რამაც შეარყია საზოგადოების ნდობა სამართალდამცავი და საგამოძიებო სისტემის მიმართ,“ - აღნიშნულია „ინფორმაციის თვისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) განცხადებაში, რომელსაც კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ.


ეს ფაქტები მოიცავენ როგორც შესაძლო კორუფციის, ისე თანამდებობის ბოროტად გამოყენების და სამოხელეო დანაშაულის სხვა შემთხვევებს:


- სამ მილიონ ლარამდე თანხის მითვისების საქმე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან, სადაც მაღალი თანამდებობის პირების გარდა, ყოფილი პრემიერმინისტრის ახლო ნათესავები ფიგურირებენ;


- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის იოსებ გოგაშვილის ოჯახის წევრების და ახლო ნათესავების მიერ დიდი ოდენობით ქონების დაუფლება;


- ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მონაწილეობა თბილისის მერიასთან დაკავშირებულ საეჭვო გარიგებებში, რასაც აუდიტის სამსახურის მიერ ფაქტის გამოვლენის შემდეგ მოყვა იმ დროს მოქმედ გენერალურ აუდიტორზე თავდასხმა ფარცხალაძის მიერ;


- საქართველოს ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის სამინისტროებში არსებული შესაძლო დარღვევები, სადაც საეჭვო პროექტებთან და შესყიდვებთან მიმართებაში მინისტრების სახელები ფიგურირებს;


- საგარეო საქმეთა სამინისტროს საეჭვო შესყიდვა, სადაც მინისტრის მოადგილე და მისი ძმის საკუთრებაში არსებული კომპანია ფიგურირებს;


- ომეგა ჯგუფის საქმეზე გავრცელებული ფარული ჩანაწერები, სადაც შესაძლო სამოხელეო დანაშაულის შემცველ ეპიზოდებში მონაწილეობენ სპორტის ყოფილი მინისტრი და ყოფილი მთავარი პროკურორი.



ბოლო პერიოდში, ასევე, მრავლად იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა რანგის მოხელეებისა და თანამდებობის პირების მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმეები და დადგა გამამტყუნებელი განაჩენები. მაგალითისათვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) 2017 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლის განმავლობაში გამოძიება დაიწყო 62 შემთხვევაზე, ხოლო სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 41 საქმეზე მიეცა 61 პირი. ანგარიშიდან იკვეთება, რომ სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული პირების დიდი ნაწილი ადგილობრივ თვითმმარველობის ორგანოებში იყვნენ დასაქმებული და არ იკავებდნენ მაღალ თანამდებობებს. ანგარიშის მიხედვით, გამოძიება არ წარმართულა ცენტრალური ხელისუფლების არც ერთი მაღალი თანამდებობის პირის წინააღმდეგ.


საზოგადოებისთვის ასევე უცნობია, მოჰყვა თუ არა რეაგირება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ საქართველოს მთავარ პროკურატურაში გადაგზავნილ იმ საქმეებს, სადაც დასკვნის მიხედვით იკვეთებოდა შესაძლო დანაშაულის ნიშნები.


ანტიკორუფციული გარემოს შესაფასებლად მნიშვნელოვანია არამხოლოდ შესაძლო შემთხვევების შეფასება, არამედ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ანგარიშებში და ინდექსებში არსებულ მონაცემებზე რეაგირება.


2018 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული გლობალური მმართველობის განახლებული ინდიკატორები (World Governance Indicators), სადაც მოცემულია 2017 წლის განმავლობაში 200 ქვეყნის (მათ შორის საქართველოს) მიერ განვლილი პროგრესი. ამ ინდექსის და საქართველოს მიერ განვლილი პროგრესის შესახებ IDFI ადრეც წერდა. 2017 წლის მონაცემებით, საქართველომ წინა წელთან შედარებით აჩვენა გაუმჯობესება ინდექსის 2 კომპონენტში - ეფექტური მმართველობა და კორუფციის კონტროლი, ხოლო გაუარესება 3 კომპონენტში: გამოხატვის თავისუფლება და ანგარიშვალდებულება (-0.99), პოლიტიკური სტაბილურობის და ძალადობის/ტერორიზმის აღმოფხვრა (-1.43) და კანონის უზენაესობა (-1.92).



