საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წელს 1 310.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის მონაცემებზე 0.3 პროცენტით მეტია და 3.4 პროცენტით აღემატება 2019 წლის წინასწარ მონაცემებს. ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს. საქსტატმა ასევე დააზუსტა საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2015 წლიდან.
2019 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების სამეულში ცვლილებაა. თუ 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში ინვესტიციების მხრივ ნიდერლანდები, გაერთიანებული სამეფო და აშშ ლიდერობდა. 2019 წელს ქვეყნების სამეულს გაერთიანებული სამეფო, თურქეთი და ირლანდია იკავებს. აღსანიშნავია, რომ პირველად სამეულში მოხვდა ირლანდია, საიდანაც საქართველოში შარშან 133,3 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.
სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობაში, 2019 წლის დაზუსტებული მონაცემებით, 41.6 პროცენტი შეადგინა.
2019 წელს სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 50.4 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 272.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 20.8 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი 261.6 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა 126.8 მლნ. აშშ დოლარით.
ნინო თამაზაშვილი