ზამთრის კურორტებზე სეზონი მაისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი რადიო „კომერსანტთან" აცხადებს, რომ წელს ვიზიტორების რაოდენობით კმაყოფილები არიან, რადგან საახალწლო პერიოდში ყველა კურორტი დატვირთული იყო.
სანდრო ონოფრიშვილი ამბობს, რომ მათი გათვლებით და სასტუმროების მონაცემებით თებერვალი და მარტი დატვირთული იქნება. ონოფრიშვილი ამბობს, რომ გუდაურში სეზონის პიკზე წყლის პრობლემა შეიქმნა, თუმცა ეს პრობლემა დაძლეულია და არსებული მონაცემებით გუდაურს საუკეთესო სეზონი აქვს, გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით ვიზიტორების რაოდენობა 14%–ით არის გაზრდილი. მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ბაკურიანს კოხტას საბაგიროს გახსნამ დიდი სტიმული მისცა კურორტის განვითარებას, რაც დამსვენებლების რაოდენობაზეც აისახა.
მისივე თქმით, გოდერძის მიმართაც ძალიან დიდი დაინტერესებაა და კურორტს დიდი მომავალი აქვს, კერძო სექტორთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რათა მისი სამომავლო განვითარება მოხდეს. სანდრო ონოფრიშვილი ამბობს, რომ წელს სეზონი სავარაუდოდ მასის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება, სეზონის გაგრძელებისთვის კი, თუ საჭიროება დადგა, ტრასებისთვის ხელოვნური გათოვლიანების სისტემის გამოყენებაც მოხდება.
ზამთრის კურორტებზე სეზონი წელს, ბოლო 20 წელიწადში, ყველაზე ადრე, 5 დეკემბერს, გოდერძიზე გაიხსნა.