მიუხედავად ამ ინდექსის ზოგადი მნიშვნელობისა, ინდექსი ფოკუსირებულია წვრილმან მექრთამეობაზე და სახელმწიფო სერვისების მიწოდების სფეროში არსებულ კორუფციაზე და ვერ ასახავს მაღალი დონის კორუფციის თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობას. საქართველოში ე.წ. „ელიტური კორუფციის“ როგორც მნიშვნელოვანი გამოწვევის არსებობას ადასტურებს ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები, როგორიცაა ევროპარლამენტი და ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაცია (OECD) .


კერძოდ, მაღალი დონის კორუფციის შესახებ საუბარია ევროპარლამენტის მიერ რამდენიმე დღის წინ საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებულ რეზოლუციის პროექტშიც, სადაც ხაზგასმულია მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლის კუთხით არსებული გამოწვევები. რეზოლუციის პროექტის ერთ-ერთ პუნქტში საუბარია სწორედ ანტიკორუფციული სამსახურის დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბების საჭიროებაზე.


საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით, მაღალი დონის კორუფციასთან დაკავშირებით საქართველოში არსებული გამოწვევების საპასუხოდ, IDFI-მ 2017 წელს მოამზადა პოლიტიკის ნარკვევი, რომელიც დეტალურად ასაბუთებს საქართველოში დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნის აუცილებლობას.


კორუფციის პრევენციისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის ფუნქცია საქართველოში სხვადასხვა საჯარო უწყებაზეა გადანაწილებული, რომელთა უფლებამოსილებები და საქმიანობის სფეროები ხშირად არ არის მკაფიოდ გამიჯნული. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა არცერთი უწყების მთავარ საქმიანობას არ წარმოადგენს. საქართველოში კორუფციული დანაშაულების თავიდან აცილების, გამოვლენის, გამოძიებისა და აღკვეთის ფუნქციები ძირითადად გადანაწილებულია შემდეგ უწყებებს შორის:


- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ანტიკორუფციული სააგენტო;


- საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი (კორუფციულ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველო);


- ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.


გარდა ამისა, პროკურატურა უფლებამოსილია გამოიძიოს ყველა სახის კორუფციული დანაშაული, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ის იუსტიციის სამინისტროს თანამდებობის პირის მიერაა ჩადენილი ან უსაფრთხოების სამსახურმა ან ფინანსთა სამინისტრომ გამოავლინა. ამ სისტემაში ასევე მნიშვნელოვანი როლი უკავია სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. ის ახორციელებს, როგორც ზოგადად საბიუჯეტო სახსრების მონიტორინგს, ისე პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო კამპანიების მონიტორინგს.


კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი უწყებების დამოუკიდებლობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტანდარტი, რასაც საერთაშორისო ხელშეკრულებები, კონვენციები, სახელმძღვანელოები, თუ რეკომენდაციები აწესებენ. სწორედ ასეთი უწყებების დამოუკიდებლობა უზრუნველყოფს კორუფციის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას, ანგარიშვალდებულებას, გამჭვირვალობის მაღალ ხარისხს და, შესაბამისად, მაღალ საზოგადოებრივ ნდობას.


საქართველოს პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ კორუფციასთან მებრძოლ არსებულ უწყებებში სწორედ მათი დამოუკიდებლობის საკითხია ყველაზე პრობლემური. მაგალითად, სუს-ის სტრუქტურაში ანტიკორუფციული სააგენტოს არსებობა შეუთავსებელია უწყების საქმიანობის საიდუმლო ბუნებასთან და ქმნის უსაფრთხოების სამსახურის პოლიტიკური წნეხის ქვეშ მოქცევის რისკს.


IDFI-ის მიერ შემოთავაზებულ სისტემაში, დამოუკიდებელ ანტიკორუფციული სამსახურს უნდა მიეკუთვნოს შემდეგი კომპეტენციების შესრულება:


- კორუფციის პრევენცია;


- კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა;


- ანტიკორუფციული პოლიტიკის შემუშავება;


- თანამდებობის პირთა დეკლარაციების მონიტორინგი;


- მამხილებელთა დაცვა;


- პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მონიტორინგი;


- კორუფციის საკითხებზე ცნობიერების ამაღლებისა და განათლების პოლიტიკის დაგეგმვა.


არსებული ანტიკორუფციული სისტემის ხარვეზების შესახებ IDFI უკვე დიდი ხანია საუბრობს სხვადასხვა ფორმატში. 2018-2020 წლების ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) სამოქმედო გეგმისათვის IDFI-ის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ და ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის წევრი სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი რეკომენდაცია იყო დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნა, თუმცა, საქართველოს მთავრობამ არ გაიზიარა ეს რეკომენდაცია იმ მიზეზით, რომ არსებული ანტიკორუფციული სისტემა კარგად მუშაობს.


შეთავაზებული ვალდებულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საქართველოს OGP-ის თავმჯდომარეობის წელს, რადგან სწორედ ამ პერიოდში სასურველი იყო ქვეყანას პარტნიორობის წინაშე წარედგინა ისეთი ამბიციური და ტრანსფორმაციული ვალდებულება, რომელიც ხაზს გაუსვამდა საქართველოს მისწრაფებას, რეალურად ყოფილიყო რეგიონული ლიდერი ანტიკორუფციული რეფორმების კუთხით.


როგორც წინა, ისე მოქმედი ხელისუფლების პირობებში „ელიტური კორუფციის“ შემთხვევების გამოუძიებლობა კიდევ უფრო ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ აუცილებელია არსებული სისტემის რეფორმირება, რადგან ის ვერ ახდენს მაღალი დონის კორუფციის შემთხვევებზე ეფექტურ რეაგირებას, რაც საზოგადოებაში აჩენს შეკითხვებს და ნეგატიურად აისახება საჯარო დაწესებულებების მიმართ საზოგადოების ნდობაზე. მეტიც, შესაძლო სამოხელეო დანაშაულის გამოუძიებელი შემთხვევები უფრო მეტად ახალისებს სამოხელეო დანაშაულს და ზიანს აყენებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.


IDFI აუცილებლად მიიჩნევს ისეთი დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნას, რომელსაც ექნება საზოგადოების ნდობა, დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი და შესაბამისი კვალიფიკაცია იმისათვის, რომ გამოიძიოს მაღალი დონის კორუფციის შემთხვევები და პასუხი გასცეს საზოგადოებაში დაგროვილ ლეგიტიმურ შეკითხვებს. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, დაიწყოს მუშაობა დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნის მიმართულებით და ხელახლა განიხილოს ჯერ კიდევ 2014 წელს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ ამ მიმართულებით ინიცირებული კანონპროექტი.






ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, სამშენებლო სექტორი უცხო ქვეყნის მოქალაქეების მოზიდვაზე გადაერთვება

ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, სამშენებლო სექტორი უცხო ქვეყნის მოქალაქეების მოზიდვაზე გადაერთვება
person access_time2018-10-18 09:00:00
1-ლი ნოემბრიდან სესხის აღების ახალი რეგულაციები ამოქმედდება, რომელიც ექსპერტთა შეფასებით სამშენებლო სექტორს მნიშვნელოვნად დააზარალებს. სებ-ის გადაწყვეტილებით, ადამიანს, თუ ერთი საცხოვრებელი აქვს მას იპოთეკით ვეღარ დატვირთავს, და მეორიც, რომ ჰქონდეს სესხს მაინც ვეღარ აიღებს, თუ შემოსავალი რეგისტრირებული არ აქვს. თუმცა, რეგისტრირებული რომც ჰქონდეთ შემოსავალი, ახლა უფრო ნაკლები თანხის სესხებას შეძლებს, რადგან ბანკებს სესხის ფორმულა ეცვლებათ. თუ აქამდე კლიენტს სესხის დასაფარად...

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი: აშშ მსოფლიოში ყველაზე კონკურენტუნარიანი სახელმწიფოა

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი: აშშ მსოფლიოში ყველაზე კონკურენტუნარიანი სახელმწიფოა
person access_time2018-10-17 17:06:56
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) თანახმად, აშშ მსოფლიოში ყველაზე კონკურენტუნარიან სახელმწიფოს წარმოადგენს. გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი 140 ქვეყანას აერთიანებს, სადაც აშშ-მა 100 ქულიდან 85,6 მიიღო. კვლევა 98 ინდიკატორს ემყარებოდა, როგორებიცაა სამუშაო ძალა, თავისუფალი მედია, მშრომელთა უფლებები და სხვ. რეიტინგში მეორე-მესამე პოზიციები სინგაპურმა (საჯაროობა) და გერმანიამ (მაკროეკონომიკური სტაბილურობა) დაიკავეს. განვითარებად...

„აშშ-ის ეკონომიკა ტიტანიკს მაგონებს - წინ ჩქარა მიიწევს, თუმცა აისბერგი ახლოსაა“

„აშშ-ის ეკონომიკა ტიტანიკს მაგონებს - წინ ჩქარა მიიწევს, თუმცა აისბერგი ახლოსაა“
person access_time2018-10-17 21:00:00
საფინანსო სერვისების კომპანიის, Guggenheim Partners-ის საინვესტიციო მიმართულების ხელმძღვანელის, სკოტ მაინერდის განცხადებით, აშშ-ის ეკონომიკა სრული ძალებით ვითარდება, თუმცა აღნიშნული ექსპანსია 2020 წლისთვის შეჩერდება. აღნიშნულთან დაკავშირებით მაინერდმა პოსტი საკუთარ Twitter-ზე გამოაქვეყნა: „როგორც სიბნელეში მყოფი და მთელი სიჩქარით მიმავალი ტიტანიკი შეასკდა აისბერგს, ისეთივე ბედს გაიზიარებს აშშ 2020 წლისთვის, აღნიშნა მან. აღსანიშნავია,...

ვახტანგ ჭარაია: „ლარის გაუფასურება ადგილობრივი ბიზნესისთვის ერთგვარი სტიმულიცაა“

ვახტანგ ჭარაია: „ლარის გაუფასურება ადგილობრივი ბიზნესისთვის ერთგვარი სტიმულიცაა“
person access_time2018-10-18 13:00:02
“ლარის გაუფასურება ადგილობრივი ბიზნესისთვის ერთგვარი სტიმულიცაა,“ --ასე აფასებს თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაია ბოლო პერიოდში ლარის მკვეთრ გაუფასურებას. მისი განმარტებით, ლარის გაუფასურება ყველაზე მეტად იმპორტიორებს დააზარალებს. ჭარაიას განცხადებით, ცალსახად იმის თქმა, რომ ლარის გაუფასურება მაინც და მაინც დახურავს რომელიმე ბიზნესს, სწორი არ არის. პირიქით, ადგილობრივი წარმოებისთვის ლარის გაუფასურება ნიშნავს...

იცხოვრე ერთი ღამე მეცხვარის ცხოვრებით - ლაშა პაპაშვილი მთაში უნიკალურ ტურისტულ ზონას აკეთებს

იცხოვრე ერთი ღამე მეცხვარის ცხოვრებით - ლაშა პაპაშვილი მთაში უნიკალურ ტურისტულ ზონას აკეთებს
person access_time2018-10-17 18:00:00
უნიკალური პროექტი - სწორედ ასე უწოდებს ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი იდეას, რომელსაც საფუძველი 5 წლის წინ ჩაეყარა და დღეს რეალობად იქცა. საქართველოს საზღვრისპირა  რაიონში, თუშეთის სოფელ ვაკისძირში, სადაც სამანქანო გზაც კი არ არის და თავგადასავლების მოყვარულ ტურისტს ცხენით მოუწევს მანძილის გავლა, უკვე დანიშნულების ადგილას მისულს იშვიათი სანახაობა დახვდება. „მთელი ამბავი არის იმაში, რომ მეცხვარეობის ინდუსტრია, ფაქტობრივად, მსოფლიოში აღარ არსებობს. ყველაფერი ბარში...


მსგავსი სიახლეები

up