საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცენტრალური ოფისის მშენებლობა თბილისში ფაღავას 6 ნომერში10 მარტიდან დაიწყება.
იმის გამო, რომ სახალხო დამცველის აპარატი დღემდე დაქირავებულ ფართში მუშაობს, იჯარა კი 34 000 ლარია, მათ კუთვნილებაში მიწა გადაეცათ და შენობის ასაშენებლად ტენდერი გამოცხადდა.
ტენდერში ორი კომპანია შპს. „თბილქალაქპროექტი-სტუდია 3“ და „ჯორჯიანჰაუს“ იღებდნენ მონაწილეობას, სადაც შპს. „ჯორჯიანჰაუსმა“ გაიმარჯვა.
საჯარო ინფორმაციის თანახმად, შესყიდვები 2019 წლის 30 დეკემბერს გამოცხადდა, წინადადების მიღება 2020 წლის 14 იანვარს დაიწყო და 17 იანვარს დასრულდა.
რაც შეეხება ხელშეკრულებას სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, სახალხო დამცველის აპარატსა და შპს. „ჯორჯიანჰაუსს“ შორის 10 თებერვალს გაფორმდა. მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულება 215 000 ლარია.
ხელშეკრულების ღირებულება ყველა ხარჯსა და მოსაკრებელს მოიცავს, რომელიც ამავე ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული.
„კომერსანტი“ ტენდერში გამარკვებული კომპანიის შპს. „ჯორჯიანჰაუსის“ დირექტორს თორნიკე დვალს დაუკავშირდა, რომელმაც არსებული ინფორმაცია დაადასტურა და აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის თბილისის ოფისი, რომლის საერთო ფართი 3500-4000 კვ.მ იქნება, უნდა პასუხობდეს, ხუთი მაღალი რგოლის მენეჯერის, 23 საშუალო რგოლის მენეჯერის და სხვა 100-120 შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის საჭიროებებს.
თორნიკე დვალი იმასაც განმარტავს, რომ ხელშეკრულების პირობებით, მომწოდებელს უნდა ჰყავდეს გამოცდილი სპეციალისტებით დაკომპლექტებული გუნდი. არქიტექტორი, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილებით; ხელმძღვანელის მოადგილე - არქიტექტორი, მუშაობის 5 წლის გამოცდილებით; ინჟინერ-კონსტრუქტორი მუშაობის 10 წლის გამოცდილებით; ელექტროობის სპეციალისტი - სპეციალობით მუშაობის 8 წლის გამოცდილებით; სუსტი დენების სპეციალისტი -მუშაობის 8 წლის გამოცდილებით“-აღნიშნა დვალმა და განმარტა, რომ შპს. „ჯორჯიანჰაუსის“ გუნდა ყველა ჩამოთვლილ კრიტერიუმს აკმაყოფილებს.
ცნობისთვის,საქართველოს სახალხო დამცველის — საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი ინსტიტუტის, რომელიც ზედამხედველობას უწევს საქართველოში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას , აპარატის ოფისი დავით აღმაშენებლის გამზირზე 150-ში მდებარეობს.