2020 წელს გაყიდული ახალი მანქანებიდან მსოფლიოში ყოველი 24-ე ელექტროა, საქართველოში კი ყოველი 196-ე. 2016-2020 წლებში საქართველოში ჯამში 2590 ელექტრომობილის იმპორტი განხორციელდა. კომერსანტი დაინტერესდა მსოფლიოში არსებული ტრენდის ფონზე ელექტრომობილებზე მოთხოვნა საქართველოში რატომ არ იზრდება.
მაღალი ფასი, გადაადგილების შეზღუდული დიაპაზონი და დასატენი ინფრასტრუქტურის ნაკლებობა - ეს იმ მიზეზების ჩამონათვალია, რომლებიც, ავტო იმპორტიორების აზრით, ქვეყანაში ელექტრომობილების ზრდას უშლის ხელს. „კავკასიის ავტო იმპორტის“ დირექტორი ალექსანდრე ვეკუა „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ საქართველოში ახალ ელექტრომობილებს ფასის გამო ვერ ყიდულობენ და არა იმიტომ, რომ ბუნება არ უყვართ.
„ელექტრომობილები, რომლებიც, გამოდის, არ არის ბოლომდე დახვეწილი. თუ თქვენ ახალ ელექტრომობილს შეიძენთ, მას გარანტია აქვს და რაღაც პერიოდი კომპანი გემსახურება, თუმცა მეორად ბაზარზე ნაყიდი ელექტრომობილის გრძელვადიან პერიოდში მოვლა რთულია. ეს მოდელები იმდენად ხარისხიანი არ არის, რომ 10 წელი იყოლიო, ხოლო 10 წლის შემდეგ ისევ ვარგოდეს. ამ მიზეზის გამო, მეორად ბაზარზე ელექტრომობილი დიდად პოპულარული არ არის. საქართველოში ახალ ელექტრომობილებს ხალხი ფასის გამო ვერ ყიდულობს, და არა იმიტომ, რომ ბუნება არ უყვართ და ეკოლოგიაზე არ ზრუნავენ. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში სერვისები არ არის განვითარებული. ჩვენს გაყიდვებშიც ელექტრომობილების მინიმალური წილი უკავია. თუმცა, ჰიბრიდებზეა 1000 პროცენტით მოთხოვნა გაზრდილი, 5 წლის წინ თუ 1000 მანქანა შემოდიოდა, დღეს 10 000 ჰიბრიდი შემოდის“, — აცხადებს ალექსანდრე ვეკუა.
ელექტრომობილების გაყიდვების წილი მინიმალურია „mycar.ge“-ს პორტფელშიც. კომპანიის დამფუძნებელი ბესო ქათამაძე აცხადებს, რომ საქართველოში ელექტრომობილების რაოდენობის ზრდას შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობა უშლის ხელს.
„ელექტრომობილებზე მოთხოვნა დასავლეთში გაცილებით დიდია, ვიდრე საქართველოში. ჩემი აზრით, ავტოპარკის საერთო რაოდენობაში ელექტრომობილებს მნიშვნელოვანი წილი არ აქვს, ალბათ 10 პროცენტიც არ იქნება. ხოლო, ჩვენი შემოყვანილი მანქანებიდან ელექტრომობილები 5 პროცენტიც არ იქნება. ქვეყანაში სერვისი არ არის გამართული, შესაბამისად – მოთხოვნაც არ არის. როდესაც მეორად მანქანას ყიდულობ იქ მომხმარებელს გამართული ინფრასტრუქტურა მაინც სჭირდება. თუ ეს პრობლემა მოგვარდება, მაშინ მოთხოვნა გაიზრდება“, - განაცხადა ბესო ქათამაძემ.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 1-ლი იანვრისთვის საქართველოში აქტიური სტატუსით რეგისტრირებული ელექტომობულების რაოდენობამ 2187 შეადგინა, რაც მთელი ავტოპარკის 0.18%-ს შეადგენს. 2016 წელს ელექტრომობილების იმპორტმა მხოლოდ 34 ერთეული შეადგინა, 2017 წელს კი მეტ-ნაკლებად წარმატებული პიარკამპოანიისა და დასამუხტი სადგურების ქსელის გაჩენის შემდეგ 2303%-იანი ზრდა დაფიქსირდა და იმპორტმა 817-ს მიაღწია. 2017-ის მონაცემები დღემდე რეკორდულად რჩება. 2018 წელს იმპორტი 599-მდე შემცირდა, 2019 წელს 798-მდე გაიზარდა, მაგრამ 2020 წელს ისევ 342-მდე შემცირდა.
ბაჩო ადამია