არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ სატელევიზიო სარეკლამო ბაზრების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში მიმოხილულია ქართული სატელევიზიო ბაზარი და ტელევიზიების შემოსავლები. ანგარიშის მიხედვით 2021 წლის მდგომარეობით საქართველოში სულ 116 ტელევიზია მაუწყებლობს.
სარეკლამო შემოსავლების მხრივ 5 ყველაზე შემოსავლიან ტელევიზიას მთლიანი სარეკლამო ბაზრის 81% უჭირავს. ესენია: იმედი ჰოლდინგი, მთავარი არხი, მედია ჰოლდინგ (ყოფილი რუსთავი2), ტელეკომპანია პირველი, ფორმულა.
2021 წელს კერძო ტელევიზიებიდან, ჯამური შემოსავლების მხრივ, პირველი ადგილი „ფორმულას“ უჭირავს 37.5 მლნ. ლარით. მასში 31.6 მლნ ლარი „არასამაუწყებლო შემოსავალია“, რაც არის მფლობელისგან, დავით კეზერაშვილისგან სესხის სახით აღებული თანხა.
2021 წელს კერძო ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 1.3 მლნ ლარით არის გაზრდილი (1%) და 139.8 მლნ ლარს შეადგენს.