საქართველოში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტის დაკრძალვა სპეციალური წესის მიხედვით უნდა განხორცელდეს, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის 25 მარტის ბრძანებითა და მისი N16 დანართით არის განსაზღვრული.
აღნიშნული წესის თანახმად, ოჯახის წევრები და სარიტუალო/დამკრძალავი სამსახური ინფორმირებული უნდა იყვნენ ინფექციის გავრცელების საფრთხისა და საჭირო ღონისძიებების თაობაზე:
გვამის გადასვენება ხორციელდება სასახლით, რომელშიც იგი თავსდება გვამის ჩანთით, რომლის გახსნა მიცვალებულის გადასვენებისა და დაკრძალვის ნებისმიერ ეტაპზე აკრძალულია;
საჭიროა მიცვალებულის დროულად (არაუმეტეს 72 სთ-ის განმავლობაში) დამარხვის ორგანიზება და ხალხმრავალი პანაშვიდებისგან თავის შეკავება;
COVID-19-ის დადასტურებულ, ან სავარაუდო შემთხვევაში, უნდა გამოირიცხოს გვამის ბალზამიერება და ნებისმიერი დამატებითი კონტაქტი, მათ შორის პათოლოგ-ანატომიური გაკვეთა; ამ უკანასკნელის აუცილებლობის შემთხვევაში, მკაცრად უნდა იქნეს დაცული უსაფრთხოების მოთხოვნები.