"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში" პროკურატურა შევიდა. როგორც "აქცენტისთვის" გახდა ცნობილი, უწყებიდან ამოღებულია დიდი ოდენობით დოკუმენტები, რომლებსაც პროკურატურის მიერ გამოყოფილი სპეციალური ჯგუფი სწავლობს.
"ბევრი დარღვევაა: მაგალითად, ვადებში დაუსრულებელი პროექტები, რაც შემდგომ ჯარიმებს განაპირობებს. ასევე, დონორებთან წარმოქმნილი პრობლემები. ყველაფერ ამას ახლა პროკურატურა სწავლობს" - უყვება "აქცენტს" ინფორმირებული წყარო "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემიდან" და დასძენს, რომ პროკურატურა კომპანიაში სასამართლოს განჩინების საფუძველზე შევიდა.
"აქცენტი" ინფრომაციის გადამოწმებას საქართველოს პროკურატურასა და „სახელმწიფო ელექტროსისტემის“ პრეს–სამსახურებთან შეეცადა, თუმცა გვიპასუხეს, რომ ინფორმაციას არ ფლობენ, გადამოწმების შემდგომ კი თავად შეგვეხმიანებიან.
"აქცენტს" საქართელოს პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ უწყებაში პროკურატურამ კვლევა დაახლოებით ერთი თვის წინ, მათივე მიმართვის საფუძელზე დაიწყო.
ცნობისთვის: სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორია: ეწევა ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სისტემის საერთო კოორდინაციას და ელექტროენერგიის მოთხოვნა-მიწოდების დაბალანსებას. კომპანია, ასევე, მართავს მეზობელ სახელმწიფოებთან ელექტროენერგიის გაცვლის პროცესს და თანამშრომლობს მათი გადამცემი სისტემების ოპერატორებთან. სსე, როგორც დისპეტჩერიზაციის ერთადერთი ლიცენზიანტი, პასუხისმგებელია, რეალურ დროში, ელექტროენერგიის მოთხოვნა-მიწოდების დაბალანსებასა და ელექტროენერგიის საიმედო მიწოდებაზე. დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად, სსე ახორციელებს სასისტემო მნიშვნელობის ელექტროგადამცემი ხაზების და ქვესადგურების ცალკეული ელემენტების გამორთვას და საჭიროების შემთხვევაში, ელექტროენერგიის მიწოდების დროებით შეზღუდვას. ამზადებს რელეური დაცვის სქემებს და აანალიზებს ქსელში მომხდარ ავარიებს. სსე-ს ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი კოორდინაციას უწევს ელექტროენერგეტიკული ბაზრის მონაწილეების საქმიანობას. ასევე, მართავს გადამცემ ქსელს სტანდარტულ და ავარიულ სიტუაციებში.
accentnews.ge