ვაჟა ბერიძე: კრიმინალი არის ის პრობლემა, რომლის მოუგვარებლობასაც  შეიძლება 2020 წელს „ქართული ოცნების“ მმართველობა შეეწიროს

ვაჟა ბერიძე: კრიმინალი არის ის პრობლემა, რომლის მოუგვარებლობასაც შეიძლება 2020 წელს „ქართული ოცნების“ მმართველობა შეეწიროს

access_time2019-01-22 11:00:15

საქართველოს უკონტროლო კრიმინალი — ამ შეფასებას ციფრები ყველაზე ზუსტად ადასტურებს: შსს-ს ინფორმაციით,  2018 წლის 11 თვის განმავლობაში ( დეკემბერის სტატისტიკა ჯერჯერობით გამოქვეყნებული არ არის)  საქართველოში რეგისტრირებული კრიმინალის რაოდენობა რეკორდული ტემპით - 58%-ით გაიზარდა; ჩადენილი დანაშაულის გახსნა კი 20 პროცენტით შემცირდა. ფაქტია, გაზრდილ და გართულებულ კრიმინალს სახელმწიფო ვერ აკონტროლებს.




შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაშაულის სტატისტიკის თანახმად, წინა წელთან შედარებით, მხოლოდ სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული 122%-ით გაიზარდა. 2018 წლის 10 თვეში ამ ტიპის დანაშაულის 1900 შემთხვევა მოხდა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 1046 ფაქტით მეტია.


დანაშაულთა კატეგორიების მიხედვით, პირველ ადგილზე საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი კრიმინალური ფაქტებია. 2018 წელს ამ კატეგორიის სულ 22,524 ფაქტი აღირიცხა, რაც 2017 წელთან შედარებით 81%-ით მეტია.


რაც შეეხება დანაშაულებრივ სტატისტიკას ზოგადად,  2012-2014 წლის მონაცემები „საქსტატში“არ მოიძიება,  ხოლო დანარჩენი პერიოდის მდგომარეობა ასე გამოიყურება:


  • 2015 წელს დაფიქსირებულია  – 35 096 სისხლის სამართლის დანაშაული,
  • 2016 წელს - 35 997 ათასი ფაქტი;
  • 2017 წელს სულ რეგისტრირებული იყო 37 944 კრიმინალური ფაქტი.
  • 2018 წელს ქვეყნის კრიმინოგენური მდგომარეობა კი უფრო მძიმე სურათს აჩვენებს. კერძოდ, რეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობამ I-III კვარტლის მიხედვით 43 845 ფაქტი შეადგინა.                                                                                                                                                                                                                                                                                                             

ამ მონაცემებიდან წლების მიხედვით მაგალითად საკუთრების წინააღმდეგ დანაშაული ფაქტი კი ასე გამოიყურება:


 


(შსს-ს 2018 წლის დეკემბრის მონაცემები ჯერ არ დაუთვლია. გიორგი გახარიას უწყება წლის საერთო სტატისტიკას და განახლებულ მაჩვენებლებს თვის ბოლოს გამოაქვეყნებს)


მართალია, შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სტატისტიკის ზრდა დათვლის მეთოდოლოგიურმა ცვლილებამ გამოიწვია, მაგრამ ფაქტებიც მეტყველებენ, რომ კრიმინალი ყოველწლიურად სწრაფი ტემპით იზრდება. არსებული ვითარების გამო ქვეყანაში კერძო სექტორიც დაუცველი გახდა და ბიზნესი სულ უფრო აქტიურად საუბრობს, რომ პრობლემები აქვს. თავს დაცულად აღარ გრძნობს, რის გამოც ხშირად საქმიანობის გაგრძელების აზრსაც ვერ ხედავს. შესაბამისად, მაშინ როდესაც გაზრდილი კრიმინალი ზოგადად ქვეყნის ეკონომიკას აფერხებს, თბილისშიც და მთლიან საქართველოშიც, ბიზნესის დაყაჩაღების ასობით ფაქტი მაინც ფიქსირდება:


„საქართველოს ბანკისა“ და „თიბისი ბანკის“ ფილიალი,  „ჯეოსელის“ ოფისი, „სვოჩის“ მაღაზია,  მაღაზიათა ქსელი „ბეკო“, „ტექნობუმი“, „ორი ნაბიჯი“, „მეგატექნიკა“ - ეს იმ ობიექტების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ძალიან ხშირად კრიმინალისა და დაყაჩაღების ობიექტი ხდება. როგორც წესი გამოძიება უმეტეს შემთხვევაში არ სრულდება და დამნაშავეც დაუსჯელი ხდება.


გარდა ეკონომიკის შეფერხებისა, მძიმე კრიმინოგენური სიტუაცია, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, პირდაპირ უარყოფითად აისახება ქვეყნის დემოკრატიის ხარისხზეც. რამდენიმე კვლევიდან მხოლოდ ერთს დავასახელებთ:


ანალიტიკური კვლევითი კომპანია “The Economist Intelligence Unit“-ის  2018 წლის დემოკრატიის ინდექსის კვლევა ცხადყოფს, რომ მსოფლიოს 165 ქვეყანას შორის, დემოკრატიულობის ხარისხით საქართველო 89-ე ადგილს იკავებს. მაქსიმალური 10 ქულიდან 5.50-ით შეფასდა და ჰიბრიდული რეჟიმის მქონე სახელმწიფოების ჯგუფს მიეკუთვნება. წინა წელთან შედარებით, მდგომარეობა გაუარესებულია, ვინაიდან 2017 წლის კვლევით საქართველოს დემოკრატიის ხარისხი 5.93 ქულით იყო შეფასებული და გლობალურ რანჟირებაში მსოფლიოს 167 ქვეყანას შორის 79-ე ადგილს იკავებდა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ 2012 წლიდან მოყოლებული, საქართველო ასეთი დაბალი ქულით პირველად შეფასდა.


როგორც დარგის სპეციალისტები ვარაუდობენ, ბოლო წლებში ჩამოყალიბებული ტენდენცია თუ კვლავ გაგრძელდება, ქვეყნის ეკონომიკაც, დემოკრატიაც, სოციალური ფონიც და პოლიტიკური გარემოც, ბევრად უარეს მდგომარეობაში ჩავარდება. ეკონომისტი ვაჟა ბერიძის შეფასებით, კრიმინალი არის ის პრობლემა,  რომლის მოუგვარებლობასაც 2020 წელს შესაძლოა „ქართული ოცნების“ მმართველობა შეეწიროს.


„ქრონოლოგიურად რომ დავალაგოთ,  დღეს  სასამართლო სისტემა არის ქვეყნის ნომერ პირველი პრობლემა. აღნიშნულთან, რა თქმა უნდა,  პირდაპირ კავშირშია კრიმინალი. თუ ამ პრობლემას ხელისუფლება ვერ მოაგვარებს, მზად უნდა იყოს, რომ 2020 წელს მმართველობას სხვას გადააბარებს. ხალხი მას ნამდვილად აღარ დაუჭერს მხარს, რადგან ჩვენ გვაქვს უმძმესი კრიმინოგენური სიტუაცია. ერთი მხრივ ჩვენთვის მიუღებელი იყო წინა რეჟიმის მდგომარეობა - ნულოვანი ტოლერანტობა, მეორე მხრივ კი ასევე მიუღებელია დღევანდელი რეჟიმის ლოიალური დამოკიდებულება“,- განმარტავს ვაჟა ბერიძე.


მისივე თქმით, დემოკრატია არ გულისხმობს განუკითხაობას, ქაოსსა და დაუსჯელობის სინდრომს. „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში კი ზუსტად ეს ტენდენცია შეინიშნება.


„დღეს საზოგადოების ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნაა მართლწესრიგის განმტკიცება; ისეთ გარემოში ცხოვრება, სადაც შეძლებს სამართლიანობის აღდგენას და სადაც სასამართლო ავტორიტეტულ სისტემას წარმოადგენს; სადაც ყველა სამართალგადაცდომას ექნება ობიექტური რეაგირება და მოქალაქე თავს დაცულად იგრძნობს. სწორედ უსაფრთხო გარემოა ქვეყნის განვითარების მთავარი საფუძველი. შესაბამისად მიზანი ცალსახაა - კრიმინალი უნდა აილაგმოს და ამ მიმართულებით გადადგმული ყველა ნაბიჯი უნდა იყოს მაქსიმალურად ეფექტური. სხვა შემთხვევაში, კიდევ ერთხელ განვმეორდები - დღევანდელი ხელისუფლება ამას შეეწირება“,- აღნიშნავს ვაჟა ბერიძე.


ექსპერტთა პროგნოზებით, თუ კრიმინალის ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება, წლის ბოლოსთვის  ეს დანაშაულის რაოდენობამ შესაძლოა 50 ათასს გადააჭარბოს.




სალომე ლემოჯავა





„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“

„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“
access_time2020-11-24 16:25:46
მწვავე პანდემიურ პერიოდში აუცილებელია ვიზრუნოთ პატარების იმუნიტეტისა და ორგანიზმის მოძლიერებაზე. ბავშვებისთვის ვიტამინებისა და...

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-11-24 18:15:33
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 24 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3193 ლარი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-24 21:00:28
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„პოლიტიკური სტაბილურობა და დემოკრატიული გარემო ინვესტორისთვის პრიორიტეტია და მხოლოდ მთავრობის ბენეფიტების გამო არ შემოვა“ ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) თანადამფუძნებელი მარიამ ქუჩულორია „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, რომ...

როგორ მოვამზადოთ ბიზნესი ან მაღაზია მოსალოდნელი „კარანტინისთვის“?

როგორ მოვამზადოთ ბიზნესი ან მაღაზია მოსალოდნელი „კარანტინისთვის“?
access_time2020-11-24 14:40:04
პანდემიის მეორე ტალღა პირველთან შედარებით გაცილებით მძიმე ჩანს. ინფიცირებულთა მაჩვენებელი ყოველდღიურად მატულობს და ახალ ანტირეკორდებს ხსნის, რაც ზოგად მდგომარეობას საკმაოდ...

„რაში იხარჯება ჩვენი ფული? ქართული ფეხბურთის პრიორიტეტები სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს!“

„რაში იხარჯება ჩვენი ფული? ქართული ფეხბურთის პრიორიტეტები სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს!“
access_time2020-11-24 17:30:23
ვაგრძელებთ წერილების ციკლს, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს - ერთი პატარა აგური მაინც დაიდოს ქართული ფეხბურთის უკეთესი მომავლის საქმეში. თქვენს წინაშეა მორიგი წერილი, რომელიც, ალბათ, ბევრს გაანაწყენებს კიდეც, მაგრამ თავს იმთავითვე იმით დავიმშვიდებ, რომ ქართული ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით აღარავის ფერების დრო აღარ არის... ...დიახ, აღარ არის, რადგან თუ ბევრი რამ არ შევცვალეთ, თავზე დაგვემხობა ყველაფერი და ვერც დიდ საფეხბურთო ფორუმზე ვითამაშებთ იმის...


მსგავსი სიახლეები

up