საქართველოს შრომის ბაზრის ანატომია

საქართველოს შრომის ბაზრის ანატომია

person access_time2017-03-25 18:00:19

ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის შესაფასებლად, ეკონომისტები სხვადასხვა სტატისტიკურ მონაცემს განიხილავენ. გარდა მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) დონისა, ერთ-ერთი სტატისტიკური მონაცემი, რაც ეკონომისტთა და, ასევე, საზოგადოების ყურადღებას იქცევს, ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელია. უმუშევრობა ქვეყნის მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწვება და ეკონომიკურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ დანაკარგს იწვევს.


სხვადასხვა თეორიების მიხედვით, უმუშევრობის დონის ყოველი 1%-იანი ზრდა მშპ-ის დაახლოებით 2%-იან კლებას იწვევს. გარდა ამისა, ხელისუფლება კარგავს შემოსავალს გადასახადის გადამხდელთა რიცხვის შემცირების შედეგად. განვითარებულ ქვეყნებში და ზოგიერთ განვითარებად ქვეყანაშიც, ხარჯი კიდევ უფრო იზრდება, ვინაიდან ხელისუფლებას მეტი უმუშევრობისთვის კომპენსაციის გადახდა უწევს. სხვაგავარდაა საქართველოში, ვინაიდან ხელისუფლება არანაირ უმუშევრობის კომპენსაციას არ იხდის და უმუშევრობის ტვირთი მხოლოდ უმუშევრებს აწვება. მათი შემოსავალი იკლებს, ხოლო უნარ-ჩვევები, გამოუყენებლობის გამო, რეგრესირებს. ამავე დროს, უმუშევრობა სამუშაოსადმი მოტივაციას ამცირებს.

 

არსებული ვითარება

 

საქართველოში თითქმის ყველა სტატისტიკური თუ სოციოლოგიური გამოკითხვით, უმუშევრობის პრობლემა პირველ ადგილს იკავებს. NDI- ის მიერ 2015 წლის მაისში ჩატარებულმა სოციოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის 67% ძირითად პრობლემად სამუშაო ადგილების უკმარისობას ასახელებს, ხოლო კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 66% თავს დაუსაქმებლად თვლის. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2009 წელს საქართველოში უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა-16,9%, ყველაზე დაბალი კი 2015 წელს-12%. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია გავარკვიოთ, თუ რატომ არის ასეთი დიდი სხვაობა ოფიციალურ სტატისტიკასა და უმუშევრობის თემაზე ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების შედეგებს შორის.

 


პირველ რიგში, განვსაზღვროთ უმუშევრობის არსი. უმუშევარია ადამიანი, რომელიც სასურველ სამუშაოს, სასურველი ანაზღაურებით ვერ პოულობს. ფეოდალურ წყობილებაში უმუშევრობა ფაქტობრივად არ არსებობდა, რადგან ადამიანს არ ჰქონდა უფლება, სამუშაოზე უარი ეთქვა. თუ ადამიანს არ აქვს არანაირი შემოსავალი, ის იძულებულია საზღვარგარეთ წავიდეს, ან სოციალური დახმარება მიიღოს. ბევრ განვითარებულ ქვეყანაში უმუშევრობის დახმარება საკმაოდ სოლიდურია და კონკურენციას უწევს დაბალანაზღაურებად სამსახურებსაც.

 


საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხი არის ადამიანების მიერ უმუშევრობის აღქმა. სწორედ ამ მიზეზის გამო, ხშირ შემთხვევაში ოფიციალური სტატისტიკა არ ემთხვევა სოციოლოგიურ გამოკითხვებს. მაგალითად, ბევრი ადამიანი, ვინც სასურველ ადგილას არ მუშაობს თავს უმუშევრად თვლის. ასეთ კატეგორიას მიეკუთვნებიან ტაქსის მძღოლები, სოფლის მეურნეობაში მიწაზე დასაქმებულები და ა.შ. ოფიციალური სტატისტიკით კი ისინი უმუშევრად არ ითვლებიან. აგრეთვე, ხშირად ადამიანი თავს მხოლოდ მაშინ აღიქვამს დასაქმებულად, თუ მას ხელფასი აქვს დანიშნული (დაქირავებული).

 


დასაქმება რიცხვებში

 

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2016 წლის მეოთხე კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 15,3%-ით გაიზარდა და 17,4 მილიარდი ლარი შეადგინა. ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2016 წლის მეოთხე კვარტალში მისი მოცულობა 8,8 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 20.0%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს:

 

2016 წლის მეოთხე კვარტალში მთლიანი ბრუნვის 81,0% მოდის მსხვილ ბიზნესზე, 9,4% - საშუალო, ხოლო 9,6% - მცირე ბიზნესზე ნაწილდება. ოდნავ განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 79,0%, საშუალოზე - 11,3%, ხოლო მცირე ბიზნესზე - 9,7%.

 

საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2016 წლის მეოთხე კვარტლის განმავლობაში 13,0 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2,4%-ით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 8,1 მლრდ. ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11,7 %-ით მეტი).

 


დასაქმებულთა საშუალო რაოდენობამ 620,800 კაცი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 6,2%-ით აღემატება. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 40,7% ქალია, ხოლო 59,3% - კაცი: დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 61,3% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 16,6% - საშუალო, ხოლო დარჩენილი 22,1% - მცირე ბიზნესზე.

 

დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 584,9 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით - 3,7%-ით მეტი), საწარმოთა მთლიანმა დანახარჯებმა პერსონალზე - 1997.6 მლნ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12,2 %-ით მეტი).

 


2016 წლის მეოთხე კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1130,4 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 85,8 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა - 819.0 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 66,1 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი - 1268,5 ლარი; საშუალო ბიზნესი - 1110.0 ლარი; მცირე ბიზნესი - 646,6 ლარი.

 

2016 წლის მეოთხე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტის ჩათვლით), დამამუშავებელი მრეწველობის, მშენებლობის დარგები ლიდერობენ (შესაბამისად 25,5%, 13,8% და 10,4%-იანი წილებით). თუმცა სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების (10,3%), ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის (9,9%), აგრეთვე უძრავი ქონებით ოპერაციების, იჯარისა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევის დარგის საწარმოებზეც (9,8%): დასაქმებულთა რაოდენობას, რეგიონების მიხედვით აღნიშნული მაჩვენებელი შემდეგნაირად ნაწილდება: ქ. თბილისი - 65.8%, აჭარის ა.რ. - 9.0%, იმერეთი - 6.9%, ქვემო ქართლი - 5.5%, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 3.6%.

 

 

მეთოდოლოგიის ასიმეტრიულობა

 

უმუშევრობის სტატისტიკის საერთაშორისო მეთოდოლოგიას რომ გადავხედოთ, ვნახავთ, რომ უმუშევრობის დონეს ადგენს შრომის სტატისტიკის ბიურო, რომელიც ყოველწლიურად იძლევა მონაცემებს უმუშევრობისა და შრომის სხვა ასპექტების შესახებ, როგორებიცაა უმუშევრობის ტიპები და უმუშევრობის ხანგრძლივობა. მაჩვენებლების დათვლა ხდება შინამეურნეობის (ოჯახების) კვლევის გზით. გამოკითხვა მიმდინარეობს ყოველკვარტლურად, რომლის დროსაც ხორციელდება დაახლოებით, 3400 შინამეურნეობის 15 წლისა და უფროსი ასაკის წევრთა გამოკითხვა. გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით, შრომის სტატისტიკის ბიურო გამოკითხული ოჯახების თითოეულ ზრდასრულ წევრს სამ კატეგორიაში ათავსებს: დასაქმებული - ის პირები, რომლებმაც გასული კვირის დიდი ნაწილი სამსახურში გაატარეს; უმუშევარი - ის პირები, რომელთაც სცადეს მუშაობის დაწყება გასული ოთხი კვირის განმავლობაში, მაგრამ ვერ იშოვეს სამსახური; სამუშაო ძალას არამიკუთვნებულები-ის პირები, რომლებიც ამ ორიდან არცერთს არ ეკუთვნიან (სტუდენტები, დიასახლისები, პენსიონერები).

 


უმუშევრად ითვლება 15 წლისა და უფროსი ასაკის პირი, რომელიც არ მუშაობდა გამოკითხვის მომენტის წინა 7 დღის განმავლობაში და ეძებდა სამუშაოს ბოლო 4 კვირის განმავლობაში. მათ მიეკუთვნება სოფლის მეურნეობაში დასაქმებულები, რეპეტიტორები,საცალო ვაჭრობით დაკავებულები და ა.შ. თუ გამოკითხვის მომენტის წინა შვიდი დღის განმავლობაში ერთ საათს მაინც მუშაობდნენ, მეთოდოლოგიის თანახმად, დასაქმებულად ითვლებიან.

 

ზოგადად რომ ვთქვათ, საქართველოში დასაქმებულთა რაოდენობაში თვითდასაქმებულები ჭარბობს. სულ დასაქმებულთა რაოდენობა დაახლოებით 1,7 მილიონი ადამიანია, აქედან დაახლოებით 1 მილიონი თვითდასაქმებულია. სწორედ ამ მიზეზის გამო, მოსახლების დიდი ნაწილი არ თვლის თავს დასაქმებულად და სოციოლოგიურ გამოკითხვებში პასუხობს, რომ უმუშევარია.

 

ოფიციალური მეთოდოლოგიით 1,7მილიონი ადამიანია დასაქმებული, აქედან 246 ათასი უმუშევარია. თუ განვიხილავთ შიდა ბაზარზე სამუშაოს მაძიებელთა რიცხვს, დავასკვნით, რომ სამსახურს ეძებს არა მხოლოდ 246 ათასი კაცი, არამედ თვითდასაქმებულთა უმეტესობაც. ეს იმას ნიშნავს, რომ, როცა საქართველოში ჩნდება სამუშაო ადგილები, არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ამ ადგილებს უმუშევრები დაიკავებენ, ალბათობა დიდია, რომ თვითდასაქმებულებმა დაიკავონ. დღევანდელი გადმოსახედიდან, საქართველოს დასაქმებულთა უდიდეს ნაწილს შეადგენენ თვითდასაქმებული ადამიანები, რომელთა 59% სოფლის მეურნეობაშია, ეს კი მშპ-ს 8%-ია.

 

სტრუქტურული უმუშევრობა

 

დროთა განმავლობაში სამომხმარებლო მოთხოვნის სტრუქტურასა და ტექნოლოგიაში ხდება ცვლილებები, რომლებიც, თავის მხრივ, ცვლიან სამუშაო ძალაზე ერთობლივი მოთხოვნის სტრუქტურას. ასეთი ცვლილებების შედეგად, ზოგიერთ პროფესიაზე (რომლებიც ადრე არ არსებობდა) მოთხოვნა იზრდება. მოცემულ შემთხვევაში უმუშევრობა წარმოიშობა იმიტომ, რომ სამუშაო ძალა სრულად ვერ პასუხობს ახალ ცვლილებებს სამუშაო ადგილების სტრუქტურაში.

 

თავისთავად, ფინანსების ხელმისაწვდომობა საქართველოში ბიზნესის კეთებისთვის მთავარ შემაფერხებელ ფაქტორს არ წარმოადგენს. თუმცა, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ბანკების მიერ ბიზნეს სექტორის დაკრედიტების ამორფული სისტემა. მაგალითად, თუ ბანკების მიერ გაცემულ სესხებს დავაკვირდებით, მთელი სესხების დაახლოებით 60% კონცენტრირებულია სავაჭრო სექტორში, რომელიც არ არის ფორმალური დასაქმების მთავარი წყარო მაშინ, როდესაც ყველაზე დიდი დამსაქმებელი „ინდუსტრია" მთელი სესხების მხოლოდ 20%-მდე ღებულობს.

 

სტრუქტურული უმუშევრობის ძირითადი გამომწვევი მიზეზი მუშახელის უნარ-ჩვევების შეუსაბამობით ბაზარზე არსებულ სამუშაოსთან. ეს განსაკუთრებით ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს ეხება, სადაც ფასეულობების გადასინჯვა მოხდა და საბჭოთა განათლების მქონე სამუშაო ძალის უნარ-ჩვევები "არასათანადო" აღმოჩნდა.
არასათანადოდ განათლებული სამუშაო ძალა მხოლოდ უფროს თაობებს არ მოიცავს. მიუხედავად იმისა, რომ განათლების რეფორმები ხორციელდება, განათლების სისტემა კვლავ არაეფექტიანია ისეთი მომავალი ლიდერების აღზრდაში, რომლებსაც თანამედროვე საბაზრო მოთხოვნების შესაბამისი უნარ-ჩვევები ექნებათ განვითარებული.

 

დამოუკიდებლობის 25 წლის განმავლობაში სახელმწიფოს სტრუქტურული უმუშევრობის წინააღმდეგ არც ერთი ძლიერი რეფორმისტული ნაბიჯი არ გადაუდგამს არც განათლების და არც შრომითი ურთიერთობის სფეროში. ყველა რეფორმა და ინიციატივა, იქნებოდა ეს დასაქმების სააგენტოს შექმნა, ზოგადი უნარ-ჩვევებისა და სხვა სტანდარტიზებული მეთოდების შემოტანა საგანმანათლებლო სივრცეში თუ სოციალურად დაუცველებისათვის სხვადასხვა შეღავათი, წარმოადგენდა არა გრძელვადიან შედეგებზე გათვლილ სოციალურად ორიენტირებულ პოლიტიკას, არამედ მოკლევადიან შედეგებზე გათვლილ, ფასადურ ანტისოციალურ მიზნობრივ პოლიტიკას, სადაც სახელმწიფო მხოლოდ მათ ეხმარება, ვისაც თავად მიანიჭებს ძალიან გაჭირვებულის ოფიციალურ სტატუსს და დანარჩენ მოსახლეობას ტოვებს ოჯახისა და ბაზრის იმედზე.

 

რაც შეეხება უმუშევრობის წარმოქმნის მიზეზებს, ცხადია, ეს ფაქტორები განსხვავებულია. ერთ-ერთი მიზეზია ფრაქციული უმუშევრობა, მომენტი, როცა ადამიანებს სჭირდებათ დრო სასურველი სამუშაოს საპოვნელად. მეორე მიზეზი არის სტრუქტურული უმუშევრობა, როდესაც ბაზარზე არსებობს მცირე სამუშაო ადგილი და მეტი დასაქმების მსურველია. (ჩვენი ქვეყნის ეკონიმიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, სურვილი დასაქმებაზე, ანუ მოთხოვნა მეტია, ხოლო მიწოდება ნაკლები) მესამე მიზეზი არის პროფკავშირთა საბაზრო ძალაუფლება. პროფკავშირები ხელფასებს წონასწორულ დონეზე მაღლა სწევენ და შრომის ჭარბი მიწოდება ხდება. საბოლოოდ, შეგვიძლია შევაჯამოთ და ვთქვათ, რომ უმუშევრობა არის ფაქტორთა არასწორი კომუნიკაცია.

 

 

 

 



ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა
access_time2020-07-04 13:00:42
კორონავირუსის გამო შემოღებული 3 თვიანი კარანტინი აშშ-ში უძრავი...

გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს დაკეტავენ

გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს დაკეტავენ
access_time2020-07-04 11:30:07
გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს...

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი
access_time2020-07-03 16:30:44
„კომერსანტი“ გთავაზობთ ინტერვიუს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ს გენერალურ დირექტორ ზურაბ შავლაყაძესთან -რა კვადრატულობის საოფისე ფართების ქირავნობა არის შესაძლებელი სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ში? -“ქარვასლა’’-ში მეორე...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-03 21:30:18
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.თუ ღვინო ყურძნისგან გაკეთდება და ხარისხის პრობლემა მოგვარდება, რთველის სუბსიდირება საჭირო აღარ იქნება - ირაკლი იაშვილი კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“...

როგორ შეიცვალა უძრავი ქონების ბაზარი ბათუმში - Cushman & Wakefield-ის კვლევა

როგორ შეიცვალა უძრავი ქონების ბაზარი ბათუმში - Cushman & Wakefield-ის კვლევა
access_time2020-07-04 10:00:40
მაისში ბათუმში საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 75%-ით შემცირდა - ამის შესხებ აღნიშნულია უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია Cushman & Wakefield-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშში. როგორ კვლევაშია აღნიშნული, COVID-19-ის მიერ გამოწვეულმა სირთულეებმა ბათუმის საცხოვრებელ ბაზარზე მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა იქონია. ამას დაემატა ტურისტული ნაკადის მკვეთრი შემცირება, რაც ბათუმის აპარტამენტების გაყიდვების ყველაზე დიდ შემოსავალს...


მსგავსი სიახლეები

up