საქართველოში 90-იანებში პოპულარული ბიუჯეტის სეკვესტრი ბრუნდება

საქართველოში 90-იანებში პოპულარული ბიუჯეტის სეკვესტრი ბრუნდება

access_time2018-12-06 17:00:00


დიდი წვალების მიუხედავად, მთავრობამ წელს პირობები ვერ შეასრულა და ბიუჯეტის სეკვესტრის გზას დაადგა, — წერს რეზონანსი, მიზეზად კი ეკონომიკური ზრდის დაბალ ტემპს, ბიუჯეტის არათანაბარზომიერ და არაეფექტიან ხარჯვას ასახელებს.


ამ ეტაპზე ცნობილი ხდება, რომ ბიუჯეტის სეკვესტრის მიზეზი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გათვალისწინებული თანხების აუთვისებლობა გახდა. ამ ნეგატიური პროცესის ერთადერთი სიკეთეა ის, რომ წლის ბოლოს დიდი ფულადი რესურსი არ დაიხარჯება და ლარზე ზეწოლა არ მოხდება. სხვა მხრივ, სეკვესტრირებული ბიუჯეტი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და დიდწილად იგი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას შეაფერხებს.


“საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონპროექტის თანახმად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის გათვალისწინებული ხარჯები 269 მლნ ლარით მცირდება და 1 546 მლნ ლარს შეადგენს. საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად მიღებული გრძელვადიანი, შეღავათიანი კრედიტები კი მცირდება 321 მლნ ლარით და განისაზღვრება 915.8 მლნ ლარით, დაგეგმილი პროექტების ნაწილობრივ, მომდევნო წლებზე გადანაწილების გათვალისწინებით.


რაც შეეხება მიმდინარე წელს მისაღებ გრანტებს, ეს მაჩვენებელიც მცირდება – 74.3 მლნ ლარით.


ეს ცალსახად ადასტურებს, რომ წელს ბიუჯეტი ჩავარდა. ეკონომისტების შეფასებით, ქვეყანაში არ იქმნება ინფრასტრუქტურული პროექტები და სერვისები, რაც საქართველოს ეკონომიკას იმაზე მეტად წასწევდა წინ, ვიდრე დღეს მიდის.


ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენელი გიორგი კაპანაძე ინფრასტრუქტურის სამინისტროში ხარჯვით ნაწილთან დაკავშირებულ პრობლემაზე საუბრობს და ხელისუფლებას ამ საკითხის საბოლოოდ მოგვარებისაკენ მოუწოდებს.



“ბიუჯეტს პრობლემა აქვს და ეს არ არის ახალი ამბავი. ჩვენი ორგანიზაცია ჯერ კიდევ წლის დასაწყისში აღნიშნავდა, რომ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემა იყო.


ეს ჩანს იქიდანაც, რომ შემცირდა ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსების ხარჯი. ფაქტია, რომ დღესაც ვერ გვარდება ტენდერების პრობლემა და შემდეგ მათი დროულ ვადებში შესრულება გადაუჭრელ საკითხად რჩება. ჩვენ ვხედავთ, რომ სამინისტროს მიერ განსახორციელებელი პროექტების უმეტესი ნაწილი დროში გაწელილია, გადავადებულია და შესრულება გვიანდება. სამწუხაროდ, სწორი იყო, რომ ბიუჯეტი შემცირდა, რათა იგივე ტენდენცია არ მიგვეღო.


აუცილებელია, რომ პრობლემა, რაც ინფრასტრუქტურის სამინისტროში არსებობს, მაქსიმალურად სწრაფად აღმოიფხვრას. როდესაც ვსაუბრობთ, რომ ქვეყნის განვითარება და ეკონომიკური ზრდა გვსურს, ამ შემთხვევაში ინფრასტრუქტურის სამინისტრო გამართულად უნდა მუშაობდეს.


ჩვენ თუ არ გვექნება გზები, არ განხორციელდება სხვადასხვა პროექტი, შესაბამისად, მშპ არ გაგვეზრდება. ამიტომ კარგი იქნება, თუკი ამ საკითხს მეტი ყურადღება მიექცევა, მოხდება მიმდინარე პროექტების დროში დასრულება და ხარვეზების გამოსწორება”, – აღნიშნა კაპანაძემ და დასძინა, რომ ბიუჯეტის სეკვესტრი ამ შემთხვევაში ერთადერთი “სიკეთეა”, რაც წლის ბოლოს ლარის კურსზე დადებითადაც შეიძლება, აისახოს.


“ჩვენ უნდა დავინახოთ და თვალი გავუსწოროთ იმ რეალობას, რაც გვაქვს. ფაქტია, რომ ინფრასტრუქტურულ პროექტებში თანხების ათვისება ვერ ხერხდება. ეს არ მომხდარა მარტო წელს, ადრეც ასე იყო. ახლა დაგვრჩა 1 მილიარდზე მეტი ასათვისებელი თანხა და ამ მხრივ ინფრასტრუქტურის სამინისტრო ლიდერია. ვიმედოვნებ, ეს იქნება ხელისუფლებისათვის გამოსაფხიზლებელი სიგნალი და სათანადო ყურადღება მიექცევა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს და იზრუნებენ მდგომარეობის გამოსწორებაზე. ეს აუცილებელია, რათა წლის ბოლოს და სხვა პერიოდშიც არ იყოს ჭარბი ლარის მოხვედრა ეკონომიკაში, რაც ეროვნულ ვალუტას გააუფასურებს”, – აღნიშნა კაპანაძემ “რეზონანსთან” საუბრისას.


განსხვავებული პოზიციისაა ეკონომისტი, “ახალი ეკონომიკური სკოლის” დამფუძნებელი პაატა შეშელიძე. მას მიაჩნია, რომ საბიუჯეტო ხარჯის შემცირება მშპ-თან მიმართებით ქვეყნისათვის დადებითი მუხტი შეიძლება, აღმოჩნდეს.


“სრული სურათი არ მაქვს, მაგრამ პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, რომ საბიუჯეტო ხარჯი რამდენიმე მიმართულებით შემცირდეს. თავისთავად კლება არაფერს ნიშნავს. მეორე მხარეა ის, რომ სამომავლოდ შესაძლოა, სივრცე გაიხსნას სხვა ინვესტორებისათვის, რომლებსაც გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტები გადაეცეთ. ამიტომ გარკვეული მიმართულებით დაფინანსების შემცირებას პრობლემად არ ვთვლი.


2 წლის წინ მიღებული იყო გადაწყვეტილება, რომ სახელმწიფო ხარჯი შემცირებულიყო მშპ-თან მიმართებით. საკითხს ამ კუთხით თუ შევხედავთ, უარყოფით პროცესთან არ გვაქვს საქმე. რაც ნაკლებს დახარჯავს სახელმწიფო, მეტი დარჩება კერძო სექტორს და ეს არ მგონია, პრობლემას წარმოადგენდეს”, – განაცხადა ეკონომისტმა.


მთავრობამ პარლამენტს “საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტი უკვე გადაუგზავნა. წლის ბოლოს ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების მიზეზად მთავრობა დაგეგმილზე მაღალ ეკონომიკურ ზრდასა და საგადასახადო შემოსავლებს ასახელებს.


resonancedaily.com






"ყაზტრანსგაზი" და კალაძის ინტერესები - კომპანიის წამყვან თანამდებობებს თბილისის მერის პროტეჟეები იკავებენ

access_time2019-01-20 21:29:31
დიდ დიღომში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ სულ უფრო აქტუალური ხდება კითხვა - ვინ არის მომხდარზე პასუხისმგებელი? დედაქალაქის მერია პასუხისმგებლობას იხსნის და ხელს კანონში არსებული რეგულაციებისკენ იშვერს, რომლის მიხედვითაც, ექსპლუატაციაში მიღებამდე კორპუსში ადამიანების ცხოვრება დაშვებულია. დიდი დიღომში მომხდარი უბედური შემთხვევისგან ქალაქის მერის მიერ პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობას პოლიტიკური ოპონენტები უზნეობად აფასებენ. კახა კალაძე...

როგორ გამოიყურებიან ცნობილი ბრენდების ნაკლებად ცნობილი შემქნელები

როგორ გამოიყურებიან ცნობილი ბრენდების ნაკლებად ცნობილი შემქნელები
access_time2019-01-20 20:00:48
მსოფლიო ბრენდების მფლობელების და დამაარსებლების...

ფარული ჩანაწერი, რომელმაც კვირიკაშვილი გადაიყოლა და საბედისწერო სიტყვა „ოლიგარქი“

ფარული ჩანაწერი, რომელმაც კვირიკაშვილი გადაიყოლა და საბედისწერო სიტყვა „ოლიგარქი“
access_time2019-01-19 21:30:38
ფარული ჩანაწერები, რომელმაც პრემიერი გიორგი კვირიკაშვილის პოსტი შეიწირა - ამბავი, რომლის გამოც ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის მთავარ ბანკირს - მამუკა ხაზარაძეს, დაუპირისპირა და გიორგი კვირიკაშვილს გადადგომა აიძულა, ფარულ ჩანაწერს უკავშირდება. წყარო კურიერს უყვება, რომ...

10 წლის ჩელენჯი - 10 ფაქტი საქართველოს ეკონომიკის შესახებ

10 წლის ჩელენჯი - 10 ფაქტი საქართველოს ეკონომიკის შესახებ
access_time2019-01-20 12:00:01
გასული 10 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკამ მნიშვნელოვანი გარდაქმნები გაიარა, ამიტომ გადავწყვიტეთ წარმოგვედგინა რამდენიმე ფაქტი საქართველოს ეკონომიკის შესახებ 2008 წლისა და 2018 წლის...

ზურაბ გურული - „ ისტერიკა იმაზე, რომ დიღომში მომხდარ ტრაგედიას კავშირი არა აქვს პოლიტიკასთან, არის უშედეგო ფარსი“

ზურაბ გურული - „ ისტერიკა იმაზე, რომ დიღომში მომხდარ ტრაგედიას კავშირი არა აქვს პოლიტიკასთან, არის უშედეგო ფარსი“
access_time2019-01-19 20:00:36
ზურაბ გურული — აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, ასევე მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური ანესთეზიოლოგიის პროფესორი — დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიას და ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად...


მსგავსი სიახლეები

